ახალი ამბები

ქორიძე: იმედი მაქვს, რომ საზოგადოებრივი რეაქციის შემდეგ GPB ეგზიტპოლზე უარს იტყვის

7 სექტემბერი, 2016 • 2394
ქორიძე: იმედი მაქვს, რომ საზოგადოებრივი რეაქციის შემდეგ GPB ეგზიტპოლზე უარს იტყვის

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ფიქრობს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეცდომა დაუშვა, როდესაც კერძო ტელეკომპანიებთან: “იმედთან”, მაესტროსა და ჯი-დი-ესთან ერთად საარჩევნო ეგზიტპოლის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ქორიძე ნეტგაზეთთან საუბარში იმედოვნებს, რომ იმ საზოგადოებრივი რეაქციის გამო, რომელიც ამ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვება, საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის გადაწყვეტილებას შეცვლის.

“ამ გადაწყვეტილების ყველაზე მნიშვნელოვანი პრობელმა არის საზოგადოებრივი მაუწყბელის ნდობის საკითხი. იმედი მაქვს, რომ საზოგადოებრივი ზემოქმედების შემდეგ მაუწყებლის საბჭო  თავის დღევანდელ გადაწყვეტილებას შეცვლის და ის გამოვა ასეთი ტიპის კონსორციუმიდან. მთავარია, რისკის ქვეშ არ დადგეს საზოგადოებრივი მაუწყბელის მიმართ ნდობა, რომელიც დღეს არ არის ისეთ მაღალი, როგორიც გვინდა, რომ იყოს.  რაში მდგომარეობს რისკი: პირველი ის, რომ ზოგადად საზოგადოებრვი მაუწყებლები ცდილობენ [თავი შეიკავონ] კერძო მაუწყებლებთან ასეთი კონსორციუმების შექმნისაგან იმიტომ, რომ კერძო მაუწყბელობის შემთხვევაში მთავარი და გადამწყვეტი არის ის პოლიტიკური ხაზი, რომელსაც იღებს არხის მეპატრონე. მით უმეტეს, თუ საქართველოზე ვსაუბრობთ, ამ სამ კომპანიას არ აქვს მიუკერძოებელი მაუწყებლის იმიჯი”, – ამბობს ქორიძე და დასძენს, რომ ამას სხვადასხვა მედიამონიტორინგები ადასტურებს.

მისივე აზრით, საზოგადოებრივ მაუწყებელს საერთოდ არ სჭირდება ეგზიტპოლი:

“მეორე საკითხია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ უნდა ჰქონდეს ისეთი პროპაგანდისტული პროდუქტი, როგორიც ეგზიტპოლია. მე ზოგადად არ მიმაჩნია ეს გამართლებულად. ეგზიტპოლი ეს არის მანიპულაციური მეთოდი, რომლითაც მართალია, [არჩევნების] პოსტფაქტუმ და დროის მოკლე მონაკვეთით, მაგრამ მაინც შეიძლება მანიპულირება. საერთოდ არ უნდა ჰქონდეს მაუწყებელს ეს მექანიზმი. მე მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ასეთ პროექტში საჯარო ფინანსებს არ უნდა ხარჯავდეს”, – აცხადებს ქორიძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, “იმედისთვის”, “მესტროსა” და “GDS”-ისთვის ეგზიტპოლს 2016 წლის საპარალმანეტო არჩევნებზე კომპანია “TNS” ჩაატარებს. გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს მიიღო.

დღეს, 7 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა განაცხადა, რომ კონტრაქტის საერთო ღირებულება 937 635 ამერიკული დოლარია, ხოლო ამ თანხაში საზოგადოებრივი მაუწყებლის წილი -200 ათასი ლარი.

“დანარჩენ თანხას ეს სამი კომპანია გადაიხდის.  ველზე სამუშაოებს კომპანია გორბი ჩაატარებს,” – ამბობს გიორგი ბარათაშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებიდან გადაწყვეტილებას მხარი გრიგოლ გოგელიამ, ირაკლი პაპავამ, გიორგი კოხრეიძემ და მარინა მუსხელიშვილმა დაუჭირეს, წინააღმდეგ ხმა სულხან სალაძემ და ქეთევან მსხილაძემ მისცეს, ხოლო ირინა ფუტკარაძემ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

ზვიად ქორიძე. 14.11.2013. ფოტო: ონიკ ჯეიმს კრიკორიანი

ზვიად ქორიძე. 14.11.2013. ფოტო: ონიკ ჯეიმს კრიკორიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი