ახალი ამბები

ISFED: პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტიების წევრებზე შესაძლო ზეწოლის შემთხვევებმა იმატა

9 სექტემბერი, 2016 • 1213
ISFED: პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტიების წევრებზე შესაძლო ზეწოლის შემთხვევებმა იმატა

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესის მესამე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, რომელიც 8 აგვისტოდან 1 სექტემბრის პერიოდს მოიცავს, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და მუქარის 11, ფიზიკური დაპირისპირების 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 5, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 4, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 7,  სააგიტაციო მასალების დაზიანების 5 ფაქტი გამოვლინდა.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლისა და პარტიული ოფისების დაზიანების შემთხვევაში 3-ჯერ თავს “ერთიანი ნაციონაური მოძრაობის” დაესხნენ, ხოლო 2 შემთხვევაში “ქართული ოცნების” კანდიდატების საჯარო შეხვედრების ჩაშლის მცდელობა დაფიქსირდა.  გაიზარდა ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლა-მუქარის შემთხვევებიც:

“საგულისხმოა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაფიქსირებული 11 ფაქტიდან 3 შემთხვევაში იკვეთება უშუალოდ პოლიციის მიერ ზეწოლა-მუქარის განხორციელება პოლიტიკური აქტივისტების მიმართ. უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაც საჭიროებს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროულ და ეფექტურ რეაგირებას,” – ნათქვამია კვლევაში.

მაგალითად,  ISFED-ის ინფორმაციით, 30 აგვისტოს, 16:30 საათზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიაში მცხოვრებ აზა საჯაიას, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და პარტიის კოორდინატორია, სახლში ზუგდიდი-ქუთაისის კრიმინალურმა პოლიციამ მიაკითხა და ჩხრეკის ჩატარება მოითხოვა. პოლიციის თქმით, არსებობდა ეჭვი სახლში იარაღის შენახვის შესახებ. აზა საჯაიას თქმით, მან სამართალდამცავებს ჩხრეკის ორდერი მოსთხოვა, რაზეც უპასუხეს, რომ ორდერი არ ჰქონდათ, მაგრამ ჩხრეკის პროცესს ორი მეზობლის თანდასწრებით ჩაატარებდნენ. აზა საჯაიამ სცადა მობილური ტელეფონით ახლობლებთან დაკავშირება, თუმცა პოლიციელებმა ტელეფონი გამოართვეს და დაკავშირების საშუალება არ მისცეს. ხოლო, როცა მან მეზობლების დაძახება სცადა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს – დაშავებული ამ ფაქტში პოლიტიკურ მოტივს ხედავს.

ISFED-ისკვლევის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი. კონკრეტულად, “პატრიოტთა ალიანსი” ახდენდა ამომრჩეველთა დაინტერესებას საკვები პროდუქტების უსასყიდლო გადაცემით.

მონიტორინგის შედეგად ორგანიზაციამ ხარვეზები გამოავლინა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის პროცესშიც. კერძოდ, ორგანიზაცია პოლიტიკური პარტია “ცენტრისტების” რეგისტრაციის საკითხს ასახელებს. ISFED-ის თქმით, ცესკომ არასაკმარისი და არასათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე დაარეგისტრირა აღნიშნული პარტია საარჩევნო სუბიექტად.

ორგანიზაციის მესამე შუალედურ კვლევაში ცესკოს მიერ რიგი პარტიებისთვის წილისყრის გარეშე ნომრის მინიჭების საკითხსაც განიხილავს. ISFED-ის აზრით, ამ დადგენილებამ პარტიები არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა:

“ხარვეზებით წარიმართა საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული წევრებით დაკომპლექტების პროცესი, რამაც საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრების პოლიტიკური მიუკერძოებლობის მიმართ მნიშვნელოვანი კითხვები გააჩინა. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, რამდენიმე საარჩევნო ოლქში საუბნო კომისიის შესარჩევი წევრები წინასწარ არსებული სიების მიხედვით შეარჩიეს. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ამ სიებში ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივისტების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან” – ვკითხულობთ კვლევაში. 

რაც შეეხება არაუფლებამოსილი პირის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღებას, ასეთ ქმედებად ISFED-მა 30 აგვისტოს ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცეპრეზიდენტის, კნუტ ფლეკენშტეინი ვიზიტი შეაფასა, რომლის ფარგლებშიც ფლეკენშტეინმა პარტიის გენერალურ მდივანთან, კახი კალაძესთან ერთად პარტიის სიმბოლიკის ფონზე პრესკონფერენცია გამართა, სადაც „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ აგიტაცია გასწია და პარტიას ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა.

ორგანიზაცია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდო გადაცდომის და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. ცესკოს კი რეკომენდაციით მიმართავს, რომ დაიცვას საარჩევნო კოდექსი და პოლიტიკური სუბიექტების თანასწორობის პრინციპი.

მასალების გადაბეჭდვის წესი