ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, სოფელ ჯიხაშკარში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

5 სექტემბერი, 2016 • 2147
შსს-ს ცნობით, სოფელ ჯიხაშკარში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროs ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიხაშკარში მომხდარ ინცინდენტზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კაnდიდატი სანდრა რულოვსი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა, მოკვლევა დაიწყო.

სანდრა რულოვსმა ჯიხაშკარში მოსახლეობასთან შეხვედრა დღეს, 5 სექტემბერს გამართა. შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე პირსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს,  როგორ ჰკრავენ ხელს კამერას აღნიშნული პირები, მოგვიანებით კი ტერიტორიას ტოვებენ. გავრცელებულ ვიდეომასალაში არ ჩანს პოლიცია.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ აღნიშნული პირები “ქართულმა ოცნებამ” შეხვედრაზე პროვოკაციის მიზნით გამოგზავნა:

“ეს ადამიანები არიან “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, ისiნი იყვნენ კორცხელში ცნობილი მოვლენების დროს. ისინი არიან საჯარო მოხელეები ან ადამიანები, რომლებსაც ოჯახის წევრები ჰყავთ საჯარო მოხელეები. მაგალითად, თენგო აბულაძე, რომლის ცოლიც, ნინო ბოხუაც ზუგდიდის რაიონის გამგეობაში მუშაობს, და ბერდია კუკავა, რომელიც არის რაიონის საკრებულოს თანამშრომელი”,- ამბობს წითლიძე “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

სანდრა რულოვსის თქმით კი, აღნიშნული პირები ტყუილად მივიდნენ ადგილზე და შეხვედრას ხელი ვერ შეუშალეს:

“ჩვენ არანაირად არ შეგვიშალა [ხელი] და ტყუილად იყვნენ მოსულები, ვესაუბრე ხალხს, ისინი ჩვენგან კონკრეტულ პროექტებს ელოდებიან. რა შეიცვლება და როგორ. ამბობენ, რომ ყველა ერთსა და იმავეს ამბობს, ეს ნამდვვილად ასე არ არის. ჩვენი დაპირებები, ციფრები და დამატებითი თანხები ნამდვილად არ არის ციდან ჩამოვრდნილი”,- ამბობს რულოვსი.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა გაგვერკვია, დაიწყო თუ არა გამოძიება ჯიხაშკარში მომხდარის შესახებ და რატომ არ იყო პოლიცია ადგილზე, თუმცა უწყებაში მხოლოდ ის განგვიცხადეს, რომ მოკვლევა დაწყებულია და მოგვიანებით გადაწყდება, დაიწყება თუ არა გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი