ახალი ამბები

ვოლსკი: უსუფაშვილის საუბრიდან არაკომპეტენტურობა გამოსჭვივის

7 სექტემბერი, 2016 • 1429
ვოლსკი: უსუფაშვილის საუბრიდან არაკომპეტენტურობა გამოსჭვივის

არაკომპეტენტურობა გამოსჭვივის ამ საუბრიდან და წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული ნიშის დაკავების სურვილი აქვს, რომელიც დიდი ხანია უკვე დაკავებულია, – ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი დათო უსუფაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველს საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების დაკანონდებას დაჰპირდა.

“თქვენ უნდა დასვათ შეკითხვა, თუ რამდენად მისაღებია უსუფაშვილის განცხადება მაშინ, როდესაც იცით, რომ ჩვენ ნატოს მიმართულებით საკმაოდ აქტიურად მივდივართ. ასე ალბათ სწორი იქნება პასუხი. ვფიქრობ, რომ არაკომპეტენტურობა გამოსჭვივის ამ საუბრიდან და რაღაც წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული ნიშის დაკავების სურვილი აქვს, რომელიც დიდი ხანია უკვე დაკავებულია, ვინაიდან ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ის ძირითადი მიმართულება, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, მათ შორის, გარკვეული პერიოდი დათო უსუფაშვილის მონაწილეობითაც,”- განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ძალიან კარგად იცის დავით უსუფაშვილმა და სხვებმაც, რომ ასეთ სვლას სჭირდება საკმაოდ დინჯი თანამშრომლობის  რეჟიმი, რომელიც პრინციპში მათ გააჩნიათ:

“ნატო არ შედგება მხოლოდ ერთი სტრუქტურისაგან; ნატო არის ქვეყნების გაერთიანება და ამ ქვეყნებთან საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს. ეს არის სტაბილური თანამშრომლობა, რომელიც ემსახურება საქართველოს ინტერესებს, მის უსაფრთხოებას და არა მარტო ჩვენს ინტერესებს. მსოფლიოს ინტერესებშიც არის, რომ საქართველო იყოს მოკავშირე ესოდენ მძლავრი და მშვიდობაზე ორიენტირებული სამხედრო გაერთიანების – აქ არის მთელი არსი. მუშაობაა საჭირო და არა ხმამაღალი განცხადებების კეთება. მე ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, რომ “მჩხავნა კატის პოზიცია” არასდროს მოგვცემს საშუალებას, მივაღწიოთ მიზანს.”

გია ვოლსკი ამბობს, რომ ეს არ შეეხება მხოლოდ რუსეთთან მიმართულებას და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს:

“ეს შეეხება ნატოს წევრი ქვეყნებისა და რუსეთის ურთიერთობებს და უამრავ სხვა ასპექტს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარეობს. რუსეთთან მიმართულებით პრაგმატული დამოკიდებულებაც რომ იყოს, ამაში გასაკვირიც არაფერია, მაგრამ ეს არ არის მარტო ჩვენი გადაწყვეტილება; ერთნი ამბობენ, ჩვენ გამოვალთ და ვიტყვით, რომ ვართ დამოუკიდებლები, ნეიტრალურები და ბლოკებისაგან განთავისუფლებულები – პატარა საქართველოზეა ლაპარაკი. მეორენი გამოდიან, რომ ჩვენ ამას შემოვიყვანთ და იმას გავიყვანთ, რაც არის ხმამაღალო შეძახილები, რომელსაც საერთო არაფერი აქვს პრაგმატულ პოლიტიკასთან. ყველაფერი დროულად იქნება, მათ შორის, ევროატლანტიკური ინტეგრაციაც. თქვენ ხედავთ, რა დოდი და ინტენსიური პროგრესია ევროკავშირის მიმართულებით და, ვფიქრობ, ეს პროგრესი გაგრძელდება. ამას არ ჭირდება რაღაც პოლიტიკური თამაშები და ინსიმულაციები.”

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა რუსთავი 2-ის ეთერში პარტიის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა და “რესპუბლიკელების” ახალი ინიციატივა გაახმიანა. დავით უსუფაშვილის თქმით, დღესდღეობით საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ნატოს წევრობა, მაგრამ სანამ ქვეყანა ამას მიაღწევს, საქართველომ თავის ტერიტორიაზე აშშ-ის ან ნატოს წევრი სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზის განთვსებაზე უნდა იზრუნოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი