ახალი ამბებიეკონომიკა

კახეთში რთველი დაიწყო – 9 ათას ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავდა

7 სექტემბერი, 2016 • 3384
კახეთში რთველი დაიწყო – 9 ათას ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით,  კახეთში ამ დროისთის  9 ათას ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია.

მათ შორის:

[checklist]

  • 3,7 ათასი ტონა რქაწითელი
  • 3,7 ათასი ტონა საფერავი
  • 460 ტონა კახური მწვანე
  • დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი

[/checklist]

სამინისტროს ცნობით, მევენახეებმა, რომლებმაც მოსავალი ღვინის კომპანიებში უკვე ჩააბარეს,  შემოსავლების სახით 7,3 მლნ ლარი მიიღეს.

ყურძნის ჩამბარებელი ფიზიკური პირები სუბსიდიებს მთავრობისგანაც იღებენ. კერძოდ, წელს კახეთში მევენახეები  1 კგ. რქაწითელისთვის და კახური მწვანისათვის ხელისუფლებისგან 0,45 ლარს მიიღებენ, ხოლო 1 კგ საფერავის ჩაბარებისთვის 0,20 ლარი დაემატებათ. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი ერთი კილოგრამი მუჯურეთული/ალექსანდროულისთვის ყურძნის ჩამბარებელი ფიზიკური პირები დამატებით 2 ლარს მიიღებენ.

სამინისტროს ინფორმაციით, რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 82 კომპანიაა რეგისტრირებული, 20-მდე მათგანი კი უკვე ჩართულია ყურძნის გადამუშავების პროცესში.

ღვინის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ყურძენი მეწარმეებს ჩაუბარებელი არ დარჩებათ და თუკი მას კერძო სექტორი ვერ გადაამუშავებს, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ქარხნებიც მზადყოფნაში არიან:

„რთველი ფაქტობრივად დასრულდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სადაც ყურძნის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია. სიღნაღში დაკრეფილია და საღვინე მიმართულებით გადამუშავებულია მოსავლის ნახევარზე მეტი.  ყურძენი სიმწიფეში ნელ-ნელა უკვე შედის გურჯაანის მუნიციპალიტეტში. კერძო ღვინის ქარხნები ელოდება ყურძნის დამწიფებას და მზადაა მიღება-გადასამუშავებლად. იმ შემთხვევაში, თუ მაინც დარჩა ჭარბი ყურძენი, რომელსაც კერძო სექტორი ვერ გადაამუშავებს, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ქარხნებიც მზადყოფნაშია ყურძნის მისაღებად. გასული წლის მსგავსად, ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება“ – თქვა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე – გიორგი სამანიშვილმა.

2015  წელს კახეთში  143 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადაამუშავეს. ყურძნის რეალიზაციის შედეგად, მოსახლეობამ  დაახლოებით 102 მლნ ლარი მიიღო. რაც შეეხება სუბსიდირებას, 2015 წლის რთველზე 1 კგ რქაწითელისა და სახური მწვანისთვის ყურძნის ჩამბარებელი ფიზიკური პირები სახელმწიფოსგან დამატებით 35 თეთრს იღებდნენ, ხოლო იმავე ოდენობის საფერავზე სახელმწიფო 15 თეთრს გასცემდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი