ახალი ამბები

“ეს აღარ არის პაატა ბურჭულაძის პარტია” – გიორგი რუხაძემ პოლიტიკური ბლოკი დატოვა

13 სექტემბერი, 2016 • 2427
“ეს აღარ არის პაატა ბურჭულაძის პარტია” – გიორგი რუხაძემ პოლიტიკური ბლოკი დატოვა

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ბლოკი „სახელმწიფო ხალხისთვის“ გიორგი რუხაძემ დატოვა. ამის შესახებ საგანგებო განცხადება პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა დღეს გააკეთა.

“ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ ეს არის სამწუხარო რეალობა: მე ვტობვებ პაატა ბურჭულაძის პარტიას. ვტოვებ იმიტომ, რომ ეს აღარ არის პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანება. ეს აღარ არის ის პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ჩვენ დღემდე ერთად ვაშენეთ და რომლის ამოცანაც იყო ახალი თაობის, ახალი სახეების პოლიტიკაში მოყვანა. ეს აღარ არის ალტერნატიული ძალა არც ქართული ოცნების და არც ნაციონალური მოძრაობის,” – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

რუხაძე ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძეს სიის შედგენაშიც კი არ მიუღია მონაწილეობა. მისი თქმით, ამ პოლიტიკურ გაერთიანებას პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე მართავენ, რომლებიც “გირჩის” დამფუძნებელი არიან. როგორც რუხაძე აცხადებს, ბლოკში შემავალ პარტიებს ივანიშვილი აფინანსებს:

“ეს აღარ არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის ლიდერიც იყო პაატა ბურჭულაძე. ჩემდა სამწუხაროდ, დღეს ეს უკვე არის ძალა, რომელსაც მართავს პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე, რომელიც ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს.”

ვაშაძის “ახალი საქართველო” და “გირჩი”, ისე როგორც ახალი მემარჯვენეები, ბურჭულაძესთან საარჩევნო ბლოკში რამდენიმე კვირის წინ გაერთიანდნენ.

გიორგი რუხაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და პაატა ბურჭულაძე, როგორც პოლიტიკოსი, გაანადგურა. მისი თქმით, პოლიტიკური გაერთიანების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია სპონტანურად:

“ბოლო წუთამდე ვიბრძოდი იმისთვის, რომ პარტია შეგვენარჩუნებინა. გუშინ ღამე შევხვდი პაატა ბურჭულაძეს უკვე მეორედ და მან ერთი მიზეზიც ვერ დამისახელა იმისთვის, თუ რატომ უნდა დავრჩენილიყავი პარტიაში. მეტიც, მან მე ვერ დამარწმუნა, რომ ეს პარტია კვლავაც ჩვენ გვეკუთნის. სამწუხაროდ, პაატა ბურჭულაძე ამ გაერთანებაში აღარაფერს წყვეტს. მას არც სიის ფორმირებაში მიუღია მონაწილეობა; გაერიდა პროცესს და აშშ–დან წაიკითხა პავლე კუბლაშვილის მიწოდებული სია. სამწუხაროდ, პაატა ბურჭულაძემ დათმო პარტია, საკუთარი გუნდი და იდეა, რისთვისაც ერთად ვიბრძოდით,” – ამბობს რუხაძე.

რუხაძის თქმით, დღეს სამწუხარო რეალობაა ის, რომ პაატა ბურჭულაძის მოძრაობამ შეწყვიტა არსებობა და მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” აღარ არსებობს.

“ჩემთვის ცხადია, რომ დღეს პაატა ბურჭულაძე უბრალოდ ფასადია იმ გაერთიანებისთვის, რომელიც თუ ბარიერს გადალახავს, პარლამენტში გახდება “ქართული ოცნების” დამატება. ამის დასტურია საპარლამენტო სია, სადაც ათეულში დაინახავთ, რომ პაატა ბურჭულაძის გარდა, მისი გუნდის სახეები არის მხოლოდ ორი. ამის დასტურია ის, რომ პარტიული სიის მერვე ნომრად წარმოდგენილია გიორგი მელაძე, რომელიც წარმოდგენილია არა “გირჩის”, არამედ “სახელმწიფო ხალხისთვის” კვოტით. ამის დასტურია ის, რომ რატომღაც სუს–ი აღარ აქტიურობს ჩვენი პარტიული აქტივისტების წინააღმდეგ. ამის დასტურია ის მრავალმილიონი დავალიენაბა, რომლის გასასტუმრებლადაც თანხები გაჩნდა და ჯერაც არ არის გასტუმრებული. მე მინდა, პაატა ბურჭულაძეს დაუსვათ კითხვა, როგორ შეიძლება ან ვისი ხელდასმით შეიძლება ჰქონდეთ “გირჩს” ან “ახალ საქართველოს” ეს თანხები. მე მგონი, აქ პასუხი ნათელია. გულწრფელად მენანება, რომ პაატა ბურჭულაძემ ვერ უერთგულა იმ იდეას, რომლის გარშემოც ჩვენ გავერთიანდით; ვერ გაუძლო ფინანსურ ზეწოლას, ვერ გაუძლო ხელისუფლების პოლიტიკურ წნეხს, ვერ დაიცვა ვერც საკუთარი გუნდი, ვერც საკუთარი იდეა, ვერც საკუთარი ამომრჩეველი. სამწუხაროდ, ის გახდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალი,” – აცხადებს გიორგი რუხაძე.

როგორც გიორგი რუხაძე აცხადებს, პოლიტიკური გაერთიანების დატოვების მიუხედავად, ძალიან აქტიურად გააგრძელებს საქმიანობას საჯარო სივრცეში: “ვუერთგულებ იმ იდეებს, რომლისთვისაც ვიბრძოდი ამდენი ხნის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ მე, ჩემი მეგობრები და თანამოაზრეები მოვახერხებთ იმ იდეების განხორციელებას, რისთვისაც ვიბრძოდით.”

გიორგი რუხაძის განცხადებით, პაატა ბურჭულაძეს უამრავი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და იმედოვნებს, რომ საზოგადოებას ეტყვის, თუ რა იყო მისი პოლიტიკური მიზნები:

“მას აქამდეც ბევრი კარგი საქმე უკეთბია და აქვს შანსი, რომ მომავალშიც ბევრი კარგი საქმე გააკეთოს საზოგადოებისთვის. ამისათვის საჭიროა, რომ ღირსეული ნაბიჯი გადადგას: იმედს ვიტოვებ, რომ პაატა ბურჭულაძეს ეყოფა სიბრძნე და გამბედაობა იმისთვის, რომ პირდაპირ უთხრას საზოგადოებას/საქართველოს, თუ რა გარიგება იყო ეს, რასთან გვაქვს საქმე და რა არის მისი პოლიტიკური მიზნები/მომავალი. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ იცოდეს სიმართლე და ის აუცილებლად გაიგებს ამ სიმართლეს.”

პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკის პარტიული სიაში გიორგი რუხაძე არ იყო დასახელებული. მან ადრე ნეტგაზეთს განუმარტა, რომ პარტიის საარჩევნო სიაში მისივე სურვილით არ დაასახელეს. მისი თქმით, პიროვნული პოზიციებიდან გამომდინარე თქვა უარი, ყოფილიყო პარტიის პროპორციულ სიაში. კითხვას, თუ სიის რომელ ნომრად ასახელებდნენ მას საარჩევნო სიაში, რუხაძე არ პასუხობს და აცხადებს, რომ ამის შესახებ თვითონ პაატა ბურჭულაძემ უნდა ილაპარაკოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი