ახალი ამბები

რა სიმძლავრის მიწისძვრას უძლებს თბილისის ნაგებობები

8 მაისი, 2012 • 1389
რა სიმძლავრის მიწისძვრას უძლებს თბილისის ნაგებობები

80–იან წლებში აშენებული სახლები სეისმური გამძლეობის თვალსაზრისით დღევანდელ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს.

ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად თბილისში 8 ბალიანი ზონაა დადგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მაღალ თუ დაბალსართულიანი ნაგებობის მშენებლობისას პროექტში 8 ბალიანი სეისმომდგრადობა უნდა იყოს გათვალისწინებული.

მერიის ინფორმაციით თბილისი რამდენიმე წლის წინ 7 ბალიანი ზონა იყო თუმცა შემდეგ სტანდარტები შეიცვალა და 8 ბალამდე გაიზარდა, შესაბამისად რამდენიმე წლის წინ აშენებული კორპუსები დღევანდელ მოთხოვნებს ვეღარ დააკმაყოფილებს.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ კორპუსების მდგრადობის შემოწმება მერიის პასუხისმგებლობას არ წარმოადგენს, შესაბამისად მათ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი შენობაა დედაქალაქში ისეთი, რომელიც დადგენილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს:

“აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მშნებლობის მდგრადობის უზრუნველყოფა და ხარისხის დაცვის საკითხი წარმოადგენს დამკვეთის პასუხისმგებლობას.”, – აცხადებენ მერიაში, აქედან გამომდინარე სახლის ავარიულობის დადგენა მთლიანად მის მესაკუთრეზეა დამოკიდებული.

მერია მოქალაქეებს ნაწილობრივ დახმარებას მხოლოდ სახლის ავარიულობის დადგენისა და გამაგრება–რეკონსტრუქციის პროექტის წარდგენის შემთხვევაში სთავაზობს.

იმ შემთხვევაში თუკი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები კორპუსის ავარიულობის საკითხს შეისწავლიან და პროექტს მერიაში წარადგენენ სახლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება მერიის თანადაფინანსებითაა შესაძლებელი:

“იმ შემთხვევაში, თუ კერძო საკუთრებაში არსებული შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და იგი საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვის საკუთრებას, მესაკთრე ვალდებულია  დაამუშავოს სახლის გამაგრება–რეკონსტრუქციის პროექტი, ხოლო თუ ავარიულობის ხარისხი არ იძლევა გამაგრების საშუალებას, მესაკუთრე ვალდებულია მოახდინოს ავარიული შენობის ან მისი ნაწილის დემონტაჟი”, – აცხადებენ მერიაში, თუმცა მათი მხრიდან არც შესწავლა და არც კონტროლი არ ხორციელდება იმასთან დაკავშირებით უქმნის თუ არა ამა თუ იმ შენობაში ცხოვრება მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი