ახალი ამბები

იარაღის უკანონო შენახვაში ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილს პატიმრობა შეეფარდა

6 სექტემბერი, 2016 • 1435
იარაღის უკანონო შენახვაში ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილს პატიმრობა შეეფარდა

დღეს, 6 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო კოლეგიის მოსამართლე რევაზ ნადარაიამ იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერების შენახვაში ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა ვასილ სამხარაძემ მიმართა. პროკურორის მტკიცებით, არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება.

დაცვის მხარემ კი მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით, საერთოდ არ გამოეყენებინა აღკვეთის ღონისძიება, ალტერნატიულ შემთხვევაში კი შეეფარდებინა გირაო 5 000 ლარის ოდენობით.

ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, ფეიქრიშვილის იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს. მისივე განცხადებით, ბრალდებულს არასოდეს ჰქონია იარაღი და არც ნარკოტიკი.

სასამართლო პროცესზე ისაუბრა ბრალდებულმა გიორგი ფეიქრიშვილმაც.

მისი თქმით, დაკავებისას პოლიციამ მისი სახლის კარი შეამტვრია, შეურაცხყოფა მიაყენა მის ცოლს, დედას და სიდედრს.

“კარადის თავზე ვიყავი და ჩამომიყვანეს,”-თქვა მან.

მოსამართლის კითხვაზე, თუ რამ უბიძგა კარადის თავზე ასვლისკენ, ფეიქრიშვილმა განაცხადა, რომ შიშმა, რადგან ეგონა, რომ მოკლავდნენ.

ფეიქრიშვილის თქმით, როგორც მან, ასევე მისმა ოჯახის წევრებმა დაინახეს, თუ როგორ დადეს სპეცრაზმელებმა კარადის თავზე დიდი შავი ჩანთა, რომელიც შემდეგ ჩამოიღეს და გახსნეს:

“მეუბნებოდნენ, რითი დადიხარო, დამცინოდნენ,”-თქვა მან.

ფეიქრიშვილის თქმითვე, მას უკავშირედებოდნენ და ქვეყნიდან წასვლას სთხოვდნენ. კონკრეტული გვარები მას არ დაუსახელებია:

“მეუბნებოდნენ, რომ სისტემას ეჯახებიო,”-განაცხადა მან.

მისივე თქმით,  მართლაც აპირებდა წასვლას გერმანიაში ბიძასთან და ჩაწერილი იყო გერმანიის საელჩოში, სადაც 9 სექტემბერს უნდა მისულიყო.

გარდა ამისა, სასამართლო პროცესზე ფეიქრიშვილმა განაცხადა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა არაჰუმანურ მოპყრობას, რის გამოც აპირებს, რომ საჩივარი დაწეროს.

დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და სპეცოპერაციების დროს დაკავებულ გიორგი ყანჩაველსაც წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი