ახალი ამბები

მღებრიშვილი პოლიციის მხრიდან თევზაძის შესაძლო მფარველობას გამორიცხავს

11 სექტემბერი, 2016 • 1937
მღებრიშვილი პოლიციის მხრიდან თევზაძის შესაძლო მფარველობას გამორიცხავს

2015 წლის 1 აგვისტოდან დღემდე 24 პოლიციელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა, სამსახურიდან დათხოვილია 137, თანამდებობიდან ჩამოქვეითდა 12 და გათავისუფლდა 6 პოლიციელი, სასტიკი საყვედური გამოუცხადდა 604 პოლიციელს, ხოლო შენიშვნა მიიღო 731-მა – გენერალური ინსპექციის მიერ წარმოებული სტატისტიკური მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა “იმედის დროში” წარმოადგინა. მისი განცხადებით, გენერალური ინსპექცია მკაცრად აკონტროლებს პოლიციის ოფიცრებს და განიხილავს მოქალაქეთა საჩივრებს, ამიტომ პოლიციის მხრიდან გადაცდომებს გამორიცხავს.

მღებრიშვილმა სტატისტიკა გოდერძი თევზაძის მიერ უფლებამოსილების გადაჭარბებისა და მისთვის პოლიციელების მხრიდან შესაძლო მფარველობის საპასუხოდ წარმოადგინა: “ვერავინ გაბედავს ვინმესთვის ხელის დაფარებას. ეს ჩვენი ხელისუფლების მეთოდი არ არის,” – აცხადებს მღებრიშვილი. როგორც მინისტრი ამბობს, თევზაძის მიმართ სტანდარტული სამძებრო სამუშაოები ამ ხორციელდება. გამოძიებისა და სასამართლო განაჩენის შემდეგ კი ზომებს მიიღებს.

“განცხადებას არ ვაკეთებ ძალიან მარტივი მიზეზის გამო – საქმე წარმოებაში აქვს მთავარ პროკურატურას და მე არ ვარ უფლებამოსილი, გავამჟღავნო რაღაც დეტალები. მე დაველოდები გამოძიების შედეგებს, სასამართლოს განაჩენს და მივიღებ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ადგილზე მენეჯმენტთან მიმართებაში,” – აცხადებს მინისტრი.

22 წლის დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. მან დატოვა წერილი, რომლის თანახმადაც, ეს პოლიციელ დემურ თევზაძის ზეწოლის გამო გააკეთა. 27 აგვისტოს პროკურატურამ სასამართლოდან გოდერძი თევზაძეს დაკავების განჩინება აიღო და მას ბრალიც წაუყენა, თუმცა თევზაძე ამ დრომდე [8 სექტემბერი] მიმალვაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

შს მინისტრი ასევე უარყოფს ინფორმაციას ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალთან დაკავშირებით:

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მსგავსი არაფერი არ არის, ამ მხრივ ჩვენ საგანგაშო არაფერი არ გვაქვს. მძიმე დანაშაულების გახსნის მაჩვენებელი ქვეყანაში ძალიან მაღალია,” – ამბობს მღებრიშვილი.

მღებრიშვილი ასევე გამოეხმაურა იარაღის შეძენა-შენახვაში ბრალდებული ნოდარ ნიშნიანიძისა და გიორგი ფეიქრიშვილის დაკავებასა და მათი ოჯახების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იარაღი მათ საცხოვრებელ ბინებში პოლიციის თანამშრომლებმა მიიტანეს. მინისტრი გამორიცხავს სამართალდამცავების მხრიდან მსგავს ქმედებს და აცხადებს, რომ პოლიცია მხოლოდ კანონით დადგენილ ფარგლებში მოქმედებს.

მინისტრის ინფორმაციით, 30 სექტმებერს შსს მაღალმეთვალყურეობის ვიდეოცენტრს ხსნის, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ვიდეომონიტორინგის სისტემას განავითარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი