ახალი ამბები

მარგველაშვილი: განსხვავებული ხედვების, მაგრამ ქართული იდეის პარლამენტს მივიღებთ

10 სექტემბერი, 2016 • 1321
მარგველაშვილი: განსხვავებული ხედვების, მაგრამ ქართული იდეის პარლამენტს მივიღებთ

“განსხვავებული ხედვების, მაგრამ ქართული იდეის პარლამენტს მივიღებთ” –  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში სტუდენტებთან მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საუბრისას.

მარგველაშვილი დღეს, 10 სექტემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და დემოკრატიული ინსტიტუტების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.

გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდებს სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული კამპანია ,,შენი ხმა ჩვენი მომავლია”  შესახებ ესაუბრა და საპარლამენტო არჩევნებზე მისვლისკენ და მოქალაქეობრივი ვალდებულების მოხდისკენ მოუწოდა.

,,მე მიმაჩნია, რომ როცა  საარჩევნო უბნებთან მივალთ, შედეგად მივიღებთ  არა ორ დაპირისპირებულ ბანაკს,  ორ მტრულ ბანაკს, რომელიც ერთმანეთის განადგურებაზე ფიქრობს, არამედ რამდენიმე პარტიას პარლამენტში, სოციოლოგიური კვლევები ამის იმედის საფუძველს გვაძლევს.

როგორც ქართულ სიმღერაში და პოლიფონიაშია სხვადასხვა ხმები, რომლებიც ერთობლიობას ქმნიან, ასეთი განსხვავებული ხედვების, მაგრამ ქართული იდეის პარლამენტს მივიღებთ.

ეს არ არის ჩემი არჩევნები, დღეს მე თვითონ ვარ ამომრჩეველი,  რომელიც ცდილობს თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, ვის მისცეს ხმა, მაგრამ ეს არის არჩევნები, რომელიც ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისათვი,ს ძალიან მნიშვნელოვანია. ძლიერი ლეგიტიმაციის პარლამენტი არის ის, რაც მე, როგორც ამომრჩეველს და როგორც პრეზიდენტს, უმთავრეს მოთხოვნად   მაქვს ჩამოყალიბებული.

თქვენი ინტელექტუალური რესურსი უნდა გამოიყენოთ იმისათვის, რომ მოვუწოდოთ ყველამ ერთად, რომ 8 ოქტომბერი იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ, რათა ქვეყანა განვითარდეს,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ასევე, პრეზიდენტმა უნივერსიტეტში სტუმრობისას სასწავლებელთან ერთობლივ მემორანდუმს მოაწერა ხელი. რაც უნივერსიტეტში მედიამიმართულების გაძლიერებას და კულტურის მეცნიერების მიმართულების  საბაკალავრო პროგრამის გახსნას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი