ახალი ამბები

მოშიმშილე რამაზ ქოქოშვილი გორის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა

6 სექტემბერი, 2016 • 1848
მოშიმშილე რამაზ ქოქოშვილი გორის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა

დღეს, 6 სექტემბერს, გორის რაიონულმა სასამართლომ 2 ივნისს პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული რამაზ ქოქოშვილი გაამართლა, რომელიც ციხეში დაკავების დღიდან შიმშილობდა.

რამაზ ქოქოშვილი დღეს უკვე თავისუფალია, თუმცა, როგორც ნეტგაზეთს ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, სამთვიანი შიმშილობის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა:

“ქოქოშვილი დაკავების დღიდან შიმშლობდა; საკვებს საერთოდ არ ღებულობდა, არ უმუშავებდა კუჭი და იყო გადასხმებზე. ახლა ეტლით გადაადგილდება. უკვე გარეთ არის და იმედია, რომ გამოჯანმრთლდება და საკვებსაც მიიღებს.”

ადვოკატი მიიჩნევს, რომ რამაზ ქოქოშვილის საქმეზე გორის რაიონულმა სასამართლომ მხოლოდ ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება და გონივრულ ვადაში მიიღო გადაწყვეტილება, რისთვისაც მოსამართლე ლევან დარბაიძეს მადლობას უხდის.

“მოსამართლემ მხოლოდ ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება და არა იმ ბრალდებაზე, რომელსაც პოლიცია ჩვენ გვედავებოდა. დღეს უკვე ცალსაცაა, რომ რაიონულმა სასამართლოებმა ისწავლეს გამამართლებელი განაჩენების გამოტანა, რაც ძალიან მახარებს. სწორია, რომ მოსამართლე ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ ფაქტებზე და არა მხოლოდ იმ მტკიცებულებებზე, რომლებსაც პროკურატურა წარადგენს. ასე ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს. დასაფასებელია, რომ იგივე რამ აღარ მეორდება და ადამიანები ტყუილად აღარ იმყოფებიან ციხეში. მისასალმებელია, როდესაც ადამიანებს აქვთ იმის განცდა, რომ სასამართლოში შეუძლიათ დაამტკიცონ მათი უდანაშაულობა, თუ ამის ამბიცია აქვთ. შესაბამისად, უკვე რეალობად იქცა, რომ თუ პიროვნება მოიპოვებს მისი უდანაშაულობის დამამტკიცებელ ფაქტებს, უკვე არაერთი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მოსამართლე ამას იზიარებს,” – ამბობს კობაიძე.

მისი თქმით, სამართლიანი სასამართლო, რომელსაც რამაზ ქოქოშვილი და მისი მხარდამჭერები სამი თვეზე მეტ ხანს ითხოვდნენ, შედგა და სამართალმა იზეიმა. ადვოკატი ამბობს, რომ საქმეზე ერთი მტკიცებულებაც არ არსებობდა, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს გაამტყუნებდა, გარდა პოლიციელების ჩვენებებისა:

“შესაბამისად, როდესაც მედავები პოლიციელის მიმართ ჩადენილ დანაშაულს, პოლიციელების მიერ მიცემულ ჩვენებას უკვე ფასი ეკარგება, რადგან მათ მიერ მიცემული ჩვენება არის სუბიექტური. ობიექტურმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ არ შეესაბამებოდა სიმართლეს, თითქოს ქოქოშვილმა პოლიციელებს გაუწია წინააღმდეგობა, ხელი დაარტყა და ა.შ.”

რამაზ ქოქოშვილი გორში 2 ივნისს პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღდეგობის გაწევის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და ძალადობით მისი საქმიანობის შეწყვეტის ბრალდებით დააკავეს. ქოქოშვილი მის დაკავებას უკანონოდ მიიჩნევდა და პროტესტის ნიშნად ციხეში ორი თვის განმავლობაში შიმშლობდა. პარალელურად, მისი მხარდამჭერები და ოჯახის წევრები თბილისსა და გორში საპროტესტო აქციებს მართავდნენ. სამართლიანი სასამართლოს ჩატარებისა და რამაზ ქოქოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მისი 20–მდე მეგობარი ერთ კვირაზე მეტ ხანს შიმშილობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი