ახალი ამბები

ინკლუზიური ტურიზმისთვის არაადაპტირებული გარემო საქართველოში

19 მაისი, 2012 • 2692
ინკლუზიური ტურიზმისთვის არაადაპტირებული გარემო საქართველოში

“ყველა ადამიანს, მიუხედავად ფიზიკური ან სხვა სახის შეზღუდვებისა, უნდა ჰქონდეს თავისუფალი გადაადგილებისა და ტურისტული მომსახურებით სარგებლობის თანაბარი უფლება,” – ამას ხაზგასმით აღიარებს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2006 წლის 13 დეკემბერს მიღებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, რომელსაც 140 ქვეყანასთან ერთად ხელს საქართველოც აწერს. მიუხედავად ამისა, საქართველოში ე.წ. ინკლუზიური ტურიზმი ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი.

სხვადასხვა ქვეყნებში სააგენტოები ინკლუზიურ ტურიზმს მომხმარებელს ცალკე პროდუქტად სთავაზობენ. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ამას “ტურიზმი ბარიერის გარეშე”, ავსტრალიაში კი “მისაწვდომი ტურიზმი” ეწოდება.

ტურიზმის ეს ფორმა გათვალისწინებულია არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვს, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სპეციალური შეთავაზებები და მომსახურება ჭირდება, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ასაკოვანი ადამიანებისთვის, ასევე, იმ ოჯახებისთვის, ვინც მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მოგზაურობს.

გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს სასტუმროები სრულ მომსახურებას უნდა სთავაზობდნენ, რაც შესაბამის ინფრასტრუქტურას გულისხმობს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათთვის მისაწვდომი იყოს ტურისტული ადგილები ქვეყნის მასშტაბით.

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ხელმძღვანელის გია ძნელაძის თქმით, საქართველოში ორივე მხრივ მძიმე მდგომარეობაა:

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბოლო წლებში, როგორც ამბობენ, აღმშენებლობა მიმდინარეობს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის გარემოს ადაპტირება მაინც არ ხდება. არ შეიძლება აშენებდნენ სასტუმროებს და ამბობდნენ, რომ ადაპტირება დაავიწყდათ, აშენდა სათაფლია – დაავიწყდათ, აშენდა სიღნაღი – დაავიწყდათ, ეს ხომ ახლა აშენდა და არა 1990–იან წლებში?! როგორ შეიძლება დაგავიწყდეს შენს საზოგადოებაში მცხოვრები ამდენი ადამიანი? მე არ ვამბობ, რომ მინდა გერმანიაში მოგზაურობა, მე მინდა ჩემს ქვეყანაში მოგზაურობა და ამის საშუალება არ მაქვს”, – ამბობს გია ძნელაძე. მისი განმარტებით, ინფრასტრუქტურის ადაპტირება არც თუ ისე დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული – “ამისთვის საჭიროა ნება, თუნდაც ერთხელ საქართველოს პრეზიდენტმა საჯარო გამოსვლისას რომ ახსენოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და თქვას, რომ მათთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, შეიძლება მოწოდებამ იმუშაოს”.

საქართველოში ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია “პარსა” მუშაობს. ორგანიზაციის დამფუძნებლის, თამარ მახარაშვილის განცხადებით, “პარსა” ინკლუზიური ტურიზმის ევროპული ქსელის ასოცირებული წევრი გახდა, რის შედეგადაც იმ სიახლეებსა და სტანდარტებს გაეცნენ, რაც მსოფლიოში აპრობირებულია.

ორგანიზაციამ თბილისის მასშტაბით კვლევა ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავდა გამოეკვლია, თუ რამდენადაა ადაპტირებული თბილისში არსებული სასტუმროები შშმ პირებისთვის:

“კვლევა სპეციალური, წინასწარ შემუშავებული მეთოდის საშუალებით ჩატარდა, მნიშვნელოვანი იყო გამოგვეკვლია ნომრები, სველი წერტილები, პარკინგი, შიდა და გარე პერიმეტრი და სხვადასხვა სერვისები. აღმოჩნდა, რომ 20–დან 4 სასტუმრო აღმოჩნდა ადაპტირებული, 2 – ნაწილობრივ ადაპტირებული, ანუ ადაპტირებულია გარე და შიდა პერიმეტრი, მაგრამ არა – სველი წერტილები, ხოლო 14 სასტუმრო საერთოდ არაადაპტირებული აღმოჩნდა”, – აცხადებს თამარ მახარაშვილი. მისი თქმით, საქართველოში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა გამოვლინდა სატრანსპორტო მომსახურების კუთხითაც.

ორგანიზაცია “პარსა” მომავალში ადაპტირებული სასტუმროების ონლაინ ბაზის შექმნას, ასევე, პერსონალის გადამზადებას, ჟესტურენოვანი გიდების მომზადებას და სხვა პროექტების განხორციელებას გეგმავს. ამ ყველაფერთან ერთად კი საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება იგეგმება:

“ჩვენი საზოგადოება სტერეოტიპულად აზროვნებს, მათ ჰგონიათ, რომ ასეთი ადამიანები ნაკლებად არიან დაინტერესებული ტურიზმით ან სხვაგვარი აქტივობებით. მსოფლიოში ჩატარებული კვლევები კი სხვას მეტყეველებს, ამიტომ ადამიანების ინფორმირებულობა ერთ–ერთი პრიორიტეტული საკითხია”, – ამბობს თამარ მახარაშვილი.

დღევანდელ პრეზენტაციაზე “პარსამ” მსოფლიოში ჩატარებული კვლევების შედეგებიც წარმოადგინა.

ავსტრალიაში ეროვნულ დონეზე ჩატარებული ვიზიტორთა კვლევა აჩვენებს, რომ ინკლუზიური ტურიზმი საერთო ტურისტული ბაზრის 11%–ს შეადგენს.

მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში კი შეზღუდული შესაძლებლობისა და დაქვეითებული მობილობის მქონე ადამიანები წლიურად ტურიზმში საშუალოდ 13.6 მილიარდ დოლარს ხარჯავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი