ახალი ამბები

რეკორდული საკონსტიტუციო ცვლილება საზოგადოებრივი შეთანხმების აქტზე

9 მაისი, 2012 • • 1082
რეკორდული საკონსტიტუციო ცვლილება საზოგადოებრივი შეთანხმების აქტზე

“საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან, 1995 წლიდან, ეს არის რიგით 29–ე ცვლილება, რაც საკმაოდ რეკორდულია ზოგადად მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში. ხოლო ამ კონკრეტულ კონსტიტუციური ცვლილებების შინაარსთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა ის, რომ  ეს საერთოდ უპრეცედენტო მოვლენაა მსოფლიოში, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს აძლევენ ხმის მიცემის, ასევე პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებას”, – განაცხადა “ნეტგაზეთთან” საუბარში მიმდინარე სკონსტიტუციო ცვლილებების შეფასებისას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტმა გიორგი გოცირიძემ.

იურისტი არ ეთანხმება მსგავს ცვლილებებს და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის მიხედვით სუვერენიტეტის მატარებლები არიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და დასტურად საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულას იშველიებს.

“საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა იწყება შემდეგი ფრაზით, რომ საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა დაამკვიდრონ დემოკრატიული წეს–წყობილება და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეები გამოცხადებულები არიან ამ ქვეყნის დამფუძნებლად, ანუ ჩვენს ქვეყანაში სუვერენიტეტის მატარებლები არიან საქართველოს მოქალაქეები. შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებების მიღების უფლება. ეს იდეა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ანიჭებს უფლებას, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებების მიღებაში მიიღონ მონაწილეობა, ეს არის დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზე”, – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” იურისტი გიორგი გოცირიძე.

პარლამენტარი, უმრავლესობის წევრი ანდრო ალავიძე კი მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია არის საზოგადოებრივი შეთანხმების აქტი და რაზეც შეთანხმდება საზოგადოება ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამის ასახვა უნდა მოხდეს მთავარ და უზენაესს კანონში.

“საზოგადოება, რომელსაც სურს ჩვენს ქვეყანაში იხილოს პოლიტიკური კონკურენცია, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ აზრი და მივცეთ შესაძლებლობა ცალკეულ პოლიტიკურ სუბიექტს, რომ მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო პროცესში და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაციური თემა, რომ თითქოს ხელისუფლება უკრძალავს და არ აძლევს შესაძლებლობას ვინმეს, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა”, – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” ალავიძე და დასძინა, რომ სულ არსადაც რომ არ იყოს ასეთი ცვლილება, თუ საქართველოში საზოგადოებას მიაჩნია, რომ პოლიტიკური კონკურენცია უნდა იყოს სრულყოფილი, ჩვენ გვაქვს უფლება მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება.         

თუმცა, უცხო ქვეყნის მოქალაქის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას არამართებულად მიიჩნევს საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტმა გიორგი გოცირიძე და აქცენტს აღნიშნული ფაქტით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე აკეთებს.

“მოქალაქეობის შესახებ კანონში არსებობს ასეთი ჩანაწერი, რომ თუ კი საქართველოს მოქალაქე გახდება სხვა სახელმწიფოს მოქალაქე ან შევა იმ სახელმწიფოს შეაიარაღებულ ძალებში, პოლიციურ ორგანოში ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას.
ამ აკრძალვის მიზანია ის, რომ უნდა გადაიკეტოს გზები საქართველოში პოლიტიკური თანამდებობის დაკავების გზით სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან წვდომის შესაძლებლობაზე. ანუ როდესაც გიკავია პარლამენტის წევრის თანამდებობა, ხარ პრეზიდენტი, გარკვეულ წილად გაქვს რაღაც ინფორმაციასთან წვდომა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად ავიღოთ შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე არის შესაბამისი სახელმწიფოს პოლიციის ან შეიარაღებული ძალების ოფიცერი და ის ინიშნება პოლიტიკურ თანამდებობაზე. ბუნებრივია, საფრთხე ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს და მექანიზმი არ არის, თუ როგორ შეიძლება ავიცილოთ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია რომ არ იყოს ასეთი კატეგორიის მქონე პირისთვის ხელმისაწვდომი”, – განაცხადა გოცირიძემ.

მმართველი პარტია კი სწორედ გუშინ, 8 მაისს განხორცილებულ ცვლილებას მიიჩნევს  მსგავსი საფრთხეების საპირწონედ. კერძოდ იმას, რომ არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში.

“გეთანხმებით, რომ იყო წუხილები და ჩვენ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირს არა ჯამში 10 წლის განმავლობაში, არამედ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჰქონდეს ნაცხოვრები საქართველოში, რაც დასტური იქნება იმისა, რომ ის იცნობს ჩვენს პოლიტიკურ გარემოს, საზოგადოების სოციალურ მდგომარეობას, და დაბადებულია საქართველოში. ვფიქრობ, რომ ესეთი ადამიანებისთვის უნდა იყოს შესაძლებლობა, რაც გამორიცხავს იმ საფრთხეებს, რა საფრთხეებზეც მიუთითებდა თავის დროზე ოპოზიცია. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ  გადაწყვეტილება, რომ დამზღვევ ბერკეტად სწორედ ბოლო 10 წელი ჩაგვედო, იმის გამო რომ ეს წუხილები გაქარწყლებულიყო”, – განაცხადა ალავიძემ.

ხელისუფლების კიდევ ერთ არგუმენტზე საუბრობს იურისტი გიორგი გოცირიძე და აღნიშნავს:

“ხელისუფლების არგუმენტი არის ის, რომ ევროკავშირი, როგორც ინსტიტუცია არ შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს საქართველოსთვის. თუმცა, აქვე მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ ევროკავშირი არის სუვერენული სახელმწიფოების ერთობა, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ სხვადასხვაგვარი ინტერესები. მთავარი მოთხოვნა, რაც საქართველოს პარლამენტის წევრს უნდა წაეყენოს, არის ის, რომ პირველ რიგში მან უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ინტერესებით და მოქალაქეობა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც პარლამენტის წევრს აიძულებს საქართველოს ინტერესების მიმართ ლოიალობს გამოჩენას.

კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. პარლამენტის წევრს პირდაპირ აქვს შეხება საგარეო პოლიტიკის მიმართულების განსაზღვრაზე. აქედან გამომდინარე მათთვის საქართველო უნდა იყოს უპირველესი. საქართველოს მოქალაქეობა კი არის ამ ლოიალიზმის უზრუნველყოფის საშუალებაა”, – აღნიშნავს გოცირიძე.

ივანიშვილის დღევანდელი განცხადების შემდეგ, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი ვერ შეეხება, რადგან ქვეყანაში 2004 წლიდან ცხოვრობს, უმრავლესობა მზადაა დამატებითი ცვლილებები კვლავ განახორციელოს.   

“თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, ჩვენ მზად ვართ გადავხედოთ ცვლილებებსაც და შევამციროთ ის ცენზი, რომელიც გვაქვს, ისე რომ ერთის მხრივ მივცეთ საარჩევნო პროცესში მონაწილეობის უფლება, და მეორეს მხრივ გამოვრიცხოთ ის საფრთხეები, რომელზეც მიგვითითებენ. 3 წლამდე არ დაიწევს, სავარაუდოდ თუ იქნება საუბარი, იქნება ლაპარაკი ბოლო ხუთ წელზე, თუმცა, კიდევ ვიმეორებ, თუ ბიძინა ივანიშვილი ამის დადასტურებას შეძლებს ამ შემთხვევაში ამ საკითხს აუცილებლად გავითვალისწინებთ”, – აღნიშნავს ალავიძე.

თუმცა, იურისტის შეფასებით ეს მაინც არ ამცირებს იმ საფრთხეებსა და რისკებს, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას შეიძლება უკვაშირდებოდეს.

“არსებულ საფრთხეებს და რისკებს, მაინც არ ამცირებს ცხოვრების 10 წლიანი ცენზი. იქ არ წერია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. ნამდვილად არსებობებნ ადამიანები და ასეთი ადამიანი არ არის ერთი, ორი, სამი, ეს შეიძლება იყოს ათეულობით და ასეულობით ადამიანი და ამდენივე საარჩევნო ხმა, რომელთაც ბოლო 10 წლის განმავლობაში უცხოვრიათ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის მოქალაქეობა. ეს არის ძალიან ბევრი  ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ხმა და ეს გარკვეულწილად მაინც ითამაშებს გარკვეულ გავლენას არჩევნების შედეგებზე”, მიიჩნევს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი გიორგი გოცირიძე.

ამავე თემაზე:

უნდა შეიცვალოს თუ არა კონსტიტუცია ერთი ადამიანის გამო


მასალების გადაბეჭდვის წესი