ახალი ამბებისაზოგადოება

პანდა გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიიდან ამოიღეს

5 სექტემბერი, 2016 • 11981
პანდა გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიიდან ამოიღეს

გიგანტური პანდები ბუნების შენარჩუნების საერთაშორისო გაერთიანებამ (IUCN) წითელ სიაში შეყვანილი გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიიდან ამოიღო. ამის მიზეზი მათი პოპულაციის ზრდაა, რასაც ჩინეთის მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს. დღეისთვის არსებული ცნობებით, სულ 2 060 გიგანტური პანდა ფიქსირდება, რომელთაგან 1 864 ზრდასრულია.

როგორ მოახერხა ჩინეთის მთავრობამ გადაშენების პირას მყოფი ცხოველების შენარჩუნება და მათი პოპულაციის ზრდა – ამაზე  BBC წერს.

გიგანტური პანდა ჩინეთის ეროვნული სიმბოლოა. ის ერთ დროს სამხრეთ და აღმოსავლეთ ჩინეთში იყო გავრცელებული. თუმცა ქვეყანაში მოსახლეობის მატებამ და ურბანიზაციის მაღალმა მაჩვენებელმა ბამბუკის ტყეების შემცირებას შეუწყო ხელი, რამაც გადაშენების საფრთხის წინაშე დააყენა.

ჩინეთის მთავრობა უკვე რამდენიმე წელია ცდილობს პანდების პოპულაციის ზრდას ბამბუკის ტყეების გავრცელებით შეუწყოს ხელი, რადგან გიგანტური პანდები  ამ მცენარეზე არიან დამოკიდებული. მცენარე მათი რაციონის 99 პროცენტს შეადგენს და ბამბუკის გარეშე შიმშილით დაიცოხებიან. ყოველდღიურად ზრდასრული პანდა საშუალოდ 12-დან 28 კილომდე ბამბუკს მიირთმევს, რომელიც იმ ენერგიის გამომუშავებაში ეხმარება, რაც სიცოცხლისთვის სჭირდებათ.

პანდები გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიიდან ამოიღეს EPA/JEON HEON-KYUN

პანდები გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიიდან ამოიღეს EPA/JEON HEON-KYUN

“ყველაფერი დამოკიდებულია მათი საცხოვრებელი არეალის შენარჩუნებაზე. თუ ბამბუკის ტყეები შენარჩუნდება და გავრცელდება, პანდებს საკვები და სივრცე ექნებათ, რაც პირდაპირაა დაკავშირებული მათ გამრავლებაზე” – ამბობს BBC-სთან კრეიგ ჰილტონ ტეილორი,  რომელიც IUCN-ს ხელმძღვანელობს.

მისი თქმით, გიგანტური პანდების რაოდენობის შემცირებაც სწორეთ მათი საცხოვრისის განადგურებამ გამოიწვია.

მიუხედავად იმედის მომცემი სტატისტიკისა,  ექსპერტების აზრით, პრობლემა კვლავ მწვავედ დგას. გარდა გარეშე ჩარევისა, ბამბუკის ტყეებს საფრთხეს გლობალური დათბობაც უქმნის. კლიმატის ცვლილება და ტემპერატურის მატება ბამბუკის ზრდას ხელს უშლის. გიგანტური პანდები კი მჭიდროდ არიან დამოკიდებულნი ამ მცენარეზე. როგორც ველური ბუნების მსოფლიო ფონდში (WWF) ვარაუდობენ, ტემპერატურის ცვლილების შედეგად პანდების სამყოფელის ერთი მესამედი  80 წლის შემდეგ აღარ იარსებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი