ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6.5%-მდე შეამცირა

7 სექტემბერი, 2016 • 1397
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6.5%-მდე შეამცირა

ეროვნული ბანკის ცნობით, მონეტარული პოლიტიკის  კომიტეტმა 2016 წლის 7 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით 6.5%-მდე შემცირების შესახებ. 

მათივე ინფორმაციით,  მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დასაახლოებლად საჭიროა გაგრძელდეს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი. პროგნოზის შესაბამისად, სხვა თანაბარ პირობებში მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში 6 პროცენტამდე შემცირდეს.

“აგვისტოში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 0.9 პროცენტამდე შემცირდა, რაც შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზებთან. ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საბაზო ეფექტის ამოწურვას. სუსტი ერთობლივი მოთხოვნა ინფლაციაზე ასევე შემცირების მიმართულებით მოქმედებს. მიმდინარე პროგნოზით ინფლაცია მომდევნო კვარტლებში დაბალ დონეზე შენარჩუნდება და მიზნობრივ მაჩვენებელს 2017 წლის ბოლოს დაუახლოვდება.

ერთობლივი მოთხოვნის გაუმჯობესებას და შედეგად ინფლაციის მიზნობრივი  მაჩვენებელთან დაახლოებას ხელს უწყობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა და ფისკალური სტიმული. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის  შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება ეკონომიკაში მიმდინარე პროცესზე, საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკების შესაძლო რეალიზაციასა და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან საქართველოს ეკონომიკაზე შოკების გადმოცემის სიდიდეზე,”- აცხადებს ეროვნული ბანკი.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი