ახალი ამბები

ვერშბოუ: ნატო დაეხმარება საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარებაში

8 სექტემბერი, 2016 • 2078
ვერშბოუ: ნატო დაეხმარება საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარებაში

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ  7 სექტემბერს თბილისში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი შენობის ინაუგურაციაზე სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა, მაშინ, როცა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი “საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტად” გარდაქმნა, ხოლო მოგვინებით დეპარტამენტის სახელწოდებაში სტრატეგიული კომუნიკაციები კვლავ დააბრუნა და დეპარტამენტი “სტრატეგიული კომუნიკაციების და საზოგადოებასთან ურთიერთობის” დეპარტამენტად ჩამოყალიბდა

ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებით, ნატოს წევრ ქვეყნებშიც კი არ არის ცხადი ყველასთვის, რა ორგანიზაციაა ნატო, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ არის მხოლოდ სამხედრო გაერთიანება. ის ასევე პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც პარტნიორობისა და თანამშრომლობის მეშვეობით სტაბილურობისა და დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებას უზურნველყოფს მის საზღვრებს მიღმაც. ვერშბოუს თქმით, ნატო საქართველოს დაეხმარება სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარებაში და ამ საქმეში მოკავშირეები პირდაპირ გაუწევენ დახმარებას ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრს.

“ნატოს საქმიანობის ახსნა კიდევ უფრო რთულია აქ, საქართველოში, რადგან თქვენ გაქვთ ამბიცია გახდეთ ნატოს წევრი ქვეყანა, რაც, ადამიანთა ნაწილის აზრით, დიდხანს გრძელდება. ასევე [ეს რთულია] სხვა მხარეებისა თუ დეზინფორმაციის სფეროში პროფესიონალების მიერ გავრცელებული სხვადასხვა მესიჯების გამო . იმის გამო, რომ ყველა ქართველს აქვს ძლიერი ხედვა პოლიტიკაზე, მე კი საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ბათუმში ტაქსის ნებისმიერმა მძღოლმა ზუსტად იცის, თუ რა ითქვა ბუქარესტის სამიტზე და რა არის MAP, ნატოს საქმიანობის ახსნა რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საინფორმაციო ცენტრი საქმეს თავს კარგად ართმევს და ვარშავაში მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში”,- განაცხადა ვერშბოუმ მისასალმებელ სიტყვაში.

 ნატოს 2016 წლის ვარშავის სამიტის შემდეგ, 2016 წლის 28 ივლისს, ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მაშინდელმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა მოაწერა. რამდენიმე დღის წინ კი უკვე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდაცვის უწყებაში შექმნილი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ახალმა მინისტრმა ლევან იზორიამ გააუქმა:

“ვარშავის სამიტის დეკლარაციის უდიდესი ნაწილი დაეთმო სწორედ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ განსახორციელებელ ღონისძიებებს და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების გაძლიერება იყო გამოცხადებული როგორც ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი, როგორც წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებში. ახალი მინისტრი მოდის და აუქმებს დეპარტამენტს, რომელიც ვარშავის სამიტის ერთერთ უმთავრეს მიღწევად, მთავარ სამოქმედო არეალად და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად გამოცხადდა”,- ამბობს ხიდაშელი “პოსტსკრიპტუმთან” საუბრისას.

ხიდაშელის განცხადებას თავდაცვის სამინისტრო გამოეხმარა. უწყება აცხადებს, რომ ხიდაშელის მიერ გაკეთებული განცხადება დეპარტამენტის გაუქმებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება და დეპარტამენტის  გაუქმების ნაცვლად მისი ტრანსფორმაცია იგეგმება. კერძოდ,  “სტრატეგიული კომუნიკაციების და საზოგადოებასთან ურთიერთობის” დეპარტამენტად ჩამოყალიბდება.

“დღეს არსებული სიტუაციით თავდაცვის სამინისტროში არსებობს დუბლირებული ფუნქცია-მოვალეობებისა და ამოცანების მქონე დეპარტამენტები, შესაბამისად, გაბერილი შტატებით. ადგილი აქვს ფუნქციების იდენტურობასა და ურთიერთგადაფარვას. საგულისხმოა, რომ შტატების სიმრავლე არ არის გამოწვეული შესასრულებელი ამოცანების სიმრავლით. პირიქით, დეპარტამენტების დატვირთვა მინიმალურია და, შესაბამისად, მათი საქმიანობაც ნაკლებად ეფექტიანი. […] ნატოს ოფისისა და სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში სამინისტროს ბრიტანელი მრჩევლის რეკომენდაციით იქნა მიღებული გადაწყვეტილება დეპარტამენტის სახეცვლილების შესახებ, რის საფუძველზეც თავდაცვის სამინისტროში ჩამოყალიბდება სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი. აღნიშნული გადაწყვეტილება საშუალებას მოგვცემს, ვაწარმოოთ კოორდინირებული საქმიანობა და ერთიანი პოლიტიკა, რაც გაზრდის როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების, ისე საზოგადოებასთან ურთიერთობების ეფექტიანობას,”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სტრატეგიული კომუნიკაცები 2014 წელს ნატოს უელსის სამიტზე მიღებული “ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს.

“ამ სფეროში მხარდაჭერა მიმართულია თავდაცვის სამინსიტროსა და ჯარის სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარებაზე, რათა ქვეყნის შიგნით და გარეთ სამიზნე აუდიტორიასა და დაინტერესებულ მხარეებს ვუჩვენოთ გამჭვირვალობა და ხელი შევუწყოთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პოლიტიკასა და აქტივობების პოპულარიზაციას”- ვკითხულობთ “ნატო -საქართველოს არსებითი პაკეტის” ტექსტში.

თავდაცვის სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი თინა ხიდაშელის ბრძანების საფუძველზე 2015 წლის აგვისტოში შეიქმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი