ახალი ამბები

TI: თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები კვლავ უზუსტობებს შეიცავს

12 სექტემბერი, 2016 • 2927
TI: თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები კვლავ უზუსტობებს შეიცავს

საერთაშორისო გაჭვირვალობა – საქართველოს განცხადებით, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები კვლავ უზუსტობებს შეიცავს. TI-ის ცნობით, 2015-2016 წლების დეკლარაციების ნაწილის ანალიზით, დარღვევებს კვლავაც ვხვდებით ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დონეებზე.

აღმასრულებელი ხელისუფლება

Transparency–ის ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დღემდე დირექტორის პოზიციას იკავებს შპს “კრეს GMBH ავტო ჰაუსში”, რომელიც 2006 წლის 28 მარტსაა რეგისტრირებული: “კომპანიის მთავარ საქმიანობად ავტონაწილებითა და ავტომობილებით ვაჭრობაა მითითებული. გარდა იმისა, რომ მინისტრი კომპანიაში ამ დრომდე ინარჩუნებს დირექტორის პოსტს, შპს “კრეს GMBH ავტო ჰაუსი” ასევე არ არის შეტანილი ტარიელ ხეჩიკაშვილის 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში.”

ორგანიზაციის ცნობით, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბურჭულაძის 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში არ არის მითითებული, რომ მისი მეუღლე მაია შიშნიაშვილი 16 % წილს ფლობს შპს “ფარმაკონში”.

TI-ის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის მეუღლე ავთანდილ ცქვიტინიძე აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწევა: “ცქვიტინიძის სახელზე მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში, აღრიცხულ საწარმოთაგან, ხათუნა თოთლაძის ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ შპს ავთანდილ ცქვიტინიძე ფიქსირდება. თუმცა დეკლარირებული არ არის შპს ავთანდილი და შპს ჯ-მანია, რომელთა 100% წილის მფლობელიც აგრეთვე ავთანდილ ცქვიტინიძეა.”

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ქეთევან ბაკარაძის 2016 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის მეუღლე აკაკი ჩარგეიშვილი შპს “აკაკი ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის” პარტნიორი და შპს “ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის” დირექტორია: “მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის მიხედვით კი ბაკარაძის მეუღლე დირექტორის სტატუსის გარდა შპს “ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის” 100%-იანი წილის მფლობელიცაა. მისსავე საკუთრებაშია შპს “ოლლ პეი” (100%-იანი წილი, დირექტორი), შპს “ჩარგეიშვილი და კომპანია” (50%-იანი წილი, დირექტორი), შპს “ვაითმედ” (15%-იანი წილი, დირექტორი), და შპს “ჯი ბი ეს” (მეწილე), თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ქეთევან ბაკარაძეს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.”

Transparency–ის განცხადებით, 2016 წლის ქონებრივ დეკლარაციაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილის, კახაბერ რუსიას მიერ მითითებული ინფორმაციის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილის მეუღლე ლელა არზიანი შპს “ნიას” დირექტორია, შვილი რომანი რუსია კი შპს “ეას” დირექტორის პოსტს იკავებს:

“თუმცა მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის მიხედვით რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილეს სრულად არც თავისი და არც ოჯახის წევრების მფლობელობაში მყოფი ქონება არ აქვს დეკლარირებული. რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ ლელა არზიანი შპს ნია-ს არა მხოლოდ დირექტორი, არამედ 100 % წილის მესაკუთრეცაა. ის აგრეთვე ფლობს შპს “ავტოსადგურის” 4%-იან წილს და პარალელურად იკავებს დირექტორის თანამდებობას შპს “რუმოში”. აღსანიშნავია, რომ შპს “რუმოს” 50%-იან წილს თავად კახაბერ რუსია ფლობს, თუმცა ამის შესახებ მის ქონებრივ დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი. კახაბერ რუსიას ასევე არ აქვს დეკლარირებული, რომ ის და მისი შვილი რომან რუსია 37 % და 7 % წილებს ფლობენ შპს “მუნოზოჯშიც”. შპს “რუსი” კი კახაბერ რუსიას 100%-იან მფლობელობაშია.”

პარლამენტის წევრები

საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველოს ინფორმაციით, პარლამენტის წევრის, პაატა კიკნაველიძის ქონებრივ დეკლარაციაში მონაცემებს მისსა და მისი ძმის საკუთრებაში მყოფი ქონების შესახებ ვხვდებით. ორგანიზაციის ცნობით, პარლამენტის წევრს  რეესტრის მიხედვით პირადი ქონება სრულად აქვს დაფიქსირებული (რკ რკონის ხის მეურნეობა – მეპაიე; შპს მადლი – პარტნიორი), მაგრამ უზუსტობას ვხვდებით მისი ძმის, ანდრო კიკნაველიძის ქონების დეკლარირებაში. TI-ის განცხადებით, საჯარო რეესტრის მონაცემებით, პარლამენტარის ძმა 40%-იან წილს ფლობს შპს “ლაგში”, პარალელურად კი დირექტორის თანამდებობას იკავებს ამავე შპს-ში.

TI-ის ინფორმაციით, პარლამენტარ თამაზ ყაჭეიშვილის 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია, რომ დეპუტატი შპს “სამეგობროს” და შპს “ნუგოს” მეწილეა, მისი შვილი ირინა ყაჭეიშვილი კი, შპს “ხარისხსა” და შპს “ყაზბეგი-ნატალიშია” პარტნიორი: “თუმცა, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, თამაზ ყაჭეიშვილი 25% წილს ფლობს შპს “ხარისხში” და 19% წილს შპს “ყაზბეგი-ნატალიში”, რაც ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული არ არის. ასევე არაფერია ნათქვამი ირინა ყაჭეიშვილის კავშირზე შპს “ამარტა მედია ჯგუფთან”, რომელშიც ის  100%-იან წილს ფლობს.”

ადგილობრივი თვითმმართველობები

როგორც Transparency-ში აცხადებენ, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ნაბი აბდულაევის 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში  მხოლოდ ისაა მითითებული, რომ 1999-2014 წლებში ის ინდივიდუალურ მეწარმედ იყო რეგისტრირებული. ორგანიზაციის ცნობით, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის თანახმად კი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე 100% წილს ფლობს შპს “Ans Company-ში” და ამავე კომპანიის დირექტორის პოსტსაც იკავებს: “ამას გარდა, აბდულაევს დეკლარაციაში არ აქვს მითითებული  შპს “ნ.პ.ბ. გროუპის” 50%-იანი წილი და ამავე კომპანიის დირექტორობის სტატუსი. ამავე დროს მის კუთვნილებაშია შპს “ელ.პი.დი.ი. კოს” და  შპს “LPGE GEORGIA-ს” 5-5%-იანი წილები, შპს “B.H.E. Co-სა” და შპს “Trans World Group-ში” კი ნაბი აბდულაევის კუთვნილებაში  10 %-იანი და 50 % -იანი წილებია.”

TI-ის ცნობით, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ბექა ყანჩელს 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ ერთი კომპანია, შპს “აუდიტორული კომპანია GBR” აქვს მითითებული, თუმცა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ყანჩელს 30%-იანი წილი შპს “GRB”-შიც აქვს, რაც მისი ქონებრივი დეკლარაციის მიღმა დარჩა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ვარლამ შარაშენიძის ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება. დეკლარაციის სამეწარმეო საქმიანობის გრაფაში მხოლოდ ერთი კომპანია, სახელწოდებით “BOOK-KEEPER” არის მითითებული. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის მიხედვით კი გამგებლის მოადგილე აღნიშნული კომპანიის გარდა შპს “საქმიანი სასახლის” თანამფლობელია, სადაც მას 50%-იანი წილი ეკუთვნის.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ლომიძის 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია, რომ საკრებულოს თავმჯდომარე 2004-2015 წლებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით სარგებლობდა, მისი მეუღლე რუსუდან ბენდელიანი 2011-2015 წლებში ასევე ინდივიდუალური მეწარმე იყო: “დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ დავით ლომიძის შვილი მინდია ლომიძე შპს “დამის” 100% წილის მესაკუთრე და დირექტორია. თუმცა,  რეესტრის მონაცემების მიხედვით, დავით ლომიძის დეკლარაცია სრული არ არის, რადგან მინდია ლომიძის სახელზე შპს “დამის” გარდა შპს “მაგიტომის” 25%-იანი წილიცაა რეგისტრირებული, რაც დეკლარაციაში მითითებული არაა.”

TI-ის ინფორმაციით, ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს, მევლუდ ბერუაშვილს 2016 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ შპს  “ერედვისა” და  შპს “ლიახვი 2″-ის დირექტორის პოსტს იკავებს, თუმცა მეწარმეთა და არასამეწარეო იურიდიულ პირთა რეესტრით ირკვევა, რომ ბერუაშვილი აღნიშნულ შპს-ების მეწილეცაა, მათ შორის 33%-იან წილს ის “ლიახვი 2″-ში ფლობს, რის შესახებაც მის დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი.

ბათუმის მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილის ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება. Transparency-ის განცხადებით, დეკლარაციაში ასახულია მისი მამის, გაბრიელ მითაიშვილის საკუთრებაში მყოფი საწარმოები, თუმცა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ჩამოანათვალს აკლია შპს “პეგასი – 94” და შპს “ალთეი”, სადაც გაბრიელ მითაიშვილი 50%-იანი წილის მფლობელია.

ორგანიზაციის ცნობით, ქალაქ გორის მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში ასახულია გასულ წლებში გორის მერის  სამეწარმეო საქმიანობა, თუმცა არაფერია ნათქვამი შპს “უნივერსალი-2006”-ზე, სადაც, მეწარმეთა და არასამეწარეო იურიდიულ პირთა რეესტრის მიხედვით, 2006 წლიდან ჯირკველიშვილი 25%-იანი წილის მფლობელია.

TI-ის ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ილია ზაქარიაძეს 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში სრულად არ აქვს  მითითებული მისი მეუღლის, მარინა პეტრიაშვილის სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც შპს “დეილის” 5%, და შპს “ლინო კავკასიას” 50%-იანი წილის მფლობელია.

ვინაიდან დეკლარაციების არასრულად და არაზუსტად შევსება დაკავშირებულია კორუფციის რისკებთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს თანამდებობის პირებს, მეტი ყურადღება დაუთმონ ქონებრივი დეკლარაციების შევსებისას მონაცემების სიზუსტეს:

“აქვე აღვნიშნავთ, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი უნდა ამოქმედდეს. აღნიშნული კანონის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებული იქნება თანამდებობის პირების მიერ არასრულად შევსებული დეკლარაციების მონიტორინგი განახოციელოს.”

“საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად შეავსოს და წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რომელშიც აისახება ინფორმაცია თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების შემოსავლების, ქონების, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის და სხვა საკითხების შესახებ. გარდა ამსია, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ეკავოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელის, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოს წევრის პოსტი. ამავე კანონის თანახმად, საჯარო მოხელეს არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება და მას მხოლოდ აქციებისა და წილის ფლობა შეუძლია.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებით, თანამდებობის პირები კანონით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებებს ყოველთვის ზედმიწევნით არ ასრულებენ.  ხშირია შემთხვევები, როცა სხვადასხვა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლებს დეკლარაციებში არასრული ან არაზუსტი ინფორმაცია შეაქვთ, არ ასაჯაროებენ საკუთარ ბიზნესინტერესებსა და სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის შემთხვევებს, რაც კორუფციულ რისკებთან არის დაკავშირებული. ამავე დროს, TI აცხადებს, რომ არ არსებობს ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმების მექანიზმი, რაც ხელს უწყობს ამ მავნე პრაქტიკის შენარჩუნებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი