ახალი ამბები

გიორგი რუხაძის განცხადებით, ბურჭულაძის ბლოკში შემავალ პარტიებს ივანიშვილი აფინანსებს

13 სექტემბერი, 2016 • 1438
გიორგი რუხაძის განცხადებით, ბურჭულაძის ბლოკში შემავალ პარტიებს ივანიშვილი აფინანსებს

მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” ყოფილი წევრი გიორგი რუხაძე აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ გაერთიანებაში შემავალ პარტიებს ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. რუხაძემ ბურჭულაძის პარტიიის დატოვების შესახებ საგანგებო განცხადება დღეს გააკეთა.

გიორგი რუხაძის განცხადებით, დღეს პაატა ბურჭულაძე უბრალოდ ფასადია პოლიტიკური გაერთიანებისთვის და პროცესებს პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე მართავენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.

გიორგი რუხაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და პაატა ბურჭულაძე, როგორც პოლიტიკოსი, გაანადგურა.

“გულწრფელად მენანება, რომ პაატა ბურჭულაძემ ვერ უერთგულა იმ იდეას, რომლის გარშემოც ჩვენ გავერთიანდით; ვერ გაუძლო ფინანსურ ზეწოლას; ვერ გაუძლო ხელისუფლების პოლიტიკურ წნეხს; ვერ დაიცვა ვერც საკუთარი გუნდი – ვერც საკუთარი იდეა და ვერც საკუთარი ამომრჩეველი. სამწუხაროდ, ის გახდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალი,” – განაცხადა რუხაძემ.

გიორგი რუხაძე აცხადებს, რომ მისთვის ნათელია, როგორ ან ვისი ხელდასმით შეიძლება ჰქონდეთ “გირჩს” ან “ახალ საქართველოს” ის თანხები, რომლითაც პარტიის მრავალმილიონი დავალიანებების დაფარვას შეძლებენ. რუხაძე ამით დაინტერესებას პაატა ბურჭულაძესაც ურჩევს.

“ეს ყველაფერი შეგიძლიათ ჰკითხოთ პაატა ბურჭულაძეს, შეგიძლიათ ჰკითხოთ იმ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც წარმოდგენილი არიან ბლოკში. უბრალოდ, თქვენ მითხარით, ათობით მილიონი ლარი ვისი ხელდასმით შეიძლება იყოს ჩადებული ამ მოძრაობაში. რეალურად, პოლიტიკური თვალსაზრისით, მხოლოდ სამი ფული არსებობს საქართველოში: პირველი, ეს არის ივანიშვილის ფული და აუცილებელი არ არის, რომ პირდაპირ მისი ჯიბიდან მოდიოდეს. მეორე, ეს არის მიხეილ სააკაშვილის და გარემოცვის ფული. მესამე, ეს არის რუსული ფული. თქვენ დაინახეთ აქედან, თუ ვის ინტერესებში შეიძლება იყოს ამ მოძრაობაში ფულის ჩადება,” – აცხადებს რუხაძე.

ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძე და მისი გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს ატარებს და არის ენმ–ის სატელიტი პოლიტიკური პარტია. ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძემ გვერდში დადგომის სანაცვლოდ დიდი რაოდენობის ფული მოსთხოვა, რაზეც ყოფილი პერმიერი არ დათანხმდა. ამის შესახებ გიორგი რუხაძე აცხადებს, რომ ივანიშვილმა საკუთარ ამოცანას უკვე მიაღწია და როგორც კატა თაგვს, ისე ეთამაშება ყოფილი პრემიერი ბურჭულაძის პოლიტიკურ ბლოკს.

“ივანიშვილმა რეალურად მოახერხა და გაანადგურა პაატა ბურჭულაძე, როგორც პოლიტიკოსი. პაატა ბურჭულაძე დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობდა თავიდან და მოგვიანებითაც. ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და მას ყველა ფინანსური არხი ჩაუკეტა. შემდეგ უკვე გაუხსნა ახალი არხი “გირჩისა” და ვაშაძე “ახალი საქართველოს” მეშვეობით. ამით მან პაატა ბურჭულაძე, როგორც პოლიტიკოსი, გაანადგურა. როგორც იცით, ბიძინა ივანიშვილს ჭორაობა უყვარს და ხან რას ამბობს, ხან – რას. მას დღეს უკვე აღარ აინტერესებს ეს ყველაფერი და უბრალოდ ფიქრობს, უღირს თუ არა, რომ ამ გაერთიანებამ გადალახოს თუ არ გადალახოს. შემდეგ ამ ყველაფერს, როგორც კატა თაგვს ეთამაშება, დაახლოებით ასე ეთამაშება ივანიშვილი ამ მოძრაობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პარტიის დატოვება ადრეც შემეძლო. უბრალოდ, მე უპასუხისმგებლო ნაბიჯებს  არ ვდგამ და სანამ ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ რაღაც არ არის რიგზე, მანამდე გადაწყვეტილებას არ ვიღებ. შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდი, რომ ბოლომდე გამერკვია ყველაფერი. დღეს მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოძრაობა პაატა ბურჭულაძეს აღარ ეკუთვნის,” – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკის პარტიული სიაში გიორგი რუხაძე არ იყო დასახელებული. მან ადრე ნეტგაზეთს განუმარტა, რომ პარტიის საარჩევნო სიაში საკუთარი სურვილით არ დაასახელეს. მისი თქმით, პიროვნული პოზიციებიდან გამომდინარე თქვა უარი, ყოფილიყო პარტიის პროპორციულ სიაში. კითხვას, თუ სიის რომელ ნომრად ასახელებდნენ მას საარჩევნო სიაში, რუხაძე არ პასუხობს და აცხადებს, რომ ამის შესახებ თვითონ პაატა ბურჭულაძემ უნდა ილაპარაკოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი