ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დაუცველი კულტურული ძეგლები აფხაზეთში [ვიდეო]

13 სექტემბერი, 2016 • 24532
დაუცველი კულტურული ძეგლები აფხაზეთში [ვიდეო]

აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების იუნესკოს ნუსხაში შეტანისა და ამ საკითხზე ქართულ მხარესთან კომპრომისის აუცილებლობაზე საუბრობენ.

იმის მიუხედავად, რომ UNESCO [გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია] არ განიხილავს არაღიარებული ქვეყნების ტერიტორიებზე არსებულ ობიექტებს, აფხაზეთის რესპუბლიკაში იმედოვნებენ, რომ ეკლესიები, რომლებიც ადრეულ ქრისტიანულ პერიოდს მიეკუთვნება და 90-იანი წლების აფხაზეთის ომსაც კი გადაურჩა, UNESCO-ს [იუნესკო] ყურადღებას იმსახურებს.

პირველ რიგში, საუბარია აფხაზეთში, გუდაუთაში მდებარე ლიხნის ეკლესიაზე, რომლის უნიკალურობაზე ისტორიკოსები არ დავობენ. თუმცა მკვლევრები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან, რომელ პერიოდს მიეკუთვნება კულტურული ძეგლი. მისი არქიტექტურული სტილი მე-15 საუკუნეზე მეტყველებს, თუმცა ხელნაწერები და მოხატულობა უფრო ადრეულ ეპოქაზე მიუთითებს.

აფხაზეთში მცხოვრები ისტორიკოსი, რეზო კაცია ამბობს, რომ ლიხნის ეკლესია მე-15 საუკუნეზე ბევრად ადრეა აშენებული.

აქ მსახურება პრაქტიკულად არასდროს შეწყვეტილა, მათ შორის ქრისტიანობისა და ზოგადად, აფხაზეთისთვის მძიმე წლებშიც კი.

“ტაძარი, პირველ რიგში, იმით არის საინტერესო, რომ პირველადი სახით არის შემორჩენილი. არ არის დაზიანებული რვაკუთხა გუმბათი, მოხატულობა. ეკლესიის გადახურვაც კი ადრეულია. ლიხნის ეკლესიის მსგავსი მსოფლოში სულ რამდენიმეა, მათ შორის საქართველოში – ყვარელში, მაგრამ ის მე-19 საუკუნეს მიეკუთვნება, ალბათ, უბრალოდ, კოპირებულია”.

ბოლო წლებში ეკლესიის ეზოში, რომელიც ასევე ადრეულ ეპოქაშია ქვით შემოღობილი, ახალი შენობების აშენება დაიწყეს. გარდა ამისა, ეკლესიის სახურავზე დამატებითი კონსტრუქციები ააგეს, რამაც მას ისტორიული ღირებულება დაუკარგა.

“ეს სარკოფაგი იმისთვის გააკეთეს, რომ ეკლესია სტიქიას არ დაეზიანებინა. მაგრამ ეს აფუჭებს მის იერსახეს”, – ამბობს კაცია.

გარდა ამისა, რეზო კაციას თქმით, აფხაზეთში არ მოიძებნებიან სპეციალისტები, რომლებიც ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოებს ჩაატარებენ.

“ის ალბათ ბიზანტიურ ეპოქას განეკუთვნება და ამ მხრივ დახმარებაც სწორედ დასავლეთს და დასავლელ სპეციალისტებს უნდა ვთხოვოთ. იუნესკოს დახმარება დროული იქნებოდა. თუ მსოფლიო ორგანიზაცია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესდება, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი მშენებლობების მოშორებასაც შევძლებთ, რომელიც ამახინჯებს ლანდშაფტს”.

კაციას თქმით, დღეს აფხაზეთში არა მხოლოდ ლიხნის ეკლესია იმსახურებს იუნესკოს ყურადღებას, ასევე , მოგვის, ილორისა და აბუ ბედიის ეკლესიები.

“იუნესკოს პოლიტიკა არ იძლევა საშუალებას, განიხილოს კულტურული ობიექტები მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაში ჩასართავად, თუკი ისინი არაღიარებული სახელმწიფოების ტერიტორიებზე მდებარეობს”, – ამის შესახებ აფხაზეთის რესპუბლიკის კულტურისა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მინისტრის მოადგილემ, ბატალ კობახიამ აფხაზურ მედიასთან საუბარში განაცხადა. კობახია ამბობს, რომ ასზე მეტი კულტურული ობიექტია აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში სურთ შეიტანონ და ეს საკითხი ჟენევის დისკუსიების დროსაც, 2008 წლის შემდეგ განიხილება.

“ისინი განიხილავდნენ ბედიის მონასტერს, მონასტერს მოქვში და ლიხნის მონასტერს, მაგრამ ლიხნის მონასტრის ჩართვას ამ ნუსხაში უკვე ვეღარ შევძლებთ, ვინაიდან იუნესკოსთვის უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე. თუ სახელმწიფო საკუთარ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს უვლის, მხოლოდ მაშინ განიხილავს იუნესკო. ლიხნის ტაძარში კი თვითნებურად დაიწყეს ეკლესიისთვის შენობა-ნაგებობების აშენება. მთლიანად დაარღვიეს ამ სივრცის კომპოზიცია, რომელშიც ფორმირდებოდა ტაძარი. იუნესკო ასეთ ობიექტებს არ განიხილავს”, – ამბობს კობახია.

კითხვაზე, პირველ რიგში, რა უშლის ხელს UNESCO-ს, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ძეგლები თავისი ნუსხაში შეიტანოს, მისი პოლიტიკა, თუ საქართველოს მხრიდან ზეწოლა, ისტორიკოსი რეზო კაცია გვპასუხობს:

“რთული სათქმელია, შესაძლოა, აქ ჩვენი ქართველი ოპონენტები თამაშობენ თავიანთ როლს. მათ არაერთხელ განუცხადებიათ, რომ აფხაზეთში ტაძრები ცუდად არის დაცული და ვანდალურად ეპყროპიან. მაგრამ თუ ობიექტუად შევაფასებთ, ეს ასე არ არის. მაგალითად, აბუ ბედიის ეკლესიაში ბარბაროსული წარწერები გვხვდება უძველეს ხელნაწერებზე და ისინი ქართულ ენაზეა, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში, ომამდე გაკეთებული. მაგრამ სანამ ჩვენ ერთმანეთს ვადანაშაულებთ, ძეგლები ნადგურდება. ამ საკითხში, ვფიქრობ, კომპრომისზე წასვლა აუცილებელია”.

UNESCO-ს ინტერესი აფხაზეთის კულტურული ძეგლების მიმართ, შესაძლოა, ერთადერთი გზა იყოს მათ გადასარჩენად.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი