ახალი ამბები

გია ვოლსკი: როგორი უძარღვო შუბლი უნდა გქონდეს, რომ თქვა, კრიმინალი გაიზარდაო

7 სექტემბერი, 2016 • 1262
გია ვოლსკი: როგორი უძარღვო შუბლი უნდა გქონდეს, რომ თქვა, კრიმინალი გაიზარდაო

როგორი უძარღვო შუბლი უნდა გქონდეს, რომ თქვა, კრიმინალი გაიზარდა და საერთაშორისო კრიმინალთან გვაქვს ურთიერთობაო, – ეს განცხადება ქართული ოცნების ერთ–ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ დღეს, 7 სექტემბერს, გააკეთა.

ვოლსკის შეფასებით, მღებრიშვილისა და სხვა მინისტრების განცხადებები კრიმინალურ ვითარებასთან დაკავშირებით არის ადეკვატური. ქართული ოცნების ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტატი დეპუტატობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინალი არ არის გაზრდილი:

“ჯერ ერთი, ნაციონალურ მოძრაობას უნდა გასცე პასუხი, ვინაიდან ყველაზე მეტი ნიშნები დესტრუქციის სწორედაც ენმ–ის მხრიდან მოდის. მეორეა ის, რომ საზოგადოებას აინტერესებს, რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით სახელისუფლებო სისტემა. ჯერ როგორი უძარღვო შუბლი უნდა გქონდეს, რომ თქვა, კრიმინალი გაიზარდა და საერთაშორისო კრიმინალთან გვაქვს ურთიერთობაო, მაშინ, როდესაც გვახსოვს, როგორ გაჰყავდათ კრიმინალები გარეთ, მერე როგორ უკავშირდებოდნენ და რა ურთიერთობები ჰქონდათ. თუნდაც უკრაინის 2010 წლის არჩევნები გაიხსენეთ – როგორ ცდილობდნენ, დაუკავშირონ და ჩართონ ურთიერთობები. აბა, რისთვის იყო ეს გაყვანები? ნახეთ, რამდენი კრიმინალური ავტორიტეტი იყო დაკავებული 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ; რამდენი დანაშაულია გახსნილი, მათ შორის, ნარკოდანაშაული, რამდენი ტრასა არის გამოვლენილი და რამდენი ამოღებული…”

უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში არაერთი სისხლის სამართლის დანაშაული დაფიქსირდა. ქუჩური გარჩევების, თავდასხმებისა და სროლების შედეგად თბილისში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, შს მინისტრი კი აცხადებს, რომ ყველა მართლსაწინააღმდეგო ქმედება დროულად, ცხელ კვალზე გაიხსნა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მსგავსი დანაშაულების პრევენცია, რისთვისაც საზოგადოებას სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი