ახალი ამბები

სტოლტენბერგი: საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად

7 სექტემბერი, 2016 • 1648
სტოლტენბერგი: საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გახსნეს. მისასალმებელ სიტყვებში სტოლტენბერგმა და კვირიკაშვილმა ზოგადად ისაუბრეს იმ საკითხების შესახებ, რომლებსაც კომისიის მუშაობის ფარგლებში განიხილავენ.

სტოლტენბერგის თქმით, კომისია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით საქართველოს პროგრესს განიხილავს:

“ნატო-საქართველოს კომისია გახლავთ ფორუმი მიმდინარე დიალოგისთვის. დღეს კომისია განიხილავს სხვადასხვა საკითხების ფართო წრეს, რომელშიც შედის შავი ზღვის უსაფრთხოების თემები და უკანასკნელი მოვლენები, რომლებიც განვითარდა ევროატლანტიკური უსაფრთხოების არეალში. ასევე განვიხილავთ იმ პროგრესს, რომელიც მიღწეულია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში. როგორც ასპირანტ ქვეყანას, საქართველოს გააჩნია ყველა ის ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატოს წევრობისათვის და ნატო ერთგულია საქართველოს, გაუწიოს მხარდაჭერა ამ გზაზე”, – განაცხადა სტოლტენბერგმა კომისიის გახსნის მისასალმებელ სიტყვაში.

შემდეგ სტოლტენბერგმა სიტყვა კვირიკაშვილს გადასცა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო მის ხელთ არსებული პრაქტიკული მექანიზმების მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელებას დააჩქარებს, რათა ქვეყნის  საბოლოო გაწევრიანების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება დააჩქაროს:

“ნატოში გაწევრიანება არის საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნება და მთავრობა აკეთებს ყველაფერს ამ არჩევანის განხორციელებისთვის. ნატოს ვარშავის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის პრაქტიკული მხარდაჭერის ახალი პროექტების შესახებ და დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ ამ პროექტების განხორციელების თაობაზე. ქართული მხარე ჩართულია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატოში უკანასკნელ პერიოდში დაწყებულ სტრატეგიულ დისკუსიაში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ შავი ზღვის რეგიონი და საქართველო არის ევროპის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი და, შესაბამისად, ევროპული უსაფრთხოება წარმოუდგენელია ამ რეგიონში სტაბილუროის გარეშე”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისასალმებელი სიტყვების დასრულების შემდეგ იენს სტოლტენბერგმა კომისიის სხდომა მედიისთვის დახურა. სტოლტენბერგი საქართველოში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად დღეს, 7 სექტემბერს ჩამოვიდა.   ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატოს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა, რომელიც საქართველოში მეოთხედ იკრიბება.

საბჭო პირველი ვიზიტით საქართველოს 2008 წელს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძნებელ ჩარჩო-დოკუმენტს და გაიმართა კომისიის პირველი სხდომა. კომისია ნატო-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმსა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს წარმოადგენს, რომლის მიზანია, საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად დაეხმაროს. კომისია ხელს უწყობს ნატო-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგისა და ყველა შესაბამის დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეორე ვიზიტი საქართველოში 2011 წელს გაიმართა. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომლის თანახმად, ნატოს 28 წევრი სახელმწიფო მიესალმა საქართველოს მიღწევებს რეფორმების პროცესში, ერთგულება გამოხატა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

2013 წელს ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს მესამედ ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებაზე და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი