ახალი ამბები

კახა კალაძე: შეიძლება კენედის მკვლელობა თავიდან განიხილონ და ესეც მე დამაბრალონ

7 სექტემბერი, 2016 • 2173
კახა კალაძე: შეიძლება კენედის მკვლელობა თავიდან განიხილონ და ესეც მე დამაბრალონ

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსის კახა კალაძის თქმით, იარაღის შეძენა–შენახვის ბრალდებით დაკავებულთა ოჯახის წევრების განცხადებები, რომლებიც მას დევნასა და იარაღის ჩადებაში ადანაშაულებენ, არის ცილისწამება.  კალაძე დაკავებულთა ახლობლებს ურჩევს, რომ საგამოძიებო ორგანოებს მიმართონ. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებას, ვიცეპრემიერმა იძულებული გამხადა რუსთავი 2–ის შესახებ დოკუმენტი გამომექვეყნებინაო, კალაძე ამბობს, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი არ არის იმ რანგის პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც უნდა უპასუხოს.

“გულდასაწყვეტია, რომ ამდენი ცილისწამება ისმის, თუმცა ძალიან კარგად მესმის, ჩვენ საარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით. ყოველთვის, როცა არჩევნები ახლოვდება, ხან მიკროავტობუსების ბიზნესის წართმევას მაბრალებენ, ხან თითქოს ხუდონი ჩემი საკუთარი პროექტია. ახლა გავიგე, თითქოს გორში ქარის ელექტროსადგური ჩემი საკუთრებაა და მზის სადგურები, რომლებიც ამ ობიექტზეა დაგეგმილი, ისიც ჩემი საკუთრებაა. ათასი სიბინძურე… ახლა ველოდები ჩემი ძმის მკვლელობის საქმის ახლიდან წარმოჩენას საზოგადოებისთვის. შეიძლება კენედის მკვლელობა თავიდან განიხილონ და ესეც მე დამაბრალონ. ამ ოჯახს მე ადამიანურად თანავუგრძნობ, ცოლებს და დედას. თუ მათ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ იმისა, რომ ჩემი მხრიდან იყო ზეწოლა და მითითება, წარუდგინონ ეს შესაბამის სამსახურებს და მე მოვითხოვ, დაიწყოს ამ მიმართულებით გამოძიება. ვფიქრობ, ყველა დაიღალა ამდენი ცილისწამებით: მეც და საზოგადოებაც. თუ ფიქრობენ, რომ მორალურად დამანგრევენ, ეს ნამდვილად არავის გამოუვა. ჩემს ცხოვრებაში იყო ძალიან ბევრი ტკივილი, ძალიან ბევრი რთული ბარიერი და ასეთი ცილისწამებები ნამდვილად ხელს ვერ შეუშლის ჩემს საქმიანობას, რასაც დღეს ჩემი ქვეყნისთვის და სამშობლოსთვის ვაკეთებ. ვფიქრობ, საკმაოდ ვრცლად გავეცი ამ ბრალდებებს პასუხი. თუ რაიმე მტკიცებულება აქვთ, ამოიღონ ზარები და სატელეფონო ჩანაწერები. შესაბამისად, ყველაფერი ნათელი გახდება,” – განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით საქართველოს ვიცეპრემიერი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი მისთვის არ არის საინტერესო. მისი თქმით, ოქრუაშვილი არის არშემდგარი ადამიანი.

“მოვისმინე ოქრუაშვილის ბრალდება გუშინ, რომ კალაძე ფეხს მიდებსო. ანალოგიური განცხადებები მახსოვს, როდესაც ფეხბურთს ვთამაშობდი; ზიდანი, რონალდო, რონალდინიო აკეთებდნენ განცხადებებს, კალაძე ფეხს გვიდებსო. ახლა ვფიქრობ, ცოტა უხერხულია ამ ადამიანების ერთმანეთთან შედარება. ირაკლი ოქრუაშვილი არის არშემდგარი ადამიანი. გულწრფელად, არ არის ოქრუაშვილი საინტერესო: მისი აწმყოც, წარსულიც და მომავალიც. რუსთავი 2–ის დოკუმენტზე, არ ვიცი, მიმართოს სასამართლოს ჩვეულებრივად. მე არ ვარ კომპეტენტური, რომ იურიდიულად რა საფუძვლები არსებობს ამ დოკუმენტის [გავარკვიო]. მიმართოს სასამართლოს.”

იარაღს შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის ცოლი, თათა ჩინჩალაძე ამბობს, რომ კახა კალაძის დავალებით ფეიქრიშვილისგან მოითხოვდნენ, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი აცხადებს, რომ მსგავსი ბრალდებით ნოდარ ნიშნიანიძის დაკავებამდე მისი ოჯახის მიმართ დევნა და კონტროლი მიმდინარეობდა. დაკავებულთა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ იარაღი მათ საცხოვრებელ ბინებში თავად სამართალდამცავებმა მიიტანეს.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2–ის საკითხზე დოკუმენტის გასაჯაროებას და იურიდიულ დავას არ აპირებდა, თუმცა კახა კალაძემ აიძულა ამ ნაბიჯის გადადგმა. ოქრუაშვილის თმით, ქართული ოცნების გენერალური მდივანი მასთან ურთიერთობაში ყველგან ჩასაფრებულია და ებრძვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი