ახალი ამბები

მწვრთნელების ნაწილისთვის სახელფასო დანამატების გაცემა წინასაარჩევნო პერიოდში იწყება

8 სექტემბერი, 2016 • 1335
მწვრთნელების ნაწილისთვის სახელფასო დანამატების გაცემა წინასაარჩევნო პერიოდში იწყება

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სექტემბრიდან მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებულ მწვრთნელებს 50-70 ლარამდე დანამატს გადაუხდის.

“გარდა ამისა, აღნიშნულ პირებს დამატებით შეიძლება მიეცეთ 10 ლარი, თუ ისინი ფლობენ მწვრთნელის დიპლომს ან შესაბამისი ფედერაციის მიერ გაცემულ ლიცენზიას. იმ შემთხვევაში, თუ მწვრთნელის მიერ აღზრდილი 1 სპორტსმენი მონაწილეობდა ეროვნულ ჩემპიონატში, ან ორმა სპორტსმენმა მაინც დაიკავა საპრიზო ადგილი ადგილობრივ შეჯიბრებებში, თანხას კიდევ 10 ლარი დაემატება”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სამინისტროს სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსს ვასილ ლიპარტელიანს, რომელიც განმარტავს, რომ აღნიშნული ინიციატივა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონზე მუშაობის ფარგლებში გაჩნდა. ლიპარტელიანის თქმით, კანონის მიღების შემდეგ მთის საბჭომ მაღალმთიანი დასახლების იდენტიფიცირებაზე იზრუნა, ხოლო როდესაც დასახლებები განისაზღვრა, იუსტიციის სამინისტრომ განსაზღვრა, ვის აქვს მაღალმთიან დასახლებაში მყოფთა სტატუსი და შესაბამისი ბაზა შეიმუშავა:

“პარალელურად ჩვენ ვმუშაობდით დაგვედგინა, თუ ვინ იყვნენ მწვრთნელები, რომლებიც მაღალმთიან დასახლებებში მუშაობდნენ”,- ამბობს ლიპარტელიანი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი რატი თინიკაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ თუ კანონითაა გათვალისწინებული ამგვარი დაფინანსება, დანამატის გაცემა კანონდარღვევად არ ჩაითვლება:

“თუ კანონითაა გათვალისწინებული ამგვარი დაფინანსების გაცემა, კანონდარღვევასთან არ გვექნება საქმე, მაგრამ თუ კანონში არ არის გათვალისწინებული ამგვარი ფულადი სახსრების გადაცემა, ან რაიმე ტიპის მომსახურების გაწევა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს საუბარი ამომრჩევლის მოსყიდვაზე”,- ამბობს თინიკაშვილი.

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონი 2015 წლის ივლისში დამტკიცდა, კანონმა განსაზღვრა მუხლები, რომლებიც სწორედ 2016 წლის სექტემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო. სექტემბრიდან ასამოქმედებელ მუხლებს შორისაა მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის და სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს და ამტკიცებს შესაბამის სახელმწიფო პროგრამას.

სამინისტროს ცნობით, ამჟამად  200-მდე მწვრთნელია რეგისტრირებული, რომელიც დანამატს მიიღებს. პროგრამის განსახორციელებლად კი წელს სამინისტროს ბიუჯეტიდან 60 000 ლარამდეა გათვალისწინებული.

აღნიშნულ თანხას სწორედ სამინისტრო გასცემს. ვასილ ლიპარტელიანის თქმით, ეს თანხები ბიუჯეტში  სტიპენდიებისა და დამატებითი ხელფასებისთვის გათვალისწინებული ფულიდან გაიცემა. “ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, რატომ არ მოხდა 2016 წლის ბიუჯეტში კონკრეტულად და პროგრამულად აღნიშნული თანხების გაწერა, ლიპარტელიანი ასე პასუხობს:

“ვერ იქნებოდა ეს ფიზიკურად, თქვენ როცა რაიმე წერილზე მოთხოვნას აგზვნით, პასუხი იცით წინასწარ? ჩვენ გავაგზავნეთ მოთხოვნა მწვრთნელების რაოდენობის შესახებ, რომლის პასუხიც ჩვენ არ ვიცოდით იქამდე, დღესაც არ ვიცით ზუსტად. 185-ია ამჟამინდელი მდგომარეობით იდენტიფიცირებული, წლის ბოლოს შეიძლება იყოს 400, ამიტომ პროგრამა როდესაც დგება, იქ არ შეიძლება ცდომილება იყოს 100 000 და 200 000 ლარში”,- ამბობს ლიპარტელიანი.

მისივე თქმით, ეს პროგრამა მოკლევადიანი არ იქნება, კიდევ  დაზუსტდება მწვრთნელთა რაოდენობა, რომლებიც მაღალმთიან დასახლებებში მუშაობენ და ასევე 2017 წლის ბიუჯეტში პროგრამულად იქნება გაწერილი აღნიშნული დანამატებისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი