ახალი ამბები

სტოლტენბერგი: ნატოში საქართველოს გაწევრიანების ზუსტ ვადებს ვერ დაგისახელებთ

7 სექტემბერი, 2016 • 1252
სტოლტენბერგი: ნატოში საქართველოს გაწევრიანების ზუსტ ვადებს ვერ დაგისახელებთ

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მას არ შეუძლია, საქართველოს ნატოში გაწევრიანების ზუსტი ვადა დაასახელოს, რადგან ეს თავად ქვეყნის პროგრესზეა დამოკიდებული. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პროგრესს რეფორმების გატარების კუთხით ნატო უკვე ხედავს და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ რეფორმების წარმატება უპირველეს ყოვლისა თავად ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი პროცესი.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ერთობლივი პრეკონფერენცია გამართეს, სადაც დასმულ შეკითხვას, “თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ გონივრული ვადა, როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი ან მიიღებს მიწვევას გაწევრიანებაზე”, სტოლტენბერგმა ასე უპასუხა:

“ჩვენ ვარშავაში გამართულ სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. მაგრამ იმისთვის, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებსა და წევრობის მოთხოვნებს. ზუსტად ამ მიზნიდან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან რეფორმების განხორცილების მიმართულებით, რაც მისცემს ქვეყანას საშუალებას, დაუახლოვდეს ნატოს წევრობას.

მე ვერ დაგისახელებთ ზუსტ ვადებს, რადგან ეს დამსახურებასა და მიღწეულ პროგრესზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ ის უკვე ვიხილეთ- ძალიან სერიოზული პროგრესი, რეფორმები, რაც შეეხება ინსტიტუციურ, საარჩევნო, პრესის თავისუფლების სფეროში რეფორმებს და ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმებს. ეს ძალზე მნიშვნელოვანი გახლავთ  იმ ძალისხმევისთვის, რაც გულისხმობს საქართველოს მოძრაობას ნატოს წევრობისთვის და ასევე თავისთავად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან უსაფრთხო, ძლიერ ქვეყნად ხდის და უფრო ძლიერ, დემოკრატიულ ქვეყანად აყალიბებს. ეს ასევე ქმნის მყარ ჩარჩოებს ეკონომიკური აყვავებისა და ზრდისთვის”,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგი საქართველოში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად დღეს, 7 სექტემბერს ჩამოვიდა.  ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატოს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა, რომელიც საქართველოში მეოთხედ იკრიბება.

საბჭო პირველი ვიზიტით საქართველოს 2008 წელს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძნებელ ჩარჩო-დოკუმენტს და გაიმართა კომისიის პირველი სხდომა. კომისია ნატო-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმსა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს წარმოადგენს, რომლის მიზანია, საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად დაეხმაროს. კომისია ხელს უწყობს ნატო-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგისა და ყველა შესაბამის დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეორე ვიზიტი საქართველოში 2011 წელს გაიმართა. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომლის თანახმად, ნატოს 28 წევრი სახელმწიფო მიესალმა საქართველოს მიღწევებს რეფორმების პროცესში, ერთგულება გამოხატა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

2013 წელს ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს მესამედ ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებაზე და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი