ახალი ამბები

პროკურატურა ტერორიზმში ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებას არ გაუფორმებს

19 მაისი, 2012 • • 1033
პროკურატურა ტერორიზმში ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებას არ გაუფორმებს

დღეს, 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა განაცხადა, რომ პროკურატურა წყვეტს ყველანაირ მოლაპარაკებას ტერორიზმში ბრალდებულებთან. მიზეზად პირობებზე შეუთანხმებლობა დასახელდა.

2010 წლის შემოდგომაზე საქართველოში განხორციელებული ტერაქტებში ბრალდებული 7 პირი თბილისის საქალაქო სასასამართლომ ჯერ კიდევ გასულ წელს გაასამართლა და მათ სასჯელად 20-30– წლიანი პატიმრობა შეუფართა, საქმეს ახლა თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს, თუმცა პროცესები საქალაქო სასამართლოს შენობაში ტარდება. სასამართლო პროცესს დარბაზის ყველა კუთხიდან, ჯამში, 6 ვიდეოკამერა იღებს, აუდიოჩაწერა ნებადართულია ჟურნალისტებისთვისაც.

პროკურორ ვლადიმერ ვექილიანის განცხადებით, ბრალდებულთა ადვოკატების მხრიდან საპროცესო შეთანხმებისთვის ისეთი პირობები იყო შემოთავაზებული, რაც მათ დანაშაულს არ შეეფერობოდა, რის გამოც პროკურატურამ მოლაპარაკებები საპროცესო შეთანხმებაზე შეწყვიტა.

პროკურატურის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა მსჯავრდებულ გოგიტა არქანიას ადვოკატისთვის, რადგან მან პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებას მიაღწია, რის შედეგადაც გოგიტა არქანია ციხეში 30-ის ნაცვლად 22 წელს გაატარებდა, მისი ძმა კი ციხიდან 1 წლისა და 7 თვის შემდეგ გამოვიდოდა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ რადგან პროკურატურამ საქმეში არსებულ სხვა ბრალდებულებთან ვერ მიაღწია შეთანხმებას, უკვე არსებული შეთანხმება ჩაშალა ძმებ არქანიებთანაც.

ერთ-ერთი დაკავებულის, დავით კეკუტიას ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის თავიდანვე მიუღებელი იყო პროკურატურის შეთავაზება, რადგან კეკუტია ტერორიზმში მონაწილეობის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

მორიგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 მაისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ აფეთქებებში ბრალდებული 7 პირი შსს-მ 2010 წლის 4 დეკემბერს დააკავა. ბრალდებულები არიან:  გოგიტა რევაზის ძე არქანია, ჯონი მურადის ძე აბულაძე,  მარიამ მურმანის ას ნიკოლავა, გოჩა მალხაზის ძე ხურცილავა, გოდერძი რევაზის ძე არქანია,  ლელა მალხაზის ას. ხურცილავა  და მერაბ შერმადინის ძე ყოლბაია, მეტსახელად “კოჭოია”. 

დაკავებულთაგან მხოლოდ ყოლბაიამ და არქანიამ მისცეს აღიარებითი ჩვენებები. დანარჩენებმა დანაშაული არ აღიარეს. ყველა მათგანს 25-30 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. 

მსჯავრდებულმა მერაბ ყოლბაიამ, იგივე “კოჭოიამ”,  2012 წლის 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხდა, რომ პირვანდელი აღიარებითი ჩვენება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მისცა. მის განცხადებას სახალხო დამცველის ოფისიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლები ტერორიზმში ბრალდებულებს მუდმივად აკვირდებიან. 

ამავე თემაზე:

ტერორიზმში ბრალდებულთა პროცესი კიდევ გადაიდო

ტერორიზმში ბრალდებულბს ომბუდსმენის ოფისი აკვირდება 

ტერაქტებში ბრალდებული აცხადებს, რომ ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა

რატომ აპირებს ტერაქტებში ბრალდებული შიმშილობის დაწყებას

მასალების გადაბეჭდვის წესი