ახალი ამბები

ახალი ცვლილებებით ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს

9 მაისი, 2012 • • 1062
ახალი ცვლილებებით ივანიშვილი  არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს

დღეს, 9 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ვაკის პარკში, საკონსტიტუციო ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი ვერ შეეხება, რადგან ქვეყანაში 2004 წლიდან ცხოვრობს.

“2004 წლიდან გადმოვედი საქართველოში საცხოვრებლად და 2005 წლიდან გადასახადებს ვიხდი, როგორც მობინადრე”, – აღნიშნა ივანიშვილმა კომენტარში.

გუშინ კი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი პროექტი, რომლის ინიციატორიც საპარლამენტო უმრავლესობაა. ახლებური რედაქციის თანახმადაც, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს ახალი 104/4 მუხლი ემატება:

“2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში, თუმცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ”.

საკონსტიტუციო ცვლილებების პირვანდელი ვარიანტის მიხედვით, რომელიც ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივა იყო, საქართველოში ცხოვრების 10 –წლიანი ვადის ნაცვლად  სამი წელი იყო მითითებული. 

პირვანდელი მოდელი საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს აძლევდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას. 

 ივანიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ბოლო 10 წელი საქართველოში არ უცხოვრია.

აღნიშნული განცხადებიდან გამომდინარე, კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი “ნეტგაზეთთან” აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ეძლევა არსებული შეცვლილი რედაქციით.

“მაშინ აქ კიდევ დამატებითი ცვლილების შეტანა იქნება საჭირო. კონსტიტუციის ხშირი ცვლა კი, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი. თუ ივანიშვილმა ასე განაცხადა, მე მისი ბიოგრაფია კარგად არ ვიცი, ცხოვრობდა თუ არა ის ამ პერიოდში საქართველოში, მაშინ კონსტიტუციაში კიდევ დამატებითი ცვლილების გატარება იქნება საჭირო. რადგან ამ ახალი რედაქციით, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცემა”, – აღნიშნავს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი.

ივანიშვილის ადვოკატი სანდრო ბარამიძე კი აქცენტს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე აკეთებს.

“მე არ ვიცი, პარლამენტი რა ცვლილებას მიიღებს, ან რას გეგმავს. მე ვიცი ის, რომ ბიძინა ივანიშვილს სრულიად უსაფუძვლოდ უთხრეს უარი მოქალაქედ მიღებაზე. ამ ცვლილებებს მე არ ვაფასებ არანაირად დადებითად, უბრალოდ მიმაჩნია, რომ საქართველოში არჩევნებში ქვეყნის მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა და არა უცხო ქვეყნის მოქალაქემ”, – მიიჩნევს ბარამიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი