ახალი ამბები

“ახალმა მემარჯვენეებმა” სოფლის პრობლემები შეაჯამეს

7 მაისი, 2012 • 1011
“ახალმა მემარჯვენეებმა” სოფლის პრობლემები შეაჯამეს

“საქართველოს სოფლების უმეტესობაში არ იგრძნობა, რომ ცივილიზებული სამყარო 21-ე საუკუნეში ცხოვრობს”, – აცხადებენ “ახალი მემარჯვენეები”

პარტიამ სოფლად არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი კამპანია “ახალი მემარჯვენეები ქართული სოფლისთვის” დაახლოებით ორი თვის წინ დაიყო.

პარტიის წევრებმა კამპანიის ფარგლებში  სხვადასხვა სოფელში 700–ზე მეტი შეხვედრა გამართეს და დღეს პირველი ეტაპის შედეგები წარმოადგინეს:
“საქართველოს სოფლებში მოსახლეობა მიწას ხშირ შემთხვევაში, ტრაქტორის უქონლობის გამო, ხარებით ხნავს. ჩვენს მოქალაქეებს სოფლად არ აქვთ გზა, გაზი, წყალი და სარეცხს ისევ მდინარეში რეცხავენ. იქ ცხოვრობს ახალგაზრდა თაობა, რომლისთვისაც არათუ ინტერნეტი, სოფლის კლუბი და კინოთეატრიც კი მიუწვდომელი ფუფუნებაა. სოფლის მცხოვრებთათვის ხელმიუწვდომელია ჯანდაცვა, მისი დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია და უამრავ პრობლემას აწყდება, როცა კუთვნილ ფინანსურ დახმარებას ან სამედიცინო დაზღვევის პოლისს ითხოვს. არანაკლებ პრობლემურია ის, რომ სოფელი დღეს არც რაიმე ქონებას ფლობს და არც მისთვის განკუთვნილ ფინანსებს განკარგავს”, – აცხადებენ “ახალი მემარჯვენეები”.

პარტიის ლიდერის, დავით გამყრელიძის განცხადებით, “უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში “ახალი მემარჯვენეების” მთავარი პრიორიტეტი ქართული სოფლის აღორძინება იქნება”

“ახალი მემარჯვენეების” განცხადებით, ყოველი კვირა თითო პრობლემაზე საუბარს დაეთმობა. მიმდინარე კვირაში ყურადღება ტრაქტორებისა და სხვა სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის ხელმიუწვდომლობასა და საწვავის სიძვირეზე გამახვილდება:

“ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოში სასოფლო–სამეურნეო სამუშაოები უპრობლემოდ მიმდინარეობს, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ რეალობა სხვაა”, – აცხადებენ პარტიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი