ახალი ამბები

კონტროლის პალატამ „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული კომპანია დააჯარიმა

19 მაისი, 2012 • 911
კონტროლის პალატამ  „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული კომპანია დააჯარიმა

შპს “მენეჯმენტ სერვისი”, რომელიც “ქართული ოცნებისთვის” საოფისე ფართებს ქირაობდა, საქართველოს კონტროლის პალატამ 5 მილიონი ლარით დააჯარიმა.

როგორც შპს მენეჯმენტ სერვისის ხელმძღვანელი ბესიკ დემეტრაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში განმარტავს, კონტროლის პალატამ კომპანია პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობის გამო დააჯარიმა. 

“კონტროლის პალატამ გადაწყვიტა, რომ ეს არის შემოწირულობა პოლიტიკური პარტიებისთვის. თუმცა ამ სარემონტო სამუშაოების ღირებულებას პარტიები იხდიდნენ. ეს იყო კომერციულ საფუძვლებზე დამყარებული ურთიერთობა და, შესაბამისად, ჩვენს კომპანიას მოგებაც ჰქონდა. თუ კონტროლის პალატამ ჩათვალა, რომ ეს იყო შემოწირულობა პარტიებისთვის, მაშინ ამ ფულის გაფლანგვისთვის უნდა დავეჯარიმებინე,”- ამბობს დემეტრაშვილი. 

გარდა იმისა, რომ შპს მენეჯმენტ სერვისის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ კონტროლის პალატამ კომპანია უკანონოდ დააჯარიმა, ამბობს, რომ სახელმწიფომ საჯარიმო თანხა ძალიან გაზარდა. 

“მაგალითად, ქობულეთის ოფისისთვის 400 კვ. მეტრის ფართობის სახლი გვქონდა დაქირავებული, სადაც მხოლოდ 1100 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაო ჩატარდა, ვინაიდან მხოლოდ კარი შევცვალეთ. დოკუმენტაციაშიც მხოლოდ კარის, ლურსმნებისა და ჭანჭიკების საფასური წერია. თუმცა კონტროლის პალატამ, ისე, რომ ოფისი თვალით არ უნახავს, გადაწყვიტა მთლიანად ამ 400 კვ. მეტრის სარემონტო სამუშაოების საფასურით დავეჯარიმებინეთ, ვინაიდან ერთი კვადრატულის რემონტი საშუალოდ 150 ლარი ჯდება, ეს თანხა 400-ზე გაამრავლეს. მოგელაძეს გუშინაც ვეუბნებოდი, რემონტი არ მაქვს გაკეთებული, მხოლოდ კარი გამოვცვალე, იყავით, ნახეთ, შეამოწმეთ, რა გაკეთდა-მეთქი? იქნებ იმაზე ბევრად მეტია გაკეთებული, ვიდრე ეს? -არ გვაინტერესებსო,”- ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი. 

როგორც შპს მენეჯმენტ სერვისის ხელმძღვანელი ამბობს, კომპანიას სულ 22 ოფისში აქვს სარემონტო სამუშაოები ჩატარებული და ჯარიმის ოდენობაც კონტროლის პალატამ ყველა მათგანისთვის ამ ფორმულით განსაზღვრა. 

კომპანიის დაჯარიმებასთან დაკავშირებით ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია საქართველოს კონტროლის პალატას. როგორც კონტროლის პალატაში ამბობენ, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას დღის ბოლომდე გაავრცელებენ. 

შპს მენეჯმენტ სერვისი კონტროლის პალატის აღნიშნულ გადაწყვეტილებას 10 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ამავე თემაზე: 

რატომ ვერ ხსნის რეგიონულ ოფისებს “ქართული ოცნება” და “მე-9 არხი” [Video]

მასალების გადაბეჭდვის წესი