ახალი ამბები

კუბლაშვილმა პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების ცვლილებები წარუდგინა

8 მაისი, 2012 • • 1035
კუბლაშვილმა პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების ცვლილებები წარუდგინა

“ჩვენ “ქრისტიან–დემოკრატების” შემოთავზებულ ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებებში მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუჭერთ მხარს, თუ ჩავწერთ, რომ ეს ნორმა ვრცელდება 2014 წლის პირველ იანვრამდე, ეს ეხება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს. უნდა ჩავწეროთ, რომ ექნება უფლება ამ ადამიანს არჩვნებში მონაწილეობის, ვინც არის დაბადებული და ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში, ბოლო 10 წლის, ამას ხაზს ვუსვამ. ქდმ–ს შემოთვაზებაა, რომ ბოლო 3 წელს უნდა შეეხოს, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ უფრო შორს უნდა წავიდეთ და ბოლო 10 წელზე იყოს საუბარი” – აღნიშნა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა.

მისივე განმარტებით, პირვანდელ ვარიანტში, რომელიც ქრისტიან–დემოკრატებმა წარმოადგინეს, საუბარი იყო მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე, ხოლო ახალ წარმოდგენილ ვარიანტში ზოგადად საარჩევნო უფლებაზეა საუბარი.

“კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ 2014 წლის პირველ იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება პირს, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში, არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე და დაბადებულია საქართველოში”, – განაცხადა კუბლაშვილი პარლამნეტის პლენალურ სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე.   

მის ამ გამოსვლას ოპოზიციური დეპუტატების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პირვანდელი ვარიანტის ინიციატორი ფრაქციის, “ქდმ–ს” წევრის ნიკოლოზ ლალიაშვილის განცხადებით, უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი ახლებური ვარიანტი მკვეთრად ცვლის პირვანდელ შეთავაზებას.

“ის, რაც ახლა თქვენ ბრძანეთ, პრინციპულად ცვლის იმ წინადადებას, რაც ჩვენ შემოვიტანეთ, ანუ იმ შემთხვევაში თუ ლაპარაკი იყო ბოლო 3 წელიწადზე, ეს კიდევ დასაშვები ნორმა იყო, რამდენადაც იცით, რომ საარჩევნო კოდექსში საქართველოს მოქალაქეებისთვისაც კი განსაზღვრულია 2 წელი”, – განაცხადა ლალიაშვილმა და დასძინა, “10 წელი ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის ვაკეთებთ ამ ცვლილებებს და არა ათასობით ჩვენი თანამემამულისთვის, რომელიც ანალოგიურ სურვილს გამოხატავდა”.

ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარის , უმრავლესობის წევრის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, კი კუბლაშვილის მიერ  წარმოდგენილი ცვლილებები, ანუ ცვლილებების ცვლილებები ამ შემთხვევაში საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის წინაშე არ ყოფილა წარმოდგენილი და იგი არსებითად სხვა შინაარსის მატარებელია. და მას დამატებითი განხილვები სჭირდება.  

აღნიშნულ შენიშვნას კუბლაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა:

“სახალხო განხილვის დროს ეს ეხებოდა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებს, ეს ინიციატივა უკვე ეხება არა მხოლოდ საპარლამენტოს, არამედ საპრეზიდენტო არჩევნებსაც. უფლებრივი თვალსაზრისით ვიღაცის უფლებები იზრდება. აქედან გამომდინარე, მე არ ვფიქრობ, რომ ამას არსებითად ცალკე განხილვა სჭირდება”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი