ახალი ამბები

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოშია

7 სექტემბერი, 2016 • 3105
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოშია

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვია. სწორედ სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, რომელიც დღეს, 7 სექტემბერს საქართველოში იკრიბება.

იენს სტოლტენბერგმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე დატოვა. იგი ამ წუთებში [15:00] შეხვედრას მართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან.

დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც გაიმართება. სტოლტენბერგი შეხვდება თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას  და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი შენობის ინაუგურაცია გაიმართება. დღის განმავლობაში სტოლტენბერგი და კვირიკაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავენ.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატოს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა. საბჭოს თავმჯდომარეობს ნატოს გენერალური მდივანი. საბჭოს სხდომებზე ნატოს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები იკრიბებიან. ჩრდილოატლანტიკურ საბჭოზე პოლიტიკური და სამოქმედო საკითხები განიხილება, ხოლო გადაწყვეტილებები კონსესუსის საფუძველზე მიიღება, სადაც საბჭოს ყველა წევრი თანაბარი უფლებით სარგებლობს.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოში მეოთხედ იკრიბება. საბჭო პირველი ვიზიტით საქართველოს 2008 წელს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძნებელ ჩარჩო-დოკუმენტს და გაიმართა კომისიის პირველი სხდომა. კომისია ნატო-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმსა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს წარმოადგენს, რომლის მიზანია, საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად დაეხმაროს. კომისია ხელს უწყობს ნატო-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგისა და ყველა შესაბამის დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეორე ვიზიტი საქართველოში 2011 წელს გაიმართა. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომლის თანახმად, ნატოს 28 წევრი სახელმწიფო მიესალმა საქართველოს მიღწევებს რეფორმების პროცესში, ერთგულება გამოხატა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

2013 წელს ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს მესამედ ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებაზე და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი