ახალი ამბები

კონტროლის პალატის რეაქცია ”ქომაგის” დაარსებაზე

19 მაისი, 2012 • • 1179
კონტროლის პალატის რეაქცია ”ქომაგის” დაარსებაზე

კონტროლის პალატა სპეციალური განცხადებით ეხმიანება საქველმოქმედო ფონდ ”ქომაგის” დაარსებას და მიიჩნევს, რომ ორგანიზაციის მიზნები და მასთან დაკავშირებით ”ქართული ოცნების” ლიდერთა განცხადებები პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შესაძლებლობას აჩენს.

”კონტროლის პალატის აზრით, ეს განცხადება, რომლის სუბიექტები, შინაარსი და ფორმა პოლიტიკური ხასიათითაა ნიშანდებული, დაუფარავად უშვებს პოლიტიკური დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შესაძლებლობას, რის გამოც იწვევს შეშფოთებას და მოითხოვს პრევენციულ რეაგირებას. ფინანსური მონიტორინგის სამსახური ყურადღებით დააკვირდება მოვლენების შემდგომ განვითარებას და კანონდარღვევის დადგენილ ფაქტებთან დაკავშირებით მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ზომებს,” – ნათქვამია კონტროლის პალატის 15 მაისის განცხადებაში.

კონტროლის პალატა ასევე მოუწოდებს სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაინტერესდნენ ამ განცხადებით, ვინაიდან პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობისა და ანგარიშგების სისტემის ეფექტიანობა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მათ აქტიურ ჩართულობაზე ამ პროცესში.

ფონდი ”ქომაგი” მიმდინარე წლის 30 აპრილს დაფუძნდა, რამდენიმე დღის წინ კი ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა საზოგადოებას ფონდის დახმარებისკენ მოუწოდა, თუმცა ”ნეტგაზეთთან” საუაბრში მან ”ქართული ოცნების” კავშირი ”ქომაგთან” უარყო.

 პოლიტიკური დევნის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ფონდი “ქომაგი“ დაზარალებულ მოქალაქეს გამოუყოფს ადვოკატს, აუნაზღაურებს მკურნალობის და სხვა ხარჯებს, მოახდენს წართმეული სოციალური შემწეობის და დაკარგული ხელფასის სრულ კომპენსაციას, პოლიტიკური პატიმრების ოჯახებს გამოუყოფს 1500-დან 5000 ლარამდე ყოველთვიურ დახმარებას, ოჯახის წევრთა საჭიროებებიდან გამომდინარე.

ფონდს 2004 წელს თბილისში პოლიციასთან შეტაკებისას დაღუპული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი ხელმძღვანელობს. ფონდის გამგეობის წევრები არიან: მარი ჯანაშია, ლევან გორდეზიანი  და კონსტანტინ ჯანდიერი.

რამდენიმე დღის წინ მედიასაშუალებებისთვის, მათ შორის ”ნეტგაზეთისთვის”, გამოგზავნილ პრესრელიზში ფონდ ”ქომაგის” საბანკო ანგარიშის ნომრად მითითებულია შემდეგი: ”მიმღების დასახელება – საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფონდი ქართუ“ ; ანგარიში –  GE80 TB79 2563 6080 1000 01”

რატომ აქვს დამოუკიდებელ ფონდ ”ქომაგს” ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდ ”ქართუს” ანგარიშის ნომერი და რა კავშირია მათ შორის, ამაზე ია მეტრეველი საუბარს უახლოეს დღეებში აპირებს

ია მეტრეველმა ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ჯერჯერობით ფონდის საქმიანობაზე დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდის, თუმცა, მისი თქმით, ფონდს დააფინანსებენ ქართველი ემიგრანტები და ბიზნესმენები, რომელთა ვინაობა მალე გახდება ცნობილი. ია მეტრეველი კითხვებზე პასუხის გაცემას დღეს, 15 მაისს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე აპირებს.

ია მეტრეველი, ფონდ ”ქომაგის” თავმჯდომარე, მიმდინარე წლის თებერვალში კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ივანიშვილის პრესსამდივნოს ცნობით, შეხვედრაზე ია მეტრეველი ბიძინა ივანიშვილს შვილის გარდაცვალების გარემოებებზე ესაუბრა. გარდა ამისა, ია მეტრეველი ”ქართული ოცნების” ლიდერებთან სხვადასხვა შეხვედრებზე არაერთხელ გამოჩენილა და პოლიტიკური განცხადებებიც გაუკეთებია.

ამავე თემაზე:

ამომრჩევლის მოსყიდვა, თუ უანგარო ქველმოქმედება

მასალების გადაბეჭდვის წესი