ახალი ამბები

სასამართლომ ასავალ-დასავალს TBC-ის სასარგებლოდ 6000 ლარის გადახდა დააკისრა

9 სექტემბერი, 2016 • 2376
სასამართლომ ასავალ-დასავალს TBC-ის სასარგებლოდ 6000 ლარის გადახდა დააკისრა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ასავალ-დასავალს თი-ბი-სი ბანკის სასარგებლოდ 6 000 ლარის გადახდა დააკისრა. სასამართლომ ზემოხსენებული გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.

საქმე ეხება ბანკსა და გაზეთს შორის ჯერ კიდევ 2014 წელს დაწყებულ სასამართლო დავას. თიბისი ბანკმა სასამართლოს სარჩელით  2014 წლის 21 თებერვალს მიმართა. მოსარჩელეები მოითხოვდნენ „ასავალ-დასავალის“ მიერ გამოქვეყნებული “ცრუ ინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის სახით 160,000 ლარის ანაზღაურებას”. ამის შემდეგ გაზეთმა კვლავ გააგრძელა მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მასალების გამოქვეყნება, რასაც თიბისი ბანკმა მორიგი სარჩელით უპასუხა.

2015 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა “თიბისი ბანკის” სარჩელი გაზეთ “ასავალ-დასავალის” წინააღმდეგ, ამავე გაზეთის რამდენიმე ნომერში ბანკისა და მისი ხელმძღვანელის, მამუკა ხაზარაძის შესახებ გამოქვეყნებული სტატიების გამო.  სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის „ასავალ–დასავალს“ გავრცელებული ცნობების უარყოფა დაევალა, ხოლო თანხის დაკისრების საკითხში მოსარჩელეების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

დავა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა, რომელმაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაციის დეფამაციურობის შესახებ და დამატებით ასავალ-დასავალს 6 000 ლარის გადახდა დააკისრა.

თი-ბი-სი ბანკის იურისტმა ქეთი ქვარცხავამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ სასამართლომ ამ თანხის გადახდა უშუალოდ გაზეთს, ჟურნალისტსა და რედაქტორს დააკისრა. საუბარია ასავალ-დასავალის სამ მასალაზე, რომელიც თი-ბი-სი ბანკსა და მამუკა ხაზარაძეს ეხებოდა.

ასავალ-დასავალის რედაქციაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი