ახალი ამბები

როგორ ვიყიდეთ რუსთავი 2 – ირაკლი ოქრუაშვილი

6 სექტემბერი, 2016 • 3437
როგორ ვიყიდეთ რუსთავი 2 – ირაკლი ოქრუაშვილი

გორში მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც 2004 წელს ჯერ გენერალური პროკურორი და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, აცხადებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის 70% რეალურად მან შეიძინა.

ოქრუაშვილმა რუსთავი 2 -თან დაკავშირებით 6 სექტემბერს ისაუბრა  “TV პირველის” ეთერით “ინგა გრიგოლიას დღის ამბებში”.

“2000 წელს ეროსის ახალი ბიზნესის წამოწყება სურდა, ეს იყო ინტერნეტკომპანია “ჯორჯიან ონლაინი”, დაფუძნებული ჰქონდა, მაგრამ ფინანსები არ ჰქონდა და მომადგა, ბუნებრივია, მე იმიტომ, რომ ურთიერთობა საკმაოდ კონსტრუქციული და კარგი გვქონდა. მან შემომთავაზა, რომ გარკვეული თანხა ჩამედო ამ კომპანიაში, რომელიც საკმაოდ პერსპექტიული  და საკმაოდ მზარდი იყო. მე 10% ამ კომპანიაში შევიძინე და გავაფორმე ჩემს ახლობელზე – ბესიკ კარსანიძეზე. და ამაში გადავუხადე ეროსი კიწმარიშვილს 25 ათასი დოლარი.

“ამ დროს ეროსი კიწმარიშვილს ფინანსური პრობლემები აქვს და ცდილობს იპოვოს “რუსთავი 2”-ის მყიდველი და ელაპარაკება “ნიუსკორპს”, რომლის უკან იდგა ბადრი პატარკაციშვილი. ჩვენ უკვე გვქონდა ინფორმაცია, რომ ბადრი პატარკაციშვილს ეროსისთვის გადახდილი ჰქონდა 800 ათასი დოლარი “ბე”-ს სახით “რუსთავი 2”-ის გასაყიდად და სულზე მივუსწარი ეროსის და შევთავაზე , რომ მისი მხრიდან ეს არ იქნებოდა სწორი ნაბიჯი. მე გადავუხდიდი იმავე თანხას, 8 მილიონ დოლარზე იყო საუბარი, რომელიც იმ წუთას არ გამაჩნდა, ბუნებრივია. გარკვეული დროის განმავლობაში ამ ვალსაც გავუსწორებდით და დავფარავდით მთელი გუნდი. “ბე”-ს სახით უკან გადავუფორმე ჩემს ნათესავზე გაფორმებული 10%-იანი წილი და ეს ჩაითვალა გარკვეულ საზღაურად მათთვის.”

“იმ წუთას ჩვენ შევაფასეთ “ჯორჯიან ონლაინი” 8 მილიონ დოლარად და ეს 10% იყო “ბე” რუსთავი 2″-ის სანაცვლოდ. რევოლუციის შემდეგ იწყება აქტიური მოლაპარაკებები იმაზე, თუ როგორ უნდა გაიყიდოს “რუსთავი 2” და რამდენად უნდა გაიყიდოს. ეროსის ჰქონდა პირობა, რომ ის დათანხმდებოდა “რუსთავი 2″-ის გაყიდვას ერთ შემთხვევაში, თუ მის პარტნიორებს არ ეცოდინებოდათ, ის რამდენს აიღებდა 30%-ში, 30% ეკუთვნოდა პირადად, მეტი არა. და ჩვენ ცალკე უნდა გვეწარმოებინა მოლაპარაკებები და ცალკე უნდა დაგვეთანხმებინა დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე. დვალთან და აქიმიძესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა და, შესაბამისად, ჩემი მათთან გამოჩენა არ იქნებოდა შედეგის მომტანი. მოვძებნე ერთი პიროვნება, ჯემალ ინაიშვილი, რომელიც ახლოს იყო მათთან და მისი საშუალებით ვაწარმოე მოლაპარაკებები. დავითანხმე ეს ადამიანები, 60% გაეყიდათ 1 200 000 დოლარად, რომელიც ჯემალ ინაიშვილის ხელით დავუხადე დვალს და აქიმიძეს, რომლებიც დღეს ამბობენ, რომ მათ ფული არ აუღიათ. მთლად ასე არ არის. ჩემი ფული გადავუხადე დამატებით იმ 800-ათასიან წილებში, რომელიც გადავუფორმე უსასყიდლოდ მაშინ. ეროსისთან მოლპარაკებებს ვაწარმოებდი მე, მაგრამ ეროსისთვის ფული მე არ გამისტუმრებია. ამას ვერ დავმალავ. 70% მთლიანად დავაფინანსე მე. მათ შორის ნიკა ტაბატაძის 10%-იანი წილის 150 ათასი დოლარი. ქიბარ ხალვაში იყო ნომინალური პირი. მას შემდეგ, რაც შევატყვე მისი მხრიდან ურთიერთობებში განდაგანის თამაში, შევთავაზე მას, რომ ამ ყველაფერზე დოკუმენტურად დაგვედასტურებინა და გაგვეფორმებინა.”

“2010 წელს იანვარში ეროსიმ შემომთავაზა, რომ შემეძინა მაესტროს მმართველი კომპანიის 50%-იანი წილი. იქაც ფული სჭირდებოდა. მოვილაპარაკეთ, რომ ამაში უნდა გადამეხადა 200 ათასი დოლარი და ინვესტიციები ჩამედო. ეს ფული ეროსის გადავუხადე მე და ასევე მაესტროში ინვესტიციები ჩავდე. ამ დროს უკვე წილთა ცვლილებისთვის, რომელიც რეესტრში უნდა დარეგისტრირებულიყო, საჭირო იყო ნოტარიალურად დამოწმებული ხელშეკრულება. ეს არის დრო, როდესაც ჩემი სახელის და გვარის ხსენებაზე ხალხს იჭერდნენ. ამიტომ შევთავაზე ისევ ხალვაშს, რომ მასზე გამეფორმებინა ეს წილები. წავიყვანე 2010 წლის 4 თებერვალს ნოტარიუსში მაესტროს მმართველი კომპანიის 50%-იანი წილის გასაფორმებლად. ბიძინა გიორგობიანმა გვიპოვა ნოტარიუსი ბერლინში და იქ მოგვიწია ნოტარიუსთან მისვლა. გავაფორმეთ ეს ხელშეკრულება, სადაც ორიგინალი ხელმოწერებია მისი, და ამის შემდეგ შევთავაზე, რომ მეორე ხელშეკრულება, რომელიც “რუსთავი 2”-ს ეხება და არა მარტო “მაესტროს”, მისი მხრიდან გარკვეული ვალდებულებებია შესასრულებელი ვალის გადახდის სახით. წარვუდგინე დოკუმენტი, მოვაწერინე ხელი, ამას ის სადავოდ არასდროს არ ხდიდა. დღეს გახდა მისი მხრიდან სიახლე ეს ჩემთვისაც, ჩათვალა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი აღარ არის საჭირო ადამიანი მისთვის და ახალი საჭიროებებიდან გამომდინარე ახალი ადამიანები შეიძინა. ასე რომ, ეს დოკუმენტი დიდი ხანია არსებობს და მე არ ვაპირებდი არჩევნებამდე ამის გამოჩენას.”

“დოკუმენტში არის ორი პუნქტი, რომელიც ეხება “რუსთავი 2”-ს და მეორე- გარკვეული ვალის გადახდას. “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით დავას არ ვაპირებ საქართველოს სასამართლოებში. მშვენივრად მესმის, რომ ამ თემაზე შეუძლებელია რაიმე მიუკერძოებელი გადაწყვეტილების გამოტანა აქ. მე ამ თემაზე ვიდავებ ან პარიზში, ან ლონდონში, ის მიიღებს შესაბამის შეტყობინებას. ისევე როგორც შარშან ნოემბერში მე მას გავუგზავნე ოფიციალური შეტყობინებები DHL-ით, სადაც ვატყობინებდი, რომ მისი მხრიდან ჩემთან შეუთანხმებელი მოქმედებების შედეგად მას მოუწევდა გარკვეული ვალდებულებების შესრულება- ჯარიმის გადახდა 7 მილიონი დოლარის სახით, რომელზეც საუბარია კონტრაქტში.”

“ამ შემთხვევაში მას შეუძლია თქვას, რომ ის მოქმედებდა კეთილგონიერებით, ჩემთან შეუთანხმებლად, მაგრამ ჩემი ინტერესების შესაბამისად. მაგრამ მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ “რუსთავი 2″-ის 100%-იდან 50%-ს გადაუფორმებს ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს, ეს არის ზუსტად დარღვევა, როდესაც ჩემს გარეშე აკეთებს და ამას ვეღარ გააკეთებს. ამაზე დავა მოგვიწევს გარეთ და პირველ პუნქტზე, ვალის თანხაზე, ვიდავებთ საქართველოში.”

ირაკლი ოქრუაშვილი ასევე გამოეხმაურა ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომ დოკუმენტი, რომელზეც ირაკლი ოქრუაშვილი საუბრობს არ არსებობს და რომ არ არსებობს “ყოფილი ნაცი”.

“ამაზე გამახსენდა 90-იან წლებში ირაკლი წერეთელი რომ მიეჭრა გივი გუმბარიძეს, შე სუკის აგენტოვო”, “აგენტი მე კი არა შენ ხარ, მე გენერალი ვარო”. თითონ ვინ იყო, უკაცრავად. “გაიშნიკების” ტერმინოლოგიას თუ გავისხენებთ პუსტა-პუსტა იყო”, – ამბობს ოქრუაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, “ანუ ბობოლა ნაცი, თქვენი სახით, პუსტა-პუსტა ნაციონალს ასრულებინებდა თავის ინეტერსს”, ოქრუაშვილმა უპასუხა, რომ “დაახლოებით, ესეთი როლი ჰქონდა და მან მშვენივრად იცის”.

“მისი ხელმოწერის ავთენტურობა მე უკვე შევამოწმებინე პარიზის საუკეთესო ექსპერტებს. მე უკვე დადასტურება მაქვს და ამას წარმოვადგენ რამდენიმე დღეში, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ამ დოკუმენტზე არ არის მისი ხელმოწერა.”

“გუშინ შევატყვე, რომ გარკვეული ჟრიამული ჰქონდათ “რუსთავი 2″-ზე აქედან გამომდინარე, თითქოს ეს დოკუმენტი ანგრევს უკვე გამოტანილ გადაწყვეტილებებს. ჩემი აზრით, იურიდიულად ეს ასე არ არის. ამ დოკუმენტის მიხედვით დასტურდება, რომ ქიბარ ხალვაში ნომინალური პირია, მაგრამ მოსამართლის ადგილას რომ ვიყო, ვიმსჯელებდი ასე: სანამ ფაქტობრივი დადასტურება არ მექნებოდა ხალვაშსა და ორქუაშვილს შორის დავაზე, მანამდე ამ დოკუმენტს ვერ შევაცვლევინებდი ვერანაირ გარემოებას. ამ დოკუმენტის არსებობაზე უკვე ერთი წელია მიდის ლაპარაკი, ირიბად მეც ვადასტურებდი ამას, მაგრამ გითხარით, რომ ამის გამოჩენას არ ვაპირებდი. ერთი წლის განმავლობაში არავის კითხვა არ გასჩენია, მეორე მხარეს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, რომ რა დოკუმენტზე გველაპარაკები. რამდენიმე ადამიანმა ძალიან კარგად იცოდა ამ დოკუმენტის შესახებ, მათ შორის ქიბარ ხალვაშმა. სამი წელია ვცდილობ ქიბარ ხალვაშთან კომუნიკაციის აწყობას ამ თემაზე და არა მარტო ამ თემაზე, მაგრამ ის გაურბის კომუნიკაციას და საქართველოში მალულად შემოიპარება და მალულად გაიპარება.”

ირაკლი ოქრუაშვილის განმარტებით, მან გადაიხადა 1 200 ათასი დოლარი ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის 30-30%-იანი წილების შესაძენად, ასევე 150 ათასი დოლარი ნიკა ტაბატაძის 10%-ის შესაძენად, რასაც დაემატა 800 000 დოლარი, რა თანხადაც იყო შეფასებული მისი წილი “ჯორჯია ონლაინში”, რომელიც გადასცა ეროსი კიწმარიშვილს. თუმცა არ დაუკონკრეტებია, ეს თანხები საიდან მოიძია.

“ეს თანხები მე მოვიძიე, საიდან, როგორ, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ. რაც შეეხება ეროსი კიწმარიშვილისთვის გადახდილ თანხას, რომელიც გაცილებით მეტი იყო, დაახლოებით 6 მილიონ დოლარამდე, ეს ჩემი გადახდილი არ არის და იმ ადამიანის თანხმობის და ნებართვის გარეშე, ვინც გადაიხადა, ვერ ვისაუბრებ”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

“ჩემი ინტერესია, სასამართლო დავა ქიბარ ხალვაშსა და “რუსთავი 2″-ის დღევანდელ მესაკუთრეებს შორის დასრულდეს და ამის მერე დავიწყო იურიდიული პრეტენზიების გაცხადება. არანაირი სურვილი არ მაქვს ჩავერთო საქართველოში მიმდინარე დავაში. იმიტომ, რომ პერსპექტივა არ აქვს ამ დავას აქ. ვაპირებ გარეთ დავას, მაგრამ დავამდე შესაძლებელია შეთანხმებით დამთავრდეს, მაგრამ შესაძლებელია ვერ დამთავრდეს შეთანხმებით. ხვალ რა იქნება, ვერ გეტყვით.”

კითხვაზე, თუ რომელ მხარესთან ექნება მას მოლაპარაკება, იგი ამბობს, რომ “რუსთავი 2”-ის მოწინააღმდეგე მხარესთან ექნება მოლაპარაკება, თუმცა ასევე განმარტა, რომ “ქიბარ ხალვაში ყველგან ნომინალური პირია”.

რაც შეეხება ტელეკომპანია “მაესტროს”, ირაკლი ოქრუაშვილის განმარტებით, მას მაესტროში 12.5%-იანი წილი ეკუთვნის, თუმცა ელოდება გარკვეული მოვლენების განვითარებას და როდესაც ეს მოვლენები დადგება, დაიწყებს დავას.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა დავით დვალსა და ჯემალ ინაიშივილს დაუკავშირდა, თუმცა მათ გამოხმაურება ირაკლი ორქუაშვილის განცხადებებზე არ ისურვეს. ხოლო ქიბარ ხალვაში ნეტგაზეთის შეტყობინებას არ უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი