ახალი ამბები

ცესკო: “გირჩმა” რეგისტრაცია გაიუქმა, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” არჩევნებიდან მოიხსნა

8 სექტემბერი, 2016 • 1752
ცესკო: “გირჩმა” რეგისტრაცია გაიუქმა, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” არჩევნებიდან მოიხსნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო სუბიექტმა “გირჩმა” რეგისტრაცია გაიუქმა, ხოლო “ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ” საარჩევნო სიის დოკუმენტები არ წარადგინა.

2016 წლის არჩევნებში 30 პარტია და პოლიტიკური ბლოკი იყო დამოუკიდებლად დარეგისტრირებული, თუმცა იმის გამო, რომ “გირჩმა” გაიუქმა რეგისტრაცია და ბაჩუკი ქარდავას პარტიამ დღემდე არ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, არჩევნებში 28 საარჩევნო სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას.

“ამის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია განახორციელებს კანონით განსაზღვრულ პროცედურებს. ცესკოს სათანადო სამსახურმა უკვე დაიწყო შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება. კანონმდებლობის მიხედვით, 10 დღის ვადაში, არაუგვიანეს 26-ე დღისა, ცესკოს სათანადო სამსახური წარუდგენს დასკვნას ცესკოს თავმჯდომარეს, რომელიც არჩევნებამდე არაუგვიანეს 3 დღისა მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას: გატარდება პარტიული სია რეგისტრაციაში ან იმ შემთხვევაში, თუკი აღმოჩნდება გარკვეული ხარვეზები, ცესკოს სათანადო სამსახური აცნობებს კონკრეტულ პარტიას ხარვეზების მითითებით და მათ მიეცემათ სამდღიანი ვადა ამის გამოსასწორებლად,” – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 29 აგვისტოს “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”  “გირჩის” გარეშე დარეგისტრირდა. პოლიტიკურ ბლოკში აცხადებდნენ, რომ ეს ნაბიჯი შიდაპარტიული შეთანხმების შედეგად გადადგეს, რაც მათთვის ტექნიკურად უფრო ხელსაყრელი იყო.

საბოლოო ჯამში, საარჩევნო პროცედურების დასრულების ბოლო ვადაა 18 სექტემბერი. პარტიებისა და პოლიტიკური ბლოკების საარჩევნო სიების წარდგენის პროცესი დღეს, 18:00 საათზე დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი