ახალი ამბები

ჯეჯელავა: სკოლებში ბოლო ორი კლასი უმაღლესისთვის გაძლიერებულ მომზადებას დაეთმობა

7 სექტემბერი, 2016 • 1992
ჯეჯელავა: სკოლებში ბოლო ორი კლასი უმაღლესისთვის გაძლიერებულ მომზადებას დაეთმობა

საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლებში მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასებში უმაღლესი სასწავლებლისთვის მომზადება გაძლიერდება, რაც ეტაპობრივად ჩაანაცვლებს რეპეტიტორის ინსტიტუტს.

განათლების მინისტრმა ეს განცხადება 7 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ მეთორმეტე კლასის გაუქმებაზე საუბარი არ არის.

“ჩვენი სკოლის სტრუქტურა რჩება იდენტური იმისა, რაც არის დღეს. ერთადერთი, რაც განიხილება, არის, რომ ბოლო ორი კლასი იყოს გაძლიერებული უმაღლესისთვის მომზადება. ანუ, ფაქტობრვად, მეათე კლასის ჩათვლით არის სკოლა ჩვეულებრივი, რომელიც ცხოვრებისთვის ამზადებს, ანუ ზოგადი უნარები ყველა მიმართულებით. მე-11, მე-12 კლასში, თუ ჟურნალისტობას აპირებთ, უკვე კონცენტრირდებით მოსამზადებლად ჟურნალისტიკაზე ჩასაბარებლად, თუ ქიმიკოსობას აპირებთ – ქიმიაზე. ანუ საუბარი არის სპეციალიზებულ, კონცენტრირებულ ბოლო 2 კლასზე. გაუქმებაზე საუბარი არ არის არც ერთ შემთხვევაში,”- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

განათლების მინისტრის თქმით,  2016-2017 სასწავლო წელს უკვე იქნება სკოლები, რომლებიც ამ მიმართულებით გაძლიერდება. კერძოდ, მისივე განმარტებით, დღეს უკვე არის 50-მდე სკოლა, რომელიც ისედაც მუშაობს სპეციფიკური პროგრამებით. ჯეჯელავას თქმით, იმედი აქვთ, რომ წელს ამ რაოდენობას გააორმაგებენ. მოწინავე სკოლებს მისცემენ საშუალებას, რომ უკეთესი ხარისხით ასწავლონ. მისივე თქმით, ეს არ იქნება მხოლოდ თბილისში კონცენტრირებული და ყველა რეგიონს მოიცავს:

“ჩვენ გვინდა, რომ გავაძლიეროთ ეს მიმართულება, რომელიც ბავშვებს, ნიჭიერებს, კარგებს, მშრომელებს, ამზადებს კონკრეტული მიმართულებით წარმატებისთვის. წელსაც იქნება ამ მიმართულებით ცალკეულ სკოლებში გაძლიერების ხელშეწყობა. ჩვენ გვინდა, რომ ყველა მიმართულებით ხელი შევუწყოთ ამ სკოლებს, რომლებიც ბოლო კლასში თავის ბავშვებს ისეთ სწავლას მოუწყობენ, რომელიც რეპეტიტორის საჭიროებას მოხსნის ამ ბავშვებისთვის და  შემდეგ წლებში, ჩვენ იმედი გავქვს, რომ ამ მეთოდით, ამ გაძლიერებული ბოლო ორი კლასის მეთოდით რეპეტირორის საჭიროება ნელ-ნელა აღარ იქნება,”- განაცხადა განათლების მინისტრმა.

რაც შეეხება საკითხს, თუ რა მოხდება, როდესაც მოსწავლეს მეათე კლასის ბოლოს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რა მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება, ჯეჯელავა ამბობს, რომ მას შეეძლება მობილობით ისარებლოს.

“16 წელი ზუსტად ის ასაკია, სადაც, პრინციპში, მიმართულებაის დონეზე მაინც უნდა ჩამოყალიბდეს. მეორე, ძალიან კარგი ინსტრუმენტი, რომელსაც ჰქვია მობილობა, რომელიც მაგას აზღვევს, ანუ არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომ ნებისმიერ ბავშვს ფიზიკიდან შეუძლია წავიდეს ფილოლოგიაში ან პირიქით,”- განაცხადა განათლების მინისტრმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი