ახალი ამბები

ვლადიმერ ვაისი: ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ და მათ ვერ გავაკრიტიკებ

5 სექტემბერი, 2016 • 1459
ვლადიმერ ვაისი: ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ და მათ ვერ გავაკრიტიკებ

ავსტრიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან წაგებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი აცხადებს, რომ ქართველ ფეხბურთელებთან მკაცრად არ უსაუბრია გასახდელში, რადგან მათი თამაშით კმაყოფილია.

“თამაშის მერე, როგორც წესი, ემოციური ვარ, თუმცა დღეს ფეხბურთელებთან მკაცრად არ მილაპარაკია, რადგან კმაყოილი ვარ მათი თამაშით. ავსტრიასთან ორი გოლი გავუშვით მცველებისა და მეკარის პოზიციური შეცდომების შედეგად. მე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ თუ ყოველთვის ასე ვიმუშავებთ და ვითამაშებთ, შევძლებთ, შევქმნათ გარკვეული საფუძველი ქართულ ფეხბურთის. საქართველოს არ უთამაშია ცუდად და გვაქვს იმის საფუძველი, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი მომავალი თამაშებისთვის,” – აცხადებს ვაისი.

მისი თქმით, სათითაოდ ფეხბურთელების გაკრიტიკებას არ დაიწყებს, რადგან ამის საფუძველი არც აქვს. როგორც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი აცხადებს, გუნდს ამ ეტაპზე ძალიან ბევრი ფეხბურთელი აკლდა:

“არ დავიწყებ ინდივიდუალურად ფეხბურთელების კრიტიკას, მით უმეტეს, ამის საფუძველი არც მაქვს. მურთაზ დაუშვილმა ძალიან კარგად ითამაშა. კარგად ითამაშა გურამ კაშიამაც, მიუხედავად იმისა, რომ არ თამაშობდა მის საუკეთესო პოზიციაზე. აუცილებელი იყო ავსტრიელთა საუკეთესო ფეხბურთელების გაჩერება, რაც მათ მოახერხეს. ჯანო ანანიძის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, მან კარგად ითამაშა და შესანიშნავი გოლიც გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის უთამაშებელია, კარგად ჩაერთო თორნიკე ოქრიაშვილიც. საკმაოდ უხეში პოზიციური შეცდომები დავუშვით. ცენტრალურმა მცველებმა მთლად ისე ვერ ითამაშეს, როგორც დავალებული ჰქონდათ. მათ არ შეუძლიათ ბურთის ისე ამოტანა, როგორც ბარსელონას. ავსტრია საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობდა პირველ ბურთზე.”

ვლადიმერ ვაისი თვლის, რომ საქართველოს ნაკრები საკმაოდ კარგად თამაშობდა კომბინაციურ ფეხბურთს:

“ანანიძეზე, ჯიღაურზე… ოქრიაშვილს ჯერ 20 წუთზე მეტის თამაში არ შეუძლია. ის და სხვა შემტევი ფეხბურთელები რომ უფრო ადრე შემომეყვანა, გაცილებით დიდი ანგარიშით შეიძლებოდა წაგვეგო. ვთვლი, რომ ოქრიაშვილმა საკმაოდ კარგად შეასრულა დავალებები.

კითხვაზე, თუ როგორ აფასებს ვეტერანი ფეხბურთელების თამაშის ხარისხს და და რას ფიქრობს გიორგი ჭანტურიას კონფლიქტურ ხასიათზე, ვაისი პასუხობს:

“როდესაც გუნდი აგებს, გასაგებია კრიტიკა, თუმცა საქართველოს ნაკრებს ასეთ დონეზე დიდი ხანია არ უთამაშია. ვთვლი, რომ ალექსანდრე ამუსულაშვილს არ უთამაშია ცუდად. არ შეიძლება ასეთი გამოცდილი ფეხბურთელების გარეშე გავიდეთ მოედანზე. რომ მქონდეს 10-წლიანი კონტრაქტი და შესაძლებლობა, რომ მხოლოდ ახალგაზრდებს დავეყრდნო, გასაგებია, მაგრამ ახლა მე ეს არ შემიძლია. ამისულაშვილმა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა შეხვედრა. ჭანტურია ძალიან ემოციური მოთამაშეა, ეს მისი მენტალიტეტია და ამის შეცვლა მე ალბათ არ შემიძლია. ვეცდები, მისი ემოციურობა ფეხბურთის თამაშის მხრივ შევცვალო. მას დიდი ნიჭი აქვს – გამოვა მისგან რამე ან დარჩება ისეთი, როგორცი ახლა არის.”

ვლადიმერ ვაისის თქმით, ის აკვირდება დონეცკის “შახტარის” ახალგაზრდა ფეხბურთელს გიორგი არაბიძეს:

“მე ვაპირებ უახლოეს მოამავლში გიორგი არაბიძის მამასთან შეხვედრას. ვაკვირდები ამ ფეხბურთელს და ვთვლი, რომ ძალიან ნიჭიერია. იმედია, არაბიძე ეროვნული ნაკრების დახმარებას შეძლებს.”

დღეს, 5 სექტემბერს, 2018 წლის მსოფლიოს შესარჩევის D-ჯგუფში საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა პირველი მატჩი დინამო არენაზე ავსტრიასთან 1:2 დათმო.

მასალების გადაბეჭდვის წესი