ახალი ამბები

ივანიშვილი რესპუბლიკელებზე: დაბალი რეიტინგი აქვთ და სწორად აფასებს საზოგადოება

5 სექტემბერი, 2016 • 1409
ივანიშვილი რესპუბლიკელებზე: დაბალი რეიტინგი აქვთ და სწორად აფასებს საზოგადოება

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, “რესპუბლიკური პარტიის” დაბალი რეიტინგი საზოგადოების მიერ ამ პარტიის ადკვატურად შეფასების შედეგია.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ “რესპუბლიკური პარტიის” დადებითი მხარეები ისაა, რომ თანმიმდევრული არიან, პროცედურული დემოკრატია უყვართ და ძველი პარტიაა, თუმცა უარყოფით მხარეებზე საუბრისას განაცხადა, რომ მათ არ აქვთ რესურსი, საერთო სახალხო საქმეზე იფიქრონ და სახელმწიფოებრივად იაზროვნონ:

“რესპუბლიკური პარტია ერთადერთია პარტიათაგან [რომლის შეფასებაშიც] საზოგადოება ჩემს დახმარებას არ საჭიროებს,  მე მგონი, მშვენივრად აფასებენ უჩემოდაც. “რესპუბლიკური პარტიის” პლუსი არის ის, რომ ძველი პარტიაა, თანმიმდევრულობით გამოირჩევა, იცავენ ელემენტარულ წესებს,  რაც აუცილებელია პოლიტიკური პარტიის არსებობისთვის, ძალიან უყვარს პროცედურული დემოკრატია.

პარტიას ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს, გამოკითხვებით 1%-იც არ იკითხება. მე ვფიქრობ, ამას აქვს მიზეზი და საოცრად სწორად აფასებს საზოგადოება, “რესპუბლიკური პარტიისთვის” სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება “რესპუბლიკური პარტია” და სრულდება იქ, სადაც მთავრდება “რესპუბლიკური პარტია”. დანარჩენ სახელმწიფოზე, თუ განვაზოგადებთ, ასეთი წარმოდგენა აქვთ – რაც რესპუბლიკურ პარტიაში არ შედის, მიღმა რჩება, რომ ილია ჭავჭავაძე არცთუ ისე კარგი კაცია და ვიღაც დამპყრობელი არცთუ ისე ცუდი კაცია. აი, ასეთი გამონათქვამები ხშირად გვესმის მათგან. განათლებულობით დამძიმებული თავებით, ხშირად ასეთ შეფასებებს აკეთებენ და საზოგადოება ამას ადეკვატურად პასუხობს.

საერთო ჯამში, მათ არ აქვთ რესურსი იმისა, რომ საერთო სახალხო საქმეზე და სახელმწიფოზე იფიქრონ, ახერხებენ ისევ ერთი ჯგუფის იდეალებში ხოტბა არ შეასხან საკუთარ პარტიას. ხალხთან და სახელმწიფოზე ზრუნვას, და რომ გვარწმუნებენ ისინი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნეები არიან, მაგალითებით ეს ვერ მტკიცდება”,- განაცხადა ივანიშვილმა გურიაში გამართული გადაცემის ფარგლებში “შეხვედრები ადგილობრივ მედიასთან”.

“რესპუბლიკური პარტია” 2012 წელს კოალაცია “ქართულ ოცნებასთან” ერთად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში. არჩევნების შემდეგ, 2012 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ “რესპუბლიკელი” დავით უსუფაშვილი აირჩიეს. 2015 წელს თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, როგორც თავად ხიდაშელი ამბობს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, როცა ის უკვე ყოფილი პრემიერ მინისტრი იყო. ხიდაშელის გარდა, მთავრობაში კიდევ ორი რესპუბლიკელი მინისტრი იყო, გიგლა აგულაშვილი და პაატა ზაქარეიშვილი, რომლებიც გარემოს დაცვის სამინისტროს და შერიგების სახელმწიფო სამინისტროს აპარატს ხელმძღვანელობდნენ. 2016 წლის ზაფხულში “რესპუბლიკელებმა” კოალიცია დატოვეს და ისინი 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებლად იყრიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი