ახალი ამბები

“ქართული ოცნება” ქუთაისის მერიის წინააღმდეგ სასამართლო დავას აგრძელებს

19 მაისი, 2012 • 1751
“ქართული ოცნება” ქუთაისის მერიის წინააღმდეგ სასამართლო დავას აგრძელებს

“ქართული ოცნება” ქუთაისის მერიის წინააღმდეგ სასამართლო დავას აგრძელებს

დღეს რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნატო ქათამაძემ სააპელაციო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს მიერ 8 მაისს გამოცხადებული დასკვნა გაასაჩვირა. ნატო ქათამაძის აზრით, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას თავისუფალი არ იყო პოლიტიკური ზეგავლენისგან, რის გამოც არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ორი მაისის ღამით განვითარებულ მოვლენებს.

„მოსამართლე გენადი მაკარიძის აზრით, არასაკმარისი მტკიცებულებები წარვადგინეთ, არადა, ჩვენ ფოტო-ვიდეო მასალები გვქონდა, სადაც კარგად ჩანს როგორ უსწორდებიან მერიის კეთილმოწყობის და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ქართული ოცნების წევრებს. ჩვენ მათ მივაწოდეთ კონკრეტული სახელ-გვარები, ავტომობილების ნომრები, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი მოთხოვნა და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო”, – ცხადებს ნატო ქათამაძე. მისივე თქმით, ისინი ყველანაირ სამართლებრივ ფორმას მიმართავენ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად:

„ჩვენ მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს, რათა ობიექტურად და სამართლიანად მოხდეს საქმის გამოძიება და ბათილად გამოცხადდეს საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილება. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ მომხდარი ფაქტები – აქციის დარბევად შეფასდეს, დანარჩენს უკვე პროკურატურა გააკეთებს. თუ სააპელაციო სასამართლოც არ დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას, მაშინ უზენაეს სასამართლოს მივმართავთ.“

გარდა სასამართლო დავისა, ქართული ოცნების ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები აპირებენ კვლავ განაგრძონ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და დიპლომატიური კორპუსისთვის ინფორმაციის მიწოდება ორი მაისის აქციაზე:

„ჩვენ დიდი იმედი არ გვაქვს, რომ სასამართლო პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდება. გარდა ამისა, გავაგრძელებთ საქართველოში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და დიპლომატიური კორპუსებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. ჩვენ უკვე შევხვდით შვეიცარიის ელჩსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურ მდივანს, ვაჩვენეთ ვიდეო ჩანაწერები, მოვუყევით ვინ მონაწილეობდა აქციის დარბევაში და ა.შ. ორივე მათგანმა ინფორმაციის გაცნობის შემდეგ აღნიშნა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს.“

ამ კონკრეტული საქმით, ასევე, დაინტერესდნენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლები, რომლებიც ხვალ, 19 მაისს ქუთაისში ჩავლენ და ქართული ოცნების ადგილობრივი წევრები მათ პირადად გააცნობენ საქმეში არსებულ ვიდეო და ფოტო მტკიცებულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი