ახალი ამბები

”ქომაგი” ივანიშვილთან კავშირს კვლავ უარყოფს

19 მაისი, 2012 • • 1507
”ქომაგი” ივანიშვილთან კავშირს კვლავ უარყოფს

ია მეტრეველი ”ქომაგის” პრეზენტაციაზე
ია მეტრეველი ”ქომაგის” პრეზენტაციაზე

დღეს, 15 მაისს გამართულ პრეზენტაციაზე საქველმოქმედო ფონდ ”ქომაგის” თავმჯდომარე ია მეტრეველმა აბსურდული და ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფი უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ფონდის საშუალებით ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად დევნილ ადამიანებს ფინანსურად დაეხმარება.

ფონდი ”ქომაგი” მიმდინარე წლის 30 აპრილს დააფუძნეს: ია მეტრეველმა, მარი ჯანაშიამ, ლევან გორდეზიანმა და კოტე ჯანდიერმა. მიუხედავად ამისა, ფართო საზოგადოებას ”ქომაგის” დაარსება ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა რამდენიმე დღის წინ ამცნო და მოსახლეობას ფონდის ფინასური დახმარებისკენაც მოუწოდა.  სწორედ ”ქართული ოცნების” იმერეთის კოორდინატორმა გუბაზ სანიკიძემ მიაწოდა ადგილობრივებს ინფორმაცია ”ქომაგის” შექმნის შესახებ და დაპირდა, რომ ორგანიზაცია ოფისს ქუთაისშიც გახსნიდა.

ია მეტრეველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის არ იცნობს ”ქართული ოცნების” წევრთა განცხადებებს “ქომაგთან” დაკავშირებით და, შესაბამისად, ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. მისთვის ასევე უცნობი აღმოჩნდა კონტროლის პალატის 15 მაისის განცხადება.

კონტროლის პალატა მიიჩნევს, რომ ორგანიზაციის მიზნები და მასთან დაკავშირებით ”ქართული ოცნების” ლიდერთა განცხადებები პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შესაძლებლობას აჩენს.

”კონტროლის პალატის აზრით, ეს განცხადება, რომლის სუბიექტები, შინაარსი და ფორმა პოლიტიკური ხასიათითაა ნიშანდებული, დაუფარავად უშვებს პოლიტიკური დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შესაძლებლობას, რის გამოც იწვევს შეშფოთებას და მოითხოვს პრევენციულ რეაგირებას. ფინანსური მონიტორინგის სამსახური ყურადღებით დააკვირდება მოვლენების შემდგომ განვითარებას და კანონდარღვევის დადგენილ ფაქტებთან დაკავშირებით მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ზომებს,” – ნათქვამია კონტროლის პალატის 15 მაისის განცხადებაში.

ია მეტრეველმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს კავშირი არა აქვს ”ქომაგთან” და საქველმოქმედო ფონდს მხოლოდ ქართველი ბიზნესმენები და ემიგრანტები დააფინასებენ, თუმცა ”ქომაგის” თავმჯდომარე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს მათ ვინაობას.

 პოლიტიკური დევნის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ფონდი “ქომაგი“ დაზარალებულ მოქალაქეს გამოუყოფს ადვოკატს, აუნაზღაურებს მკურნალობის და სხვა ხარჯებს, მოახდენს წართმეული სოციალური შემწეობის და დაკარგული ხელფასის სრულ კომპენსაციას, პოლიტიკური პატიმრების ოჯახებს გამოუყოფს 1500-დან 5000 ლარამდე ყოველთვიურ დახმარებას, ოჯახის წევრთა საჭიროებებიდან გამომდინარე.

რამდენიმე დღის წინ მედიასაშუალებებისთვის, მათ შორის ”ნეტგაზეთისთვის”, გამოგზავნილ პრესრელიზში ფონდ ”ქომაგის” საბანკო ანგარიშის ნომრად მითითებულია შემდეგი: ”მიმღების დასახელება – საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფონდი ქართუ“ ; ანგარიში –  GE80 TB79 2563 6080 1000 01”. ია მეტრეველმა განმარტა, რომ პრესრელიზის ავტორს, უბრალოდ, შეეშალა და ”ქომაგის” ნაცვლად ”ქართუ” დაწერა, სინამდვილეში კი ამ ორ ფონდს საერთო არაფერი აქვს.

ფონდის პრეზენტაციაზე ია მეტრეველმა არ დამალა საკუთარი სიმპათიები ”ქართული ცონების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისადმი და განაცხადა, რომ  ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად 2004 წელს შვილის, ბუტა რობაქიძის სიკვდილის შემდეგ განეწყო.

”არ დავმალავ, რომ ჩემი სიმპათიები იხრება ბიძინა ივანიშვილისადმი და გაჩნდა იმედი, რომ ოქტომბერში ხელისუფლება შეიცვლება,” – განაცხადა ია მეტრეველმა.

ამავე თემაზე:

არასამთავრობოების განცხადება “ქომაგთან” დაკავშირებით

კონტროლის პალატის რეაქცია ”ქომაგის” დაარსებაზე

ამომრჩევლის მოსყიდვა, თუ უანგარო ქველმოქმედება

მასალების გადაბეჭდვის წესი