ახალი ამბები

გიორგი კვირკაშვილი: მთავრობას აწყობს ისეთი რუსთავი 2, როგორიც ახლაა

6 სექტემბერი, 2016 • 1166
გიორგი კვირკაშვილი: მთავრობას აწყობს ისეთი რუსთავი 2, როგორიც ახლაა

საქართველოში მედიაგარემოს, კონკრეტულად კი, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის შესახებ “საერთაშორისო ლიდერობის მაკკეინის ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორის კითხვაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ  ყოველწლიურად ქართული მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი იზრდება, ხოლო რუსთავი 2-ს, როგორც დამოუკიდებელ ტელევიზიას, მხარს უჭერს.

გიორგი კვირიკაშვილმა 6 სექტემბერს გამართულ კონფერენციაზე („ევროპა ცვლის გეოსტრატეგიულ ლანდშაფტს ვარშავის სამიტის შემდეგ“)  თავდაპირველად საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ ისაუბრა  და ეს მიღწევად შეაფასა. მისი თქმით, ახლა ნებისმიერ მსურველს 10 წუთში შეუძლია გაიაროს ავტორიზაციის პროცესი, დააკმაყოფილოს მაუწყებლობის მინიმალური სტანდარტები, რის შემდეგაც შეუძლია ტელევიზიის ფლობა და მართვა.

კვირიკაშვილი რუსთავი2-ის საქმესაც შეეხო: მან აღნიშნა, რომ ამ საქმეში არის ორი განზომილება: პირველი, რომელიც ეხება მფლობელის შესახებ დავას, რომელიც, მისი თქმით, სასამართლოს საქმეა და ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს, და მედიის თავისუფლების განზომილება, რომელშიც ასევე არ ერევა ხელისუფლება.

კრიტიკული მედიის მხარდაჭერის მაგალითად კვირიკაშვილი ასახელებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც, მისი თქმით, ხშირად რუსთავი 2-ზე მეტად კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მრავალი განცხადება გაუვრცელებია, სადაც მხარს უჭერს რუსთავი 2-ს, როგორც დამოუკიდებელ ტელევიზიას.  

კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში 40-ზე მეტი კრიტიკული ტელევიზიაა და მთავრობას “ამასთან პრობლემა არა აქვს”. მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, და სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში მედიის დამოუკიდებლობისა და თავისულფების მიმართულებით სიტუაცია უმჯობესდება:

“მერწმუნეთ, თუკი არსებობს ვინმე, ვისაც აწყობს, რუსთავი 2 ისეთი იყოს, როგორიც ახლა არის, სწორედ მთავრობაა. რუსთავი 2-ის ჟურნალისტები ჩვენს შეხვედრასაც ჩვეულებრივად ესწრებიან და არავინ ახორციელებს ზეწოლას ამ მაუწყებელზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი