ახალი ამბები

რუსთავი 2 უზენაეს სასამართლოს საქმის საჯარო განხილვის მოთხოვნით შუამდგომლობით მიმართავს

9 სექტემბერი, 2016 • 1259
რუსთავი 2 უზენაეს სასამართლოს საქმის საჯარო განხილვის მოთხოვნით შუამდგომლობით მიმართავს

ძმები ყარამანიშვილებისა და TV საქართველოს წარმომადგენლებს სურთ, რომ მათი საკასაციო სარჩელი მოსამართლეებმა ზეპირი მოსმენით განიხილონ და ამისათვის უზენაეს სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავენ. ამის შესახებ ნეტგაზეთს რუსთავი 2-ის ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა განუცხადა.

“განჩინების ეს ნაწილი [ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა], რა თქმა უნდა, არ გვაკმაყოფილებს და ჩვენ ცალკე შუამდგომლობით მივმართავთ სასამართლოს, რომ მხარეთა დასწრებით განიხილოს ჩვენი საკასაციო საჩივარი, რათა უფრო ამომწურავად მივაწოდოთ ინფორმაცია და სასამართლომ უკეთ შეძლოს საქმის ვითარებაში გარკვევა. საქმის მიმართ საზოგადოებაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს საქმე საჯარო  სხდომაზე უნდა განიხილონ და მხარეების გარდა საზოაგდოების წარმომადგენლებსაც მიეცეთ საშუალება დაესწრონ სხდომას”, – უთხრა ნეტგაზეთს საძაგლიშვილმა.

დღეს, 9 სექტემბერს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივარი.

ამის შესახებ ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადების მიხედვით, საქმეს საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

რუსთავი 2-მა უზენაეს სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც 10 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლო კოლეგიამ, ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილის და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით რუსთავი 2-ის საქმეზე ხუთთვიანი განხილვის შემდეგ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის 100% კვლავ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო დავა 2015 წლის 4 აგვისტოს დაიწყო.

ამ სარჩელით, რომელსაც 7 მოპასუხე ჰყავს [1. შპს ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია 2. შპს გეო ტრანსი 3. ლევან ყარამანიშვილი 4. გიორგი ყარამანიშვილი 5. შპს “ტელეკომპანია საქართველო” 6. ნინო ნიჟარაძე 7. შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”], ხალვაში ითხოვს სასამართლომ ბათილად ცნოს 2005 და 2006 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც “რუსთავი 2”-ის 60% , რომელსაც ხალვაში ფლობდა და “რუსთავი 2″ -ის 40%, რომელსაც ხალვაშის კომპანია შპს “პანორამა” ფლობდა, გადავიდა შპს “საქცემენტის” [ამჟამინდელი ჰაიდელბერგცემენტის] და შპს “გეო-ტრანსის” საკუთრებაში. სარჩელის მიხედვით, რუსთავი 2 -ის 100% ამ ორი კომპანიის საკუთრებაში, ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ჯამში, გადავიდა 268 997$-ად, თუმცა მოსარჩელის განცხადებით, ეს მოხდა იძულებით და ფიქტიურად, ანუ ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული თანხა არ მიუღია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი