ახალი ამბებისაზოგადოება

რომის პაპი თბილისში ვიზიტის ფარგლებში მესხის სახელობის სტადიონზე წირვას აღავლენს

12 სექტემბერი, 2016 • 3104
რომის პაპი თბილისში ვიზიტის ფარგლებში მესხის სახელობის სტადიონზე წირვას აღავლენს

რომის პაპი თბილისს 30 სექტემბერს ეწვევა. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისა და ღონისძიებების  პროგრამა  ცნობილია.

პაპი ფრანცისკე თბილისის აეროპორტში 15:00 საათზე ჩამოფრინდება, სადაც მისალმებისა და ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში პაპს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. პაპი ფრანცისკე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება.

ვიზიტის პირველ დღეს პაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ, ილია მეორესთანაც გამართავს შეხვედრას, რომლის შემდეგაც რელიგიური პირები სპეციალურ სიტყვას წარმოთქვამენ.

ვიზიტის მეორე დღეს, 1 ოქტომბერს, 10 საათზე რომის პაპი მ. მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა წირვას აღავლენს. ქადაგებაზე დასწრება მოსაწვევის მქონე ყველა მსურველს შეეძლება. მოსაწვევების მიღება პაპის წირვაზე დასასწრებად კათოლიკურ ეკლესიაშია შესაძლებელი. ვიზიტის ფარგლებში რომის პაპი ფრანცისკე მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარსაც მოინახულებს, 2 ოქტომბერს კი ბაქოში გაემგზავრება.

ვიზიტის სრული განრიგი ასე გამოიყურება:

პარასკევი, 30 სექტემბერი, 2016

09:00  – გამომგზავრება რომიდან თბილისისაკენ / Fiumicino-ს საერთაშორისო აეროპორტი
15:00 – ჩამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში (დახვედრის ოფიციალური ცერემონია)
15:30 საქართველოს პრეზიდენტის,  გიორგი მარგველაშვილისა და  პაპი ფრანცისკეს შეხვედრა, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში.
16:00 – შეხვედრა ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში. (საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა, რომის პაპის მიმართვა).
16:40 –  საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის და რომის პაპის შეხვედრა, საქართველოს საპატრიარქოში (პატრიარქის მიმართვა, რომის პაპის მიმართვა).
18:00 – შეხვედრა ასირიულ-ქალდეურ საზოგადოებასთან, წმინდა სიმონ ბარ-საბას სახელობის ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესია (რომის პაპის ლოცვა).

შაბათი, 1 ოქტომბერი, 2016

10:00 – წმინდა მესა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი (რომის პაპის ქადაგება).
15:45 – შეხვედრა საქართველოში კათოლიკე, სასულიერო და საერო პირებთან, თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკური ეკლესია (რომის პაპის მიმართვა).
17:00 – საქველმოქმედო ტაძრის ბენეფიციარებთან და წარმომადგენლებთან შეხვედრა, კამილიელი მამების სახელობის ცენტრი (რომის პაპის მისალმება).
18:15 –  სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მონახულება, მცხეთაში (პატრიარქის მისალმება, რომის პაპის მისალმება)


კვირა, 2 ოქტომბერი, 2016

07:55 – დამშვიდობების ცერემონია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
08:10 – გამგზავრება ბაქოში

პაპი საქართველოს კავკასიური ტურნეს ფარგლებში ესტუმრება. პაპმა ფრანცისკემ უკვე მოინახულა სომხეთი, საქართველოს შემდეგ კი აზერბაიჯანში გაემგზავრება.

რომის პაპს მოწვევა საქართველოს პრეზიდენტმა, საპატრიარქომ და საქართველოში მოღვაწე კათოლიკურმა ეკლესიამ გაუგზავნა.

“უპირველეს ყოვლისარომის პაპის ვიზიტი საქართველოში უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ რელიგიური თვალსაზრისით, არამედ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, საქართველოში მოწვევა ასევე გადასცა საქართველოს პრეზიდენტმა გასულ წელს ვატიკანში ვიზიტისას”, – განაცხადა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ. 

ფხალაძე აცხადებს, რომ ვატიკანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კათოლიკურ სამყაროში საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და “ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი