ახალი ამბები

ბიზსნესმენი ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორებას “მე-9 არხთან” კავშირით ხსნის

19 მაისი, 2012 • 1384
ბიზსნესმენი ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორებას “მე-9 არხთან” კავშირით ხსნის

შპს “ტელეკომპანია I სტერეოსა” და შპს “სტერეო +”– ის წილები დამფუძნებელ დავით ზილფიმიანს, როგორც თავად ამბობს, უკანონოდ დაუყადაღეს საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ბეჟუაშვილისა და იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მეშვეობით.

ზილფიმიანი მის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს ორ ფაქტს უკავშირებს:

“ერთი ფქტი არის ის, რომ მე ტექნიკური მომსახურების კონტრაქტი გავაფორმე ტელეკომპანია “მე–9 არხთან”, მეორე ფაქტი კი ის გახლავთ, რომ კომპანია “სტერეო +”– ის 100%–იანი წილი ჩემს შვილზე გადავაფორმე.”

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია “სტერეო +”– ის წილის გადაცემა დავით ზილფიმიანმა საკუთარი შვილისთვის, ლაშა ზილფიმიანისთვის 2012 წლის 11 მაისს მოითხოვა. ლაშა ზილფიმიანს საკუთარი წილი დაუთმეს კომპანიის იტალიელმა თანამფლობელებმაც, რის შედეგადაც ის 100%–იანი წილის მფლობელი ხდებოდა.

“ჩვენ გავაკეთეთ ამონაწერი, გავიარეთ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, გადავიხადეთ იმავე დღეს სააღსრულებლო თანხა და ეს საქმე პარასკევსვე უნდა დამთავრებულიყო”, – ამბობს დავით ზილფიმიანი, თუმცა, მისი თქმით, პარასკევს “I სტერეოში” მისი პარტნიორი, დავით ბეჟუაშვილი, სასამართლოში წავიდა და მისი ქონების სრულად დაყადაღება მოითხოვა:

“შესაძლოა მათ გაიგეს “სტერეო +”– ის წილის გასხვისების ამბავი და ეგონათ, რომ “მე–9 არხზე” ვასხვისებდი. თუ ასე არ არის, მაშინ არ ვიცი, რა გახდა ამ უკანონობის მიზეზი”.

სასამართლოს, ზილფიმიანის განცხადებით, დავით ბეჟუაშვილმა და ვასილ კობაიძემ მიმართეს. ეს უკანასკნელი ტელეკომპანია “I სტერეოს” 65%–იანი წილის მფლობელი 2011 წლის 30 დეკემბერს გახდა, როდესაც მას ეს წილი ბეჟუაშვილის ჰოლდინგმა “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” დაუთმო.

“ვასილ კობაიძე პირობითადაა წილის მფლობელი, სინამდვილეში ეს წილი დავით ბეჟუაშვილს ეკუთვნის. კობაიძე და ბეჟუაშვილი პარასკევს საღამოს მიდიან სასამართლოში, ახდენენ საჩივრის შეტანას ჩემზე, თუმცა არანაირი საბუთი არ გააჩნიათ, ამიტომ მოსამართლეს უებნებან, რომ მათ აქვთ ვარაუდი, რომ მე მათ ფინანსურად ვაზარლებ. ეს განცხადება საკმარისი ხდება იმისთვის, რომ მაშინვე, რამდენიმე წუთში, მოსამართლემ ჩაატაროს სხდომა და მიიღოს გადაწყვეტილება. შაბათს, დღის მეორე ნახევარში ისინი მიდიან საჯარო რეესტრში და მიყადაღებენ ქონებას. ლაპარაკი მაქვს “I სტერეოსა” და “სტერეო პლიუსზე”. “სტერეო პლიუსი” საერთოდ რა შუაში იყო დავით ბეჟუაშვილთან, გაუგებარია”, – აცხადებს დავით ზილფიმიანი.

მისივე თქმით, საჯარო რეესტრში კობაიძემ და ბეჟუაშვილმა 20 ლარი გადაიხადეს, რაც მოთხოვნის 5 დღის ვადაში აღსრულებას გულისხმობს, თუმცა ქონების დაყადაღება იმავე დღეს მოხდა.

“მე–9 არხის” დირექტორი კახა ბექაური არ გამორიცხავს, რომ პრობლემები ტელეკომპანია “მე–9 არხთან” გაფორმებულმა კონტრაქტმა გმოიწვია:

“ჩვენ გაფორმებული გვაქვს კონტრაქტი ტექნიკურ მომსახურებაზე. იცით, რომ პრობლემები გვქონდა ტექნიკასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენჯერმე დაგვიწვეს. ვერ გეტყვით, უკავშირდება თუ არა ეს დავით ზილფიმიანისთვის წილის დაყადაღებას, თუმცა შესაძლოა, უკავშირდებოდეს: თუკი ტელეკომპანია “მე–9 არხს” შეუქმნეს პრობლემები, შესაძლოა, იმ კომპანიასაც შეუქმნეს, ვინც ჩვენთან თანამშრომლობს”, – აცხადებს ბექაური.

დავით ზილმფიმიანის წილის დაყადაღების ვადა 4 დღეში იწურება. მისი თქმით, ოთხ დღეში ის უკანონობაში სხვა ადამიანებსაც ამხელს:

“ეს არის კრიმინალური და კორუმპირებული მაღალი რანგის ჩინოვნიკებისმიერ ჩადენილი. დღეს მე ხელს ვადებ დავით ბეჟუაშვილს, რომელიც არის პარლამენტის წევრი. ზუსტად 4 დღეში გამოჩნდება ყველა სახელი და გვარი. ყველა კვალი მიდის იუსტიციის სამინისტრომდე. თითები მოეჭრება ყველა იმ ჩინოვნიკს, რომელიც თავისუფალი ბიზნესის კეთების საშუალებას არ გვაძლევს საქართველოში. სიკვდილის ფასად რომ დამიჯდეს, ამას მე არ ვაპატიებ ამ ჩინოვნიკებს”, – განაცხადა ზილფიმიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი