ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა

5 სექტემბერი, 2016 • 2354
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა

2018 წლის მსოფლიოს შესარჩევის D-ჯგუფში საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა პირველი მატჩი “დინამო არენაზე” ავსტრიასთან 1:2 დათმო.

ავსტრიის ნაკრების მეოთხე ნომერმა, მარტინ ჰინტერიგერმა მე-15 წუთზე გახსნა ანგარიში. ამის შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს ორჯერ შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, თუმცა საგოლე მომენტები ვერ გამოიყენეს.

პირველი ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე, ავსტრიელები კიდევ უფრო დაწინაურდნენ – საქართველოს ნაკრების კარში მეორე გოლი მარკ იანკომ გაიტანა.

მატჩის მეორე ნახევარში ქართველ ფეხბურთელებს ანგარიშის შემცირების შანსი კიდევ ერთხელ მიეცათ, თუმცა ავსტრიის ნაკრები ძელმა გადაარჩინა. რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ სტუმრებსაც, თუმცა ჯერ გიორგი ლორიამ იხსნა მესამე გოლისგან გუნდი, ხოლო შემდეგ მეკარესთან მარტო დარჩენილმა ავსტრიელთა ფეხბურთელმა ააცდინა ბურთი საქართველოს ნაკრების კარს.

მეორე ტაიმში, 77-ე წუთზე, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთი გოლის გატანა მოახერხა; ჯანო ანანიძემ საჯარიმოს გარედან ეფექტური დარტყმით შეამცირა ანგარიში. საქართველოს ნაკრები მატჩის ბოლოს კიდევ უფრო დიდი ძალებით გადავიდა შეტევაში; ვლადიმერ ვაისმა მოედანზე სამი შემტევი ფეხბურთლი: დავით სხირტლაძე, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ჭანტურია შემოიყვანა, თუმცა მასპინძლებმა მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს.

შესაბამისად, ავსტრიამ თბილისიდან 3 ქულა წაიღო, ხოლო საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით 0 ქულა აქვს გრაფაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი