ახალი ამბები

ეროვნული შეფასებები არაქართულენოვან სკოლებშიც დაიწყო

19 მაისი, 2012 • 1781
ეროვნული შეფასებები არაქართულენოვან სკოლებშიც დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეროვნული შეფასებები არაქართულენოვან სკოლებშიც დაიწყო. არაქართულენოვანი საჯარო სკოლების პირველ კლასში, პირველი ეროვნული შეფასება ქართულ ენაში ჩატარდა. 

სამინისტროში აცხადებენ, რომ შეფასების მიზანია ქვეყანაში ზოგადი განათლების ხარისხის შეფასება, რომელიც მიზნად ისახავს, დაადგინოს, რამდენად წარმატებულია არაქართულენოვან საჯარო სკოლებში 2011-2012 სასწავლო წელს განხორციელებული რეფორმები. 

ეროვნული შეფასების ჩასატარებლად, სამინისტროს ინფორმაციით, არაქართულენოვანი სკოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით, შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა და მასში მონაწილეობა 73 არაქართულენოვანი საჯარო სკოლის 1000-მა პირველკლასელმა, მათმა მშობლებმა, ქართული ენის 100-მა მასწავლებელმა და 100 ქართულენოვანი მოხალისე და სკოლების დირექტორებმა (73) მიიღეს. 

“ეროვნული შეფასებისას მოსწავლეებმა შეასრულეს ტესტური დავალებები და შეავსეს კითხვარი. სპეციალური კითხვარები შეავსეს ეროვნული შეფასების უფროსმა მონაწილეებმა (მშობლებმა, ქართული ენის მასწავლებლებმა, ქართულენოვანმა მოხალისეებმა და დირექტორებმა), სადაც გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ქართული ენის სწავლებისა და გატარებული რეფორმების მიმართ. ეროვნული შეფასების შედეგად გამოვლინდება, რამდენად ეფექტურია არაქართულენოვან სკოლებში დანერგილი სიახლეები, როგორია მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების დონე ქართული ენის შესწავლის მხრივ, როგორია შეფასებაში მონაწილე ჯგუფების დამოკიდებულება გატარებული რეფორმების მიმართ. ივნისის დასაწყისიდან მომზადდება ანგარიში, დასკვნები და რეკომენდაციები,”- ნათქვამია სამინსიტროს ინფორმაციაში. 

პირველი ეროვნული შეფასება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართულენოვან საჯარო სკოლებში 2011 წლის დეკემბერში, მას შემდეგ ჩაატარა, რაც მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა მოსწავლეთა საერთაშორისო კვლევების მეთოდოლოგია უარყოფითად შეაფასა და განაცხადა, რომ დროა, საქართველო შიდა შეფასებებზე გადავიდეს.

მინისტრის განცხადებიდან, რამდენიმე კვირაში, სამინისტრომ პირველი ეროვნული შეფასების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, პირველკლასელთა 70 %–მა უმაღლესი შედეგი აჩვენა.

რაც შეეხება საერთაშორო კვლევებს, შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 29 დეკემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რატომ აღმოჩნდა საქართველო ერთ–ერთ ბოლო ადგილზე მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასებაში განათლების რეფორმის შემდეგ, განაცხადა, რომ საქართველო უარს ამბობს საერთაშორისო კვლევაზე და შიდა, ეროვნულ კვლევებზე გადადის, ვინაიდან, დიმიტრი შაშკინის თქმით, საერთაშორისო კვლევების მეთოდოლოგიას არ ეთანხმება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის აღნიშნულ მოსაზრებას განათლების საკითხებში ექსპერტთა ნაწილი არ ეთანხმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი