ახალი ამბები

როგორ აშუქებს ტრადიციული და ახალი მედია წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ სუბიექტებს

9 სექტემბერი, 2016 • 2353
როგორ აშუქებს ტრადიციული და ახალი მედია წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ სუბიექტებს

„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ (CDI) მონიტორინგის მიხედვით, netgazeti.ge, civil.ge,  interpressnews.ge, ambebi.ge,  news.ge, palitratv.ge, allnews.ge, dfwatch.net ყველაზე ობიექტურად აშუქებენ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სუბიექტებს.

მედიამონიტორინგის შუალედური შედეგები 11 ივლისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ორგანიზაცია 17 ონლაინგამოცემას აკვირდება: allnews.ge, ambebi.ge, droni.ge, etanews.ge, info9.ge, interpessnews.ge, marshalpress.ge, netgazeti.ge, newposts.ge, news.ge, palitratv.ge, pirveli.com.ge, presa.ge, reportiori.ge, tabula.ge, civil.ge, dfwatch.net.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ ონლაინმედიების მონიტორინგის ანგარიშში წერია, რომ მასალის რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

  • ონლაინმედიაში ყველაზე აქტიურად შუქდებოდა პოლიტიკური პარტიები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“;
  • მონიტორინგისთვის შერჩეული 17 ვებგვერდიდან 6-ზე ჭარბობდა უარყოფითი ტონის მაჩვენებლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო 2 ვებგვერდზე – მმართველი გუნდის გაშუქებისას;
  • 6 ვებგვერდზე ჭარბობდა დადებითი ტონის მაჩვენებლები მმართველი გუნდის გაშუქებისას. ერთ ვებგვერდზე კი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაშუქებისას;
  • მონიტორინგისთვის შერჩეულ მხოლოდ 3 ვებგვერდზე შეინიშნება ცალსახად გამოხატული დადებითი თუ უარყოფითი განწყობა ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ;
  • ონლაინმედიაში შეინიშნება კრიტიკული ანალიზის ნაკლებობა. საკმაოდ იშვიათად გვხვდება ჟურნალისტთა მსჯელობა და საკითხების სიღრმისეული ანალიზი. ვებგვერდები, ხშირ შემთხვევებში, მხოლოდ პოლიტიკოსთა განცხადებებსა და სახვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთა საქმიანობას აშუქებენ;
  • 2016 წლის 29 აგვისტოს მონიტორინგისთვის შერჩეულმა 4-მა ონლაინგამოცემამ პრაქტიკულად უცვლელად გამოაქვეყნა თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია თავდაცვის მინისტრის ავღანეთში ვიზიტის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამ ოთხი ვებგვერდიდან არც ერთს არ მიუთითებია, რომ მასალა მოპოვებული იყო თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდიდან;
  • ონლაინმედიის სერიოზულ გამოწვევად რჩება სარედაქციო მასალებისა და კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული სტატიების არასათანადოდ გამიჯვნა;
  • ვებ–გვერდების უმეტესობა მეტ-ნაკლებად იცავს ჟურნალისტურ სტანდარტებსა და ეთიკის ნორმებს. ნაკლებად გვხვდება ჟურნალისტთა მხრიდან შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები.

ანგარიშის მიხედვით, allnews.ge-ზე დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები, ხოლო რაოდენობრივი ანალიზის შედეგად, შეინიშნება უარყოფითი განწყობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მონიტორინგის პირველ პერიოდთან შედარებით ambebi.ge-ზე აღარ შეიმჩნევა განსაკუთრებულად დადებითი ან უარყოფითი განწყობა მონიტორინგის რომელიმე სუბიექტის მიმართ. CDI–ის დასკვნით, მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის შემთხვევები ამ ვებგვერდზე არ აღმოჩენილა.

მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, interpressnews.ge, palitratv.ge, news.ge და dfwatch.net მიუკერძოებლად აშუქებენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ასევე, ვებგვერდებზე დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები. მონიტორინგის შედეგად, tabula.ge-ზე შეიმჩნევა შედარებით უარყოფითი განწყობა მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ, თუმცა ვებგვერდზე ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები დაცულია.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მონიტორინგის პერიოდში droni.ge-ზე ჭარბობდა დადებითი ტონის მაჩვენებლები საპარლამენტო ოპოზიციისა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაშუქებისას: “თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ვებგვერდი ნაკლებად აქტიურად აშუქებს პოლიტიკურ თემებს.”

CDI-ის მონიტორინგის ანგარიშით, etanews.ge-ზე შეინიშნება დადებითი განწყობა სახელისუფლებო გუნდის, ხოლო უარყოფითი განწყობა პარტიისადმი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ ვებგვერდზე გვხვდება სტატიები, რომლებიც პლაგიატის ეჭვებს აჩენს.

ანგარიშის მიხედვით, info9.ge-ზე შეინიშნება დადებითი განწყობა სახელისუფლებო გუნდის და უარყოფითი განწყობა საპარლამენტო ოპოზიციის მიმართ: “რიგ შემთხვევებში ვებგვერდზე არ არის გამიჯნული, სარედაქციო მასალა კომერციული ხელშეკრულების ფარგლებშია მომზადებული თუ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მიწოდებული მასალებისგან.”

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, marshalpress.ge-ზე ცხადად შეინიშნება დადებითი განწყობა სახელისუფლებო გუნდის, ხოლო უკიდურესად უარყოფითი განწყობა საპარლამენტო ოპოზიციის, პაატა ბურჭულაძისა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. CDI-მ დაასკვნა, რომ ვებგვერდზე ხშირად გვხვდება ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევები.

მონიტორინგის შედეგად, „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა“ დაასკვნა, რომ netgazeti.ge მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ანგარიშის მიხედვით, ვებგვერდი მაღალ დონეზე იცავს ჟურნალისტურ სტანდარტებსა და ეთიკის ნორმებს. ანგარიშის მიხედვით, აღსანიშნავია, რომ ინტერნეტგამოცემა მკაფიოდ მიჯნავს კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებულ სტატიებს სარედაქციო მასალებისგან. CDI-ის შეფასებით, ნეტგაზეთი გამოირჩევა საკითხების სიღრმისეული ანალიზით და ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნებით ცალკეულ სტატიებში. ორგანიზაციის დასკვნით, ვებგვერდზე შედარებით ჭარბობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკა, თუმცა აღნიშნავენ, რომ კრიტიკა გვხვდებოდა რესპონდენტთა განცხადებებში და არა ჟურნალისტთა ტექსტებში. CDI-ის შეფასებით, უარყოფითი ტონის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ერგო პარტიებს- „ცენტრისტები“ (31%) და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (20%), ხოლო ყველაზე აქტიურად მთავრობის საქმიანობა გაშუქდა.

ანგარიშის მიხედვით, newposts.ge-ზე შედარებით ჭარბობს დადებითი ტონის მაჩვენებლები სახელისუფლებო გუნდის გაშუქებისას: “რიგ შემთხვევებში ვებგვერდზე არ არის გამიჯნული სარედაქციო მასალა კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული თუ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მიწოდებული მასალებისგან.”

CDI-ის დასკვნით, pirveli.com.ge-ზე შეინიშნება დადებითი განწყობა სახელისუფლებო გუნდისა და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის, ხოლო უარყოფითი განწყობა საპარლამენტო ოპოზიციისა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ორგანიზაციის ცნობით, რიგ შემთხვევებში ვებგვერდზე არ არის გამიჯნული, სარედაქციო მასალა კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული თუ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მიწოდებული მასალებისგან.

მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, რაოდენობრივი და თვისებრივი დაკვირვების შედეგად, presa.ge-ზე ცხადად შეინიშნება უარყოფითი განწყობა პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ორგანიზაციის დასკვნაში წერია, რომ ვებგვერდზე შეგვხვდა ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დარღვევის არაერთი შემთხვევა.

მონიტორინგის შედეგებით, reportiori.ge-ზე ცხადად შეინიშნება დადებითი განწყობა სახელისუფლებო გუნდის, ხოლო უკიდურესად უარყოფითი განწყობა საპარლამენტო ოპოზიციის მიმართ. CDI-ის ცნობით, ვებგვერდზე ირღვევა ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

როგორც „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ აცხადებს, ქართულ ონლაინმედიაში შეინიშნება კრიტიკული ანალიზის ნაკლებობა. მათი განცხადებით, ვებგვერდების უმრავლესობა უკომენტაროდ აქვეყნებს სხვადასხვა პოლიტიკოსის განცხადებებსა და სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობას:

“იშვიათად გვხვდება საკითხების სიღრმისეული გაშუქება და ანალიზი. ასევე, საკმაოდ იშვიათია ცალკეულ სტატიებში განსხვავებული მოსაზრებებისა და შეხედულებების წარმოდგენა. უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტური ეთიკის ნორმების უხეში დარღვევის შემთხვევები საკმაოდ იშვიათად გვხვდება. მონიტორინგის მეორე პერიოდში 16 ვებგვერდიდან მხოლოდ 3-ზე გვხვდებოდა ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების უხეში დარღვევის შემთხვევები.”

CDI-ში მიიჩნევენ, რომ ონლაინმედიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება სარედაქციო მასალებისა და კომერციული ხელშეკრულებების ფარგლებში მომზადებული სტატიების არასათანადო გამიჯვნა.

“საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მონიტორინგის მეორე პერიოდში ოთხმა ონლაინგამოცემამ პრაქტიკულად უცვლელად გამოაქვეყნა თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია თავდაცვის მინისტრის ავღანეთში ვიზიტის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამ ონლაინგამოცემებიდან არც ერთს არ მიუთითებია მასალის პირველწყაროდ თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი,” – აცხადებენ ნათქვამია კვლევის დასკვნით ნაწილში.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ (CDI) ატარებს მედიამონიტორინგს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში.

ბეჭდური მედია

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების მონიტორინგი, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით, ასევე “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი” ატარებს . მონიტორინგი ხორციელდება 2016 წლის 20 მაისიდან 2016 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით და მოიცავს 7 გამოცემას: „რეზონანსი“, „ახალი თაობა“, „ასავალ-დასავალი“, „ალია“, „გურია news”, ქრონიკა +“, „კვირის პალიტრა“.

მონიტორინგის შუალედური შედეგებით, რომელიც 11 ივლისი – 30 აგვისტოს მოიცავს, მასალის რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

  • პოლიტიკური პარტიებიდან ყველაზე მეტი გაშუქება კვლავ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ დაეთმო;
  • საკმაოდ აქტიურად შუქდებოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა;
  • მონიტორინგისთვის შერჩეული 7 გამოცემიდან 5-ში მეტ-ნაკლებად ჭარბობს უარყოფითი ტონის მაჩვენებლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაშუქებისას;
  • მონიტორინგის პირველი პერიოდისგან განსხვავებით „ქრონიკა +“-ში აღარ შეიმჩნევა დადებითი განწყობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ;
  • ორ გამოცემაში („ალია“ და „ასავალ-დასავალი“) გამოვლინდა უარყოფითი ტონის უკიდურესად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები როგორც მმართველი გუნდის, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის მიმართ;
  • ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევები გვხვდებოდა გამოცემებში „ალია“, „ქრონიკა +“ და „ასავალ- დასავალი“;
  • ჟურნალისტთა მხრიდან შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენების განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევები სისტემატურად გვხვდება გამოცემებში, „ალია“ და „ასავალ-დასავალი“;
  • დაუზუსტებელი ინფორმაციის გამოქვეყნების შემთხვევები გვხვდებოდა გაზეთებში „ახალი თაობა“, „ქრონიკა +“, „ალია“ და „ასავალ-დასავალი“.

მონიტორინგის შედეგად, CDI–მ დაასკვნა, რომ „რეზონანსში“ ჭარბობს უარყოფითი ტონის მაჩვენებლები პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და 2 ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაშუქებისას: “თუმცა აღსანიშნავია, რომ კრიტიკა გვხვდება რესპონდენტთა განცხადებებში და არა ჟურნალისტთა ტექსტებში. „რეზონანსის“ ჟურნალისტები არ გამოხატავენ დადებით ან უარყოფით განწყობას რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიმართ. გამოცემაში დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.”

ანგარიშის მიხედვით, გაზეთში „ალია“ სისტემატურად გვხვდება ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების უხეში დარღვევის შემთხვევები. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გაზეთის ჟურნალისტები გამოირჩევიან უკიდურესად მძიმე შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის ხშირი გამოყენებით.

CDI-ის ანგარიშის მიხედვით, „კვირის პალიტრაში“ დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ისევე, როგორც მონიტორინგის პირველ პერიოდში, გამოცემაში შედარებით ჭარბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გაზეთის „ასავალ-დასავალი“ სტატიები მზადდება ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების უხეში დარღვევით. “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი” მიიჩნევს, რომ გამოცემა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აშუქებს ცალმხრივად, ჟურნალისტთა მსჯელობა ხშირ შემთხვევებში არ არის გამყარებული სათანადოდ დადასტურებული ფაქტებით.

მონიტორინგის შედეგებით გაზეთში „ახალ თაობა“ შეინიშნება უარყოფითი განწყობა პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ხოლო უარყოფითი ტონის შედარებით მაღალი პროცენტული მაჩვენებლები ერგოთ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებსა და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილსაც. ორგანიზაცია აცხადებს, რომ გაზეთში არაერთხელ შეგვხვდა გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოქვეყნების შემთხვევა.

ანგარიშის მიხედვით, „გურია news”-ში არ შეინიშნება განსაკუთრებულად დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური 9 ძალის მიმართ და გაზეთში დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

მონიტორინგის შედეგებით, „ქრონიკა +“-ში ცხადად შეინიშნება უარყოფითი განწყობა სახელისუფლებო გუნდისა და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ამასთან, აღნიშნული სუბიექტების გაშუქებისას რიგ შემთხვევებში ირღვეოდა ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

“სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” დასკვნით, მონიტორინგის მოცემულ პერიოდში შერჩეული გამოცემები ყველაზე აქტიურად კვლავ მმართველი გუნდისა და საპარლამენტო ოპოზიციის საქმიანობას აშუქებდნენ:

“სხვა პოლიტიკური პარტიების განსაკუთრებულად ინტენსიური გაშუქება არც ერთ 11 გამოცემაში არ გამოვლენილა. მონიტორინგისთვის შერჩეული 7 მედიასაშუალებიდან ხუთში შეიმჩნეოდა დადებითი თუ უარყოფითი განწყობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მიმართ. სამ გამოცემაში გვხვდება შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები ჟურნალისტთა მხრიდან. გვხვდება ინფორმაციის საეჭვო წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული სტატიები და ჟურნალისტთა მხრიდან დაუსაბუთებელი მსჯელობის შემთხვევები.”

CDI-ის განცხადებით, მონიტორინგის მეორე პერიოდში კიდევ უფრო იმატა შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენების სიხშირემ გაზეთებში, „ალია“ და „ასავალ-დასავალი“. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ გამოცემებში სისტემატურად ირღვევა ჟურნალისტური სტანდარტები.

როგორც მონიტორინგის ავტორები აცხადებენ, წინასაარჩევნო პერიოდში ქართული პრესის ძირითად გამოწვევებს წარმოადგენს ჟურნალისტთა მხრიდან სუბიექტური დამოკიდებულება სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მიმართ, შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის ხშირი გამოყენება პოლიტიკოსთა გაშუქებისას, დაუსაბუთებელი მსჯელობა და მოვლენების ცალმხრივი გაშუქება.

რადიო

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის, „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“, ფარგლებში „ინტერნიუსი – საქართველომ“ 12 რადიომაუწყებლის საღამოს საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგი განახორციელა. ესენია: „რადიო1“ (საზოგადოებრივი მაუწყებელი), „იმედი“, „ფორტუნა“, „თავისუფლება“, „პალიტრა“, „პირველი რადიო“, „ქალაქი“, „მაესტრო“, „ჰერეთი“ (ქ. ლაგოდეხი), „რიონი“ (ქ. ქუთაისი), „ათინათი“ (ქ. ზუგდიდი) და „აჭარა“(ქ. ბათუმი).

11ივლისი – 30 აგვისტოს პერიოდში რადიოარხების მონიტორინგმა შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოავლინა:

  • ყველაზე მეტი დრო პარტიებს „ქართულ ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მთავრობას დაეთმო;
  • ოპოზიციური, მათ შორის არასაპარლამენტო, პარტიების გაშუქება კიდევ უფრო გაიზარდა;
  • რადიომაუწყებლებს შორის კონკურენცია ნაკლებად იგრძნობოდა: ჟურნალისტები ექსკლუზიურ (ე.წ. საავტორო) სიუჟეტებს იშვიათად ამზადებდნენ;
  • სხვადასხვა რადიომაუწყებლის ახალი ამბების ტექსტები ერთმანეთს ხშირად ემთხვეოდა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით პარტიების წინასაარჩევნო აქტივობების გაშუქებისას შეინიშნებოდა;
  • რადიომაუწყებლების უმეტესობა მცირე დროს უთმობდა რეგიონებში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას;
  • რადიომაუწყებლების ეთერში თითქმის არ ისმოდა უმცირესობებისა თუ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების ხმა;
  • წინასაარჩევნო პროგრამები არ განხილულა და მსმენელი, ძირითადად, პოლიტიკოსების მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გაკეთებულ ზოგადი ხასიათის დაპირებებს ისმენდა;
  • მცირე დრო დაეთმო დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატებს და მსმენელს მათი პარტიული კუთვნილების გარდა სხვა ინფორმაცია ნაკლებად მიეწოდებოდა;
  • ჟურნალისტები პოლიტიკოსების დაწესებულ დღის წესრიგს მიჰყვებოდნენ, არ იგრძნობოდა მცდელობა, თავად აღმოეჩინათ პრობლემა და პოლიტიკური დისკუსიის საგნად ექციათ;
  • ჟურნალისტები ამა თუ იმ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების შეფასებას მხოლოდ პოლიტიკოსებს ანდობდნენ და ექსპერტებთან ერთად არ ცდილობდნენ შედეგების გაანალიზებას;
  • რადიომაუწყებლები მიუკერძოებლად მუშაობდნენ. ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დარღვევის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ანგარიშის მიხედვით, „რადიო 1“ მიუკერძოებლად მუშაობს და არც ერთი პოლიტიკური ძალის მიმართ სუბიექტურ დამოკიდებულებას არ ამჟღავნებს, მსმენელის ინფორმირებულ არჩევანს ხელს ვერ შეუწყობს, თუ მეტად ანალიტიკური სიუჟეტები არ მომზადდა და ჟურნალისტები საკუთარი ინიციატივით დამატებით ინფორმაციებს არ მოიძიებენ.

მონიტორინგის ანგარიშში ნათქვამია, რომ „პირველი რადიო“ პოლიტიკურ პარტიებს მნიშვნელოვან დროს უთმობდა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც ხშირად აშუქებდა. თუმცა, როგორც ანგარიშშია ნახსენები, წინასაარჩევნო კამპანია ზედაპირულად შუქდებოდა, რადგან საარჩევნო პროგრამებთან დაკავშირებული სიღრმისეული სიუჟეტები არ მომზადებულა: “რეგიონებში მიმდინარე მოვლენებსაც თითქმის საერთოდ არ აშუქებდნენ. სოციალური თუ უმცირესობების პრობლემებიც რადიომაუწყებლის ყურადღების მიღმა აღმოჩნდა. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების დროული მოგვარებით, რადიომაუწყებელი მსმენელს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.”

ანგარიშის მიხედვით, რადიო „პალიტრას“ ჟურნალისტები ერთ-ერთ ყველაზე დაბალანსებულ საინფორმაციო გამოშვებებს ამზადებდნენ: “თუმცა, წლების განმავლობაში რადიომაუწყებლის მონიტორინგისას გამოკვეთილი დადებითი ტენდენციები ზრდის მოლოდინს, რომ მის ეთერში უფრო მეტად ანალიტიკური ინფორმაცია გაჟღერდება და ჟურნალისტებიც მეტად პროაქტიულები იქნებიან. მათი მხრიდან ექსკლუზიური ინფორმაციების მოძიება, კრიტიკული კითხვების დასმა, რეგიონებში მიმდინარე მოვლენების მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენა და სხვადასხვა უმცირესობებისა თუ მოწყვლადი ჯგუფების პრობლემების წინა პლანზე წამოწევა მსმენელს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში მეტად დაეხმარებოდა.”

როგორც მონიტორინგის ანგარიშშია ნათქვამი, რადიო „ქალაქი“ არც ერთი პოლიტიკური გუნდის მიმართ მიკერძოებული არ ყოფილა, თუმცა, ახალი ამბების საინფორმაციო სააგენტოების სტილში, მშრალი გადმოცემით ამომრჩევლის ინფორმირებულობას ხელი ნაკლებად შეეწყობა: “მოკლე საინფორმაციო გამოშვებების ფორმატიდან გამომდინარე, შესაძლოა, ანალიტიკური სიუჟეტების მომზადება ვერ ხერხდება, თუმცა ცალკეული სიუჟეტების დაბალანსება, სპეციალისტებისა და სამოქალაქო სექტორის მოსაზრებების გაშუქება მსმენელს დასკვნების გამოტანაში მეტად დაეხმარებოდა.”

ანგარიშის მიხედვით, რადიო „თავისუფლება“ სიღრმისეული და ანალიტიკური სანიფორმაციო გამოშვებებით კვლავაც გამოირჩეოდა. „ინტერნიუსი – საქართველო“ მიიჩნევს, რომ სხვა რადიომაუწყებლებთან შედარებით, რადიო „თავისუფლება“ ყოველდღიურად შედარებით ნაკლებ ახალ ამბავს აშუქებდა, თუმცა შერჩეულ თემებზე ვრცელი და დაბალანსებული სიუჟეტები მზადდებოდა: “რადიო „თავისუფლება“ რეგიონებში არსებული პრობლემების გაშუქებასაც დიდ დროს უთმობდა. ის ყველა სხვა რადიომაუწყებლისგან გამოირჩევა, რაც ახალი ამბების დაბალანსებაში, მრავალფეროვანი თემებისა და მოვლენების სხვადასხვა რაკურსით გაშუქებაში გამოიხატება. თუმცა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებთან დაკავშირებით კვლავაც ინფორმაციის ნაკლებობა იგრძნობოდა.”

“ინტერნიუს – საქართველოს” დასკვნით, რადიო “მაესტრო” სიუჟეტების უმეტესობას აბალანსებდა და საკითხის ირგვლივ არსებულ განსხვავებულ პოზიციებს წარმოაჩენდა: “შესაბამისად, რადიო „მაესტროს“ აქვს პოტენციალი, რომ ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ჟურნალისტებმა მეტი ინიციატივა გამოიჩინონ: მოვლენები უფრო ანალიტიკურად მიმოიხილონ და წინა პლანზე ისეთ საკითხები წამოწიონ, რომლებზეც პოლიტიკოსები საკუთარი სურვილით არ საუბრობენ.”

ანგარიშის მიხედვით, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, რადიო “ფორტუნაში” გაუმჯობესება ნამდვილად იგრძნობა, თუმცა ახალი ამბების უმეტესობა კვლავაც მშრალი და ზედაპირულია. “ინტერნიუს – საქართველო” მიიჩნევს, რომ დამატებითი ინფორმაციის მოძიება, პოლიტიკოსებისთვის მწვავე კითხვების დასმა და საკითხის ირგვლივ არსებული განსხვავებული პოზიციების გაშუქება წინასაარჩევნოდ ერთიორად მნიშვნელოვანია.

მონიტორინგის შედეგებით, რადიო „იმედის“ მთავარ გამოწვევად კვლავაც ჟურნალისტების მეტი პროაქტიულობა და რესპონდენტების განცხადებების მიმართ მეტი სკეპტიციზმის გამოჩენა რჩება, რაც პოლიტიკოსებს, არგუმენტირების გარეშე, ეთერში საკუთარი გუნდის დადებითად წარმოჩენის საქმეს გაურთულებდა.

როგორც “ინტერნიუს – საქართველოს” მონიტორინგის ანგარიშშია ნათქვამი,  წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, რადიო „ათინათი“ სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს მეტ ყურადღებას უთმობდა: “ჟურნალისტებმა სიუჟეტები სოციალურ პრობლემებზეც მოამზადეს. თუმცა მოვლენების ზედაპირული გადმოცემა კვლავაც პრობლემად დარჩა. მცირე ქრონომეტრაჟიდან გამომდინარე, შესაძლოა რადიომაუწყებელი ანალიტიკური სიუჟეტების მომზადებას ვერ ახერხებდა, მაგრამ ინფორმაციის სხვა 14 წყაროსთან გადამოწმებით და დამატებითი ინფორმაციის მოძიებით ჟურნალისტებს საშუალება ექნებოდათ მოვლენები უფრო მრავალფეროვნად გაეშუქებინათ.”

ანგარიშის მიხედვით, რადიო „რიონის“ ჟურნალისტები მოვლენებს მიუკერძოებლად აშუქებდნენ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მათ მწვავე კითხვები დასვან, მოვლენების სიღმისეული ანალიზისთვის არასამთავრობო სექტორისა და სპეციალისტების მოსაზრებები გააშუქონ.

მონიტორინგის შედეგებით, საანგარიშო პერიოდში რადიო „ჰერეთის“ ჟურნალისტები პროაქტიულობით არა მხოლოდ რეგიონული, არამედ ცენტრალურ რადიომაუწყებლების უმეტესობასთან შედარებითაც გამოირჩეოდნენ, თუმცა, ასევე საჭიროა, რომ სიღრმისეული სიუჟეტები პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებზეც მომზადდეს, რითაც მსმენელს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას შედარებით გაუადვილებდნენ.

“ინტერნიუს – საქართველო” მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, რადიო “აჭარის” ჟურნალისტებმა მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიმართ მეტი სკეპტიციზმი გამოიჩინონ, რათა მათ ობიექტურ მუშაობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს: “18 რადიომაუწყებლის ხანგრძლივი საინფორმაციო გამოშვება საშუალებას იძლევა, რომ მოვლენები მეტად ანალიტიკურად და კრიტიკული კუთხით გაშუქდეს. ამ მხრივ, ჟურნალისტებს საშუალება აქვთ, რომ ახალი ამბები განავრცონ, დამატებითი ინფორმაციები მოიძიონ და მწვავე კითხვები დასვან. აღნიშნული რადიო „აჭარას“ საშუალებას მისცემს მოვლენები სხვადასხვა რაკურსით გააშუქოს და ნაკლები პასუხგაუცემელი კითხვები დატოვოს.”

ორგანიზაციის დასკვნით ნაწილში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში რადიომაუწყებლები პოლიტიკურ მოვლენებს აქტიურად აშუქებდნენ და წინასაარჩევნო კამპანიასაც უფრო მეტი ყურადღება ექცეოდა. “ინტერნიუს – საქართველო” აცხადებს, რომ რადიო არ არის პოლარიზებული მედიასეგმენტი და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების გაშუქებასაც სულ უფრო მეტი დრო ეთმობოდა:

“მსმენელს საშუალება ჰქონდა, რომ პოლიტკოსების დაპირებებს გასცნობოდნენ, თუმცა წინასაარჩევნო პროგრამები სიღრმისეულად ჯერ არ გაუშუქებიათ. შესაბამისად, რადიოარხების საინფორმაციო გამოშვებებში პასუხი არ გასცემია კითხვას, თუ რა გზით აპირებს ესა თუ ის პოლიტიკური გუნდი საკუთარი დაპირებების განხორციელებას. მწირი ინფორმაცია  ვრცელდებოდა დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატებზეც. მათი ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან კუთვნილების გარდა, მსმენელს ინფორმაცია არ მიეწოდებოდა. საანგარიშო პერიოდში მთავარ პრობლემად კვლავაც მოვლენების ზედაპირული გაშუქება რჩება. მიუხედავად იმისა, რომ რადიომაუწყებლები მიუკერძოებლად მუშაობდნენ, კრიტიკული კითხვების ნაკლებობა და ანალიტიკური სიუჟეტების მოუმზადებლობა მსმენელს დასკვნების გამოტანის საშუალებას ვერ აძლევდა. აუცილებელია, რომ ჟურნალისტებმა მოიძიონ და დღის წესრიგში დააყენონ ის პრობლემები, რომლებზეც პოლიტიკოსები საკუთარი ინიციატივით არ საუბრობენ, მაგრამ მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. ამომრჩელის ინფორმირებულობას ხელს შეუწყობდა, თუ რადიომაუწყებლები ყურადღებას ამა თუ იმ უმცირესობების, სხვადასხვა მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფების პრობლემებზეც გაამახვილებდნენ და აღნიშნულ საკითხებზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების პოზიციებს წარმოაჩენდნენ. ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობდა მათ ინტეგრაციას და, მეორე მხრივ, გასაგები გახდებოდა ამ საკითხებზე პოლიტიკოსების პოზიციები.”

“ინტერნიუს – საქართველოს” დასკნით, ჟურნალისტები ექსკლუზიური სიუჟეტების მოძიებას ნაკლებად ცდილობდნენ და ძირითადად პოლიტიკოსების მიერ განსაზღვრულ დღის წესრიგს მიჰყვებოდნენ, აქტუალურ მოვლენებს ანალიზისა და დამატებითი ინფორმაციის მოძიების გარეშე აშუქებდნენ. შესაბამისად, ორგანიზაცია აცხადებს, რომ მთელი რიგი საკითხების ირგვლივ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება, რაც ამომრჩეველს არათუ ინფრმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება, არამედ, შესაძლოა, ეს არჩევანი კიდევ უფრო გაურთულოს.

ტელევიზია

2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ტელეარხების მონიტორინის შუალედურ ანგარიში “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” წარადგინა. ანგარიშის მიხედვით, დროის განაწილების და თვისებრივი დაკვირვების შედეგების ანალიზისას რჩება შთაბეჭდილება კონკრეტული არხების, კონკრეტული სუბიექტების მიმართ არსებული სიმპათიების შესახებ. მაგალითად, „ობიექტივი“ აშკარად გამორჩეულად სწყალობს საარჩევნო ბლოკს – „პატრიოტთა ალიანსი“, „რუსთავი 2-ზე“ შესამჩნევია „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სიმპათიები, „იმედი“ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს „ქართულ ოცნებას“.

ტელეარხების მთავარ საინფორმაციო გამოშვებებსა და ტოქშოუებზე მონიტორინგის შუალედური შედეგების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი