ახალი ამბები

ავღანეთი, პაკისტანი და ახალი გამოწვევები ნატოს ჩიკაგოს სამიტზე

19 მაისი, 2012 • • 1273
ავღანეთი, პაკისტანი და ახალი გამოწვევები ნატოს ჩიკაგოს სამიტზე


2012 წლის ჩიკაგოს სამიტზე ნატო იმ გამოწვევებზე იმსჯელებს, რის წინაშეც ალიანსი ავღანეთიდან კონტიგენტის გაყვანის შემდეგ აღმოჩნდება.

საერთაშორისო მედია კი ამ კონტექსტში მოახლოებულ ნატოს სამიტზე ყურადღებას ამახვილებს პაკისტანის სამიტში აქტიურ ჩართვაზე.

იმ ფონზე, როდესაც ნატო ემზადება 2014 წლისთვის, როდესაც ყველა საბრძოლო ქვედანაყოფი ავღანეთს დატოვებს, ნატო აქცენტს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მხრივ პაკისტანზე, როგორც ავღანეთის მეზობელ სახელმწიფოზე აკეთებს.

BBC-ის ინფორმაციით, დიდი ალბათობაა იმის, რომ ჩიკაგოს სამიტს, წინა სამიტისგან განსხვავებით, პაკისტანიც დაესწროს (კერძოდ, საუბარია 2011 წლის დეკემბერში ავღანეთის საკითხზე გერმანიაში, ბონში ჩატარებულ სამიტზე, რომელში მონაწილეობაც პაკისტანმა არ მიიღო).

CNN კი პაკისტანს ნატო–ს სამიტზე შესაძლო მოულოდნელ სტუმრად მოიხსენიებს.

აღნიშნული შეხვედრები კი გაიმართება იმ ფონზე, როდესაც პაკისტანი ნოემბრიდან მოყოლებული ავღანეთში მიმავალ ნატოს ტვირთებისა და სატრანსპორტო გადაადგილებას ბლოკავს.  

საგზაო მარშრუტი, რომელსაც ალიანსი ავღანეთში ჯარის მოსამარაგებლად იყენებს, პაკისტანმა მას შემდეგ გადაკეტა, რაც 26 ნოემბერს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ავღანეთის საზღვარზე უპილოტოებით საჰაერო დარტყმა განახორციელა, რასაც 24 პაკისტანელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

თუმცა, პაკისტანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მთავრობამ ნატოს მომარაგების კოლონას საზღვარი კვლავ უნდა გაუხსნას, თუკი ისინი შედარებით მაღალ გადასახადზე დაიწყებენ მოლაპარაკებას (პაკისტანი ნატოს ტვირთების გატარებისთვის და საკუთარი ტერიტორიის გამოყენებისთვის უფრო მაღალი გადასახადების დაწესებას აპირებს).

“ჩვენ გვინდა ვიყოთ შუამავლები ამ პროცესში და არა ხელისშემშლელები და დამაბრკოლებელბი”, – აღნიშნავს პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰინა რაბანი.

ექსპერტები კი მომარაგების მთავარი სასაზღვრო გზების გახსნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგანაც ნატო ამ გზით უფრო ეფექტურად მოახერხებს იმ დიდი რაოდენობით ტექნიკის გაყვანას, რომელმაც დეკადის განმავლობაში თავი მოიყარა.  

ასევე მთავარი საკითხი, რომელიც განხილულ იქნება ჩიკაგოში არის ის, თუ ვინ გადაიხდის ავღანეთის არმიისა და პოლიციის რეფორმირებისთვის, მას შემდეგ რაც ნატო  დატოვებს ავღანეთს. ხარჯები კი საკმაოდ სოლიდურია და ის დაახლოებით 4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც ავღანეთის მთავრობას მხოლოდ მცირედის დაფინანსება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ 20-21 მაისს, აშშ-ში, ჩიკაგოში გაიმართება ნატოს სამიტი, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი