ახალი ამბები

რეგლამენტის დამრღვევი დეპუტატებისთვის სანქციები მსუბუქდება

19 მაისი, 2012 • 1391
რეგლამენტის დამრღვევი დეპუტატებისთვის სანქციები მსუბუქდება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვით, დეპუტატს რეგლამენტის დარღვევის გამო უმსუბუქდება სანქციები.

ხშირად მოხვედრილა ვიდეოკამერების ობიექტივებში პარლამენტის მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას კენჭისყრის გაყალბების ფაქტები. საუბარია შემთხვევებზე, როცა დეპუტატი არ იმყოფება სხდომათა დარბაზში, ხმას კი მის ნაცვლად, მისი პულტის გამოყენებით, სხვა დეპუტატი აძლევს.

ასეთ კადრებში მოხვდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილიც, რომელიც დარბაზში იყო, თუმცა პულტს თავად არ აჭერდა თითს და ამ ფუნქციას მის გვერდით მჯდომი უმრავლესობის წევრი გიორგი იმნაძე ასრულებდა.

ამ ქმედების გამო ცისკარიშვილი არ დასჯილა, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, პულტით მანიპულირება დანაშაულია და სასჯელის სახით ერთი თვის ხელფასის დაქვითვას ითვალისწინებს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი აღნიშნავს, რომ  ამჟამად არსებული ნორმები საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით მკაცრი და უმოქმედოა, ხოლო ახალი რეგულაციებით ის უფრო შერბილებული და ქმედითი იქნება.

„არსებობს საკანონმდებლო ნორმა, რომელშიც აღნიშნულია, რომ არ შეიძლება ადამიანს დაექვითოს ხელფასის ნახევარზე მეტი თვის განმავლობაში, ასევე, მოქმედი კანონმდებლობით შეუძლებელია, რომ რამდენიმე თვით წინასწარი ხელფასის დაქვითვა მოხდეს. შესაბამისად, ამ ნორმებით ქმედუუნაროა ეს რეგლამენტით საჯარიმო სანქციები“, – მიიჩნევს  გოგორიშვილი.

პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებების პროექტის მიხედვით, დეპუტატს, თუკი იგი არ იმყოფება სხდომათა დარბაზში და კენჭისყრაში ხმა მიცემული აქვს, ხელფასის 20% დაექვითება.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა აღნიშნავს, რომ ასეთ ფაქტებზე რეაგირების მექანიზმი ახალი რეგლამენტით საერთოდ აღარ არის გათვალისწინებული:   

“რეალურად მექანიზმი, რომ სხდომის დასრულების შემდეგ დავუპირისპირდეთ ასეთ შემთხვევებს, უბრალოდ, არ  არსებობს, რადგან იმის საშუალება, რომ მოხდეს იდენტიფიცირება, ვისი პულტით განხორციელდა ხმის მიცემა, არ არსებობს. კანონპროექტის ავტორები კი დამატებითი მექანიზმების შემოღებას არ თვლიან მიზანშეწონილად. თუმცა მათგან გამოითქვა სურვილი, რომ, ზოგადად, პასუხისმგებლობის თავი არის ღია დისკუსიისთვის”.

ამჟამინდელი  რეგლამენტის მიხედვით, სანქცია ეკისრება იმ პირს, რომლის ხმაც არის გამოყენებული. ხოლო ვინც სხვის ნაცვლად აჭერს ხელს პულტს, მისთვის  დღეს მოქმედი რეგლამენტით და პროექტით არ არის პასუხისმგებლობის დაკისრება გათვალისწინებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი