ახალი ამბები

გვარამია: მიხეილ ჩინჩალაძე რუსთავი 2-ის საქმის დასაშვებობის განმხილველ კოლეგიაზე ზეწოლას ახდენს

8 სექტემბერი, 2016 • 2027
გვარამია: მიხეილ ჩინჩალაძე რუსთავი 2-ის საქმის დასაშვებობის განმხილველ კოლეგიაზე ზეწოლას ახდენს

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ უზენაეს სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველ სამ მოსამართლეზე ზეწოლა მიმიდნარეობს. მისივე თქმით, ამ ზეწოლას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ ჩინჩალაძე ახორციელებს.

გვარამიას განცხადებით, მას ეს ინფორმაცია უზენაესი სასამართლოდან საკუთარმა წყარომ მიაწოდა.

“კოლეგია, რომელიც საქმეს იხილავს, აბსოლიტურად ჩამოყალიბებულია იმაზე, რომ საქმე იყოს განხილული, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მათზე უმძიმესი ზეწოლა ხორციელდება. ამ ზეწოლაში მონაწილეობენ სასამართლოში წარმოდგენილი ცალკეული თანამდებობის პირები, მოსამართლეები. ჩვენი საქმის განმხილველ მოსამართლეებზე მიმდინარეობს ზეწოლა გარედან, ამაში ჩართულია უსაფრთხოების სამსხურები,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ 8 სექტემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა უზენაესი სასამართლოს სპიკერს, რომელმაც განგვიცხადა, რომ ვიდრე საქმე იხილება, საქმესთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებენ. უზენაეს სასამართლოს ამ დრომდე არ გადაუწყვეტია რუსთავი 2-ის საქმის დასაშვებად ცნობის საკითხი.

გვარამიას თქმით,  ჩინჩალაძე როგორც ნაციონალური მოძრაობის დროს, ასევე ქართული ოცნების მმართველობისას ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს:

“ვალერი ცერცვაძე იყო მეორე ინსტანციაში, უზენაეს სასამართლოში ხელისუფლების წარმომადგენელი მიხეილ ჩინჩალაძეა, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა. ბატონი ცერცვაძეც და ჩინჩალაძეც ხელისუფლებას წარმოადგენდნენ ნაციონალური მოძრაობის დროსაც, დღეს კი ისინი ქართულ ოცნებას წარმოადგენენ. ბატონი ჩინჩალაძე მოსამართლეთა კოლეგიას არ აძლევს უფლებას, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება. ჩინჩალაძე მთლიანად არის ინტეგრირებული ხელისუფლებაში. ჩვენ ვსწავლობთ მის ბიზნესებს. ის სახელმწიფოსთან კომუნიცირებს ბატონი ივანე ზარდიაშვილის მეშვეობით, რომელიც კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. ეს ადამიანი სავარაუდოდ არის ქართული ოცნების საარჩევნო სიაში. ზარდიაშვილი და ჩინჩალაძე არიან მეჯვარეები.

დასრულდება ის ტრიადა, რომელიც მართავდა სასამართლოს მანამდეც და ახლაც. ამ ტრიადის სახეა მხოლოდ მურუსიძე, ამ ტრიადაში გადაწყვეტილებებს იღებდნენ ჩინჩალაძე და ცერცვაძე. მე ვიცი, რაზეც ვსაუბრობ, ასე იყო გუშინაც და დღესაც. რუსთავი 2-ის საქმეში ფათური არავის არ შერჩება. მე მოვუწოდებ მოსამართლეებს, რომლებიც ზეწოლას უმკლავდებიან. ჩინჩალაძეები მიდიან და მოდიან, თქვენ რჩებით. თქვენ უნდა განახორციელოთ მართლმსაჯულება. ნუ დაიღუპავთ თავს იმიტომ, რომ სხვამ ფული გააკეთოს,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი