ახალი ამბები

კონტროლის პალატის განცხადება “ქართული ოცნების” დაქირავებული კომპანიის დაჯარიმებაზე

19 მაისი, 2012 • 895
კონტროლის პალატის განცხადება “ქართული ოცნების” დაქირავებული კომპანიის დაჯარიმებაზე

კონტროლის პალატამ “ქართული ოცნების” მიერ დაქირავებული კომპანიის შპს მენეჯმენტ სერვისის 5 მილიონი ლარით დაჯარიმების შესახებ განცხადება გაავრცელა. 

“საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, პოლიტიკური სუბიექტების შემოსავლებისა და ხარჯების კანონშესაბამისობის დადგენის მიზნით, მათი ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი  განახორციელა.

კანონით მონიჭებული მანდატის ფარგლებში, სამსახურმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“  და მის „კოალიციაში“  შემავალი სუბიექტების მიერ იჯარით აღებულ ფართებთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების კანონიერება შეისწავლა, რადგან ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად  განხორციელებულ  საქმიანობასა და ფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშგებას შორის შეუსაბამობა აღმოჩნდა. საქართველოს კონტროლის პალატაში წარდგენილი საფინანსო დეკლარაციების მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს არ ჰქონდათ დეკლარირებული საოფისე ფართების საიჯარო და რემონტის ხარჯები.

პოლიტიკური სუბიექტებისათვის საოფისე ფართების დაქირავებას და სარემონტო სამუშაოების ჩატარებას საკუთარი სახსრებით შპს „მენეჯმენტ სერვისი“ ახორციელებდა, რომელიც  თავის მხრივ უშუალო სარემონტო პროცედურების შესრულებას შპს „ბურჯს“ უკვეთავდა. ორივე ზემოაღნიშნული კომპანიის დამფუძნებელია ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია და ორივე მათგანის წარმომადგენელი  საქართველოში ფიზიკური პირი კახა კობიაშვილია. ორივე საწარმოს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა და დღესაც ხელმძღვანელობს ნოე ქინქლაძე, რომელიც ამავდროულად არის მოძრაობა „ქართული ოცნების“ წევრი და მისი წარმომადგენელი მესამე პირებთან, მათ შორის კონტროლის პალატასთან ურთიერთობაში. აღნიშნულ კომპანიებს საბუღალტრო მომსახურებას უწევს გიორგი ქსოვრელი, რომელიც ამავე  დროს არის მოძრაობა „ქართული ოცნების“ ბუღალტერი, ხელს აწერს კონტროლის პალატაში წარსადგენ ფინანსურ დოკუმენტაციებს, რომელიც იგზავნება ნოე ქინქლაძის სახელით.ამდენად,   შპს „მენეჯმენტ სერვისის“ და  შპს „ბურჯის“  ხელმძღვანელები  და ფინანსური  საქმიანობის აღრიცხვაზე  პასუხისმგებელი პირებიც კი, ამავდროულად, დასაქმებულები არიან ააიპ „მოძრაობა ქართულ ოცნებაში“ და აღნიშნულ პოლიტიკურ სუბიექტთან პირდაპირ კავშირში იმყოფებიან.

შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ 2012 წლის თებერვლიდან საიჯარო საქმიანობასთან დაკავშირებული  ბიზნესი წამოიწყო, რომლის მიხედვითაც, იგი ახორციელებდა საოფისე ფართების დაქირავებას, მათ გარემონტებას, ავეჯით და ტექნიკით უზრუნველყოფას და პოლიტიკურ პარტიებზე ქვექირავნობით გადაცემას. მათ მიერ პოლიტიკურ პარტიებთან უკვე გაფორმებულია ქვექირავნობის 60 ხელშეკრულება. ფართების დაქირავებიდან რამდენიმე დღეში, ხშირ შემთხვევაში მეორე დღესვე, შპს „მენეჯმენტ სერვისი“ დაქირავებულ ფართებს ქვექირავნობით პოლიტიკურ პარტიებს გადასცემდა, თუმცა ფართის მესაკუთრეებს წინასწარ უხდიდა რამდენიმე თვის, ხშირ შემთხვევაში იჯარის სრულ თანხას. გამოვლინდა, რომ აღნიშნული ბიზნეს გარიგებები არ იყო  მოგებაზე ორიენტირებული და, შესაბამისად, არ ემსახურებოდა კომპანიის სამეწარმეო მიზნებს.

ქირავნობის და ქვექირავნობის ხელშეკრულების შესწავლისას მთელი რიგი დარღვევები იქნა აღმოჩენილი. დადგინდა, რომ ხშირ შემთხვევაში შპს „მენეჯმენტ სერვისს“  ფართები უფრო ნაკლები ვადით ჰქონდა ნაქირავები, თუმცა გაცილებით დიდი ხანგრძლივობით მიქირავებული პოლიტიკურ სუბიექტებზე, რაც აბსოლიტურად კანონშეუსაბამო ფაქტია. მაგალითად: გურჯაანში შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ საოფისე ფართი იქირავა 11 თვით, ხოლო პარტიას მიაქირავა 22 თვით;  თელავში „ბანკი ქართუსგან“  იქირავა 10 თვით, ხოლო პარტიას მიაქირავა 19 თვით, ხობში ოფისი იქირავა 11 თვით, პარტიებს მიაქირავა 20 თვით და ა.შ.  სამსახურმა მიიჩნია, რომ ხელშეკრულებებში ქირავნობის  არარეალური ვადების გაწერა მიზნად ემსახურება დადებული გარიგებების ნამდვილი შინაარსის შენიღბვას, რადგან რეალური ვადების და რეალური ხარჯების მითითების შემთხვევაში, ცალსახად თვალსაჩინო გახდებოდა, რომ სამეწარმეო სუბიექტი წაგებაზე ორიენტირებულ საქმიანობას ახორციელებდა და უსასყიდლო მომსახურებას უწევდა პოლიტიკურ სუბიექტებს, რაც, ბუნებრივია, იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ უკანონო შემოწირულებას წარმოადგენს.

ზემოაღნიშნული ფაქტორების გარდა, ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მოპოვებული მასალების შესწავლამ ცხადყო, რომ მთელ რიგ ოფისებში, მხოლოდ მინიმალური ხარჯების გათვალისწინებით, შპს „მენეჯმენტ სერვისის“  მიერ გაწეული ხარჯები, მნიშვნელოვნად აღემატება პარტიების მხრიდან მრავალი თვის გადანაწილებით პოტენციურად მისაღებ შემოსავალსაც კი (მაგალითად:  ლანჩხუთი, ჩოხატაური, ფოთი, ჭიათურა).

იმის მიუხედავად, რომ მთელ რიგ ოფისებში საკმაოდ ძვირადღირებული, მაღალი ხარისხის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, საქართველოს კონტროლის პალატამ იხელმძღვანელა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ყველაზე დაბალი ხარისხის სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულებით და გარემონტებული ფართების მოცულობის დადგენისას დაეყრდნო მხოლოდ თავად შპს „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ მოწოდებულ ნარდობის ხელშეკრულებებს, რომლის საფუძველზეც განსაზღვრა, რომ შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ კოალიციაში შემავალი პარტიების– „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“– სარგებლობაში არსებული ფართების სარემონტო სამუშაოებზე  476.619.51 ლარის ხარჯი გასწია, რაც წარმოადგენს იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ უკანონო შემოწირულებას.

საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე შპს „მენეჯმენტ სერვისი“ ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად. 2012 წლის 14 მაისს საქართველოს კონტროლის პალატაში გაიმართა ადმინისტრაციული საქმის განხილვა, რა დროსაც ფინანსური მონიტრინგის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევები კომპანიის წარმომადგენლებმა მხოლოდ ტექნიკური მიზეზებით ახსნეს. 

იმის გამო, რომ განხილული მტკიცებულებებით  ერთმნიშვნელოვნად  დადასტურდა შპს „მენეჯმენტ სერვისის“  მიერ  „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის“ დარღვევის ფაქტი, იგი დაჯარიმდა პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობის ათმაგი ოდენობით, რადგან მას, როგორც იურიდიულ პირს, არ ჰქონდა რაიმე სახის შემოწირულობის განხორციელების უფლება.

საქართველოს კონტროლის პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ იზღუდება სამეწარმეო საქმიანობა და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია გაუწიოს მომსახურება პოლიტიკურ სუბიექტებს მათი სამეწარმეო მიზნებიდან გამომდინარე, თუმცა ეს არ უნდა ხორციელდებოდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მოთხოვნების გვერდის ავლის  მიზნით, “- ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში. 

ამავე თემაზე: 

კონტროლის პალატამ „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული კომპანია დააჯარიმა

მასალების გადაბეჭდვის წესი